პარტიებს მადა გაეხსნათ - ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად 3%-ის შეგროვებაც არ უნდათ

პარტიებს მადა გაეხსნათ - ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად 3%-ის შეგროვებაც არ უნდათ

საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან ერთად დეპუტატები პარტიების დაფინანსების ახალ სქემასაც გვთავაზობენ, რომლის მიხედვით ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი შესაძლოა, ისეთი პარტიაც გახდეს, რომელიც არჩევნებში ამ მიმართულებით დადგენილ 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ რომლის წარმომადგენელიც პარლამენტში მოხვდება და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს. 

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ („მრეწველები“) და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს. 

გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებს ცხოვრება ისედაც გაუიოლდათ, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი დაფინანსების მიღების სურვილი ახალი საკანონმდებლო ცვლილებისკენ უბიძგებთ. 

არსებული წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღეს და დაფინანსებას ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე.

ყოველწლიური დაფინანსების ფორმულის თანახმად, საბაზო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600 000 ლარს იღებს ყოველწლიურად.

თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. 
პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ასევე იღებენ დამატებით თანხას (მაქსიმუმ 600 000 ლარი) წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დასაფარად.

პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად და იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული, მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს. ანუ, დღეს პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების მინიჭება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.

ახალი ინიციატივის მიხედვით კი, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროპორციული სისტემით პარტიის მიერ მიღებული მინიმალური შედეგი (3%), რომელიც შესაძლებელია არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, საკმარისია პარტიის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მისაღებად და დაფინანსების მოსაპოვებლად. მაშინ, როდესაც პარტიას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით, ითვლება, რომ ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი, თუ იგი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარადგენს პარტიული სიის წარდგენისაგან დამოუკიდებლად, მაჟორიტარ კანდიდატებს და ეს კანდიდატები არჩეული იქნებიან პარლამენტის წევრებად. 

შესაძლოა, პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო ფრაქციაც კი.

როგორც სიმონ ნოზაძე და გია ჟორჟოლიანი მიიჩნევენ, ასეთ შემთხვევაში, კანონი, ისევე, როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის არჩევის ორივე სისტემას და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს განსხვავებულად არ ადგენს, ისე დაფინანსების საკითხში უნდა დაიცვას პარიტეტი. 

„ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი - ერთ შემთხვევაში, თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე ნაკლები შედეგი - ხმების 3% და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი - მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით, აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ მიდგომას დაფინანსების კუთხით“, - ნათვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

როგორც ცნობილია, სიმონ ნოზაძე პარლამენტში „მრეწველების“ სახელით მოხვდა, თუმცა „მრეწველეთა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლეთა ხმების 0.78% აიღო. 

რაც შეეხება გია ჟორჟოლიანის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, მას როგორც საარჩევნო სუბიექტს, არჩევნებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა და პარტიის სამი წარმომადგენლიდან ერთი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ხოლო ორი - მაჟორიტარული ოლქებიდან, „ქართული ოცნების“ წარდგინებით მოხვდნენ. 

დღეს ორივე ეს პოლიტიკური სუბიექტი უმრავლესობის შემადგენლობაშია და „ქართული ოცნების“ დახმარებით საკუთარი პარტიების სახელობის ფრაქციები აქვთ შექმნილი. 

როგორც ჩანს, დეპუტატებს სურვილი აქვთ, დაფინანსება მათმა პარტიებმაც მიიღონ - რატომ? - დეტალურ დასაბუთებას, როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში შემოგვთავაზებენ, თუკი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას გადაწყვეტს.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, არჩევნები 2024 წლიდან მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება, როგორც ჩანს, წვრილი პარტიები მანამდე გამონაკლისს ითხოვენ. 

გამოდის, ქართველი პოლიტიკოსებისთვის პარტიებისთვის პლურალისტური გარემოს შექმნა, რაც ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მთავარი მოტივაციაა, ყველა პარტიის დაფინანსებას გულისხმობს, ვინც კი შეძლებს რაღაცა გზით საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში მოახვედროს.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსებას, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი აქვთ, გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიუჯეტიდან 11-ის ნაცვლად 20 პარტია იკვებება, თუმცა ამან ვერაფრით შეუწყო ხელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მათ უფრო ღირსეულად წარმოდგენას. 

გასული, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტები გახდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები - „ტრადიციონალისტები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“; „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი „ევროპული საქართველო“; პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.

საქართველოში 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, როგორც ჩანს, ძირითადად, ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების იმედად შექმნილი, რადგან მათი მოღვაწეობა, მით უფრო მათ მიერ მოტანილი სარგებელი ფართო ფენებისთვის უცნობია. საზოგადოება თითზე ჩამოსათვლელი პარტიების სახელს ისხსენებს, ნდობით კი, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად ენდობა მათ.