„ისეთი თვითლუსტრაცია მოახდინა ქუცნაშვილმა,  სავსებით საკმარისია დაატოვებინონ „ქართული ოცნების“ რიგები“

„ისეთი თვითლუსტრაცია მოახდინა ქუცნაშვილმა, სავსებით საკმარისია დაატოვებინონ „ქართული ოცნების“ რიგები“

„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ქიტესაშვილი ამტკიცებს, რომ თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ 6 ბიულეტენის დაკარგვასთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის. თუმცა ქიტესაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.

„არ მინდა დარჩეს პასუხგაუცემელი არც ერთი შეკითხვა. კომისია რომ დაითვლის ხმებს და დადგება საკითხი ამ 6 დაკარგული თუ მოპარული ბიულეტენის შესახებ, ვერავინ ვერ დაადასტურებს, ეს ხმები ეკუთვნოდა ლელა ქიტესაშვილს თუ თამაზ მეჭიაურს. ბუნებრივია, მე მაქვს განცდა, რომ ეს ბიულეტენები იყო ჩემს სასარგებლოდ და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ამიტომაც ვითხოვ ამ 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

თავის მხრივ, თიანეთის თემის მერი თამაზ მეჭიური ამბობს, რომ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის ახლად არჩეული საკარებულოს წევრების ნაწილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზოგსაც აშანტაჟებს, რომ ახალმა საკრებულომ მეჭიაურს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.

„მათ შეკრეს ყველა უმსგავსობის ბუკეტი, დაწყებული სპეცრაზმიდან, დამთავრებული საოლქო კომისიებში გაყალბებით. ბიულეტენების დაკარგვის საკითხი არის აბსურდი. თვითონაც იციან, რომ ამას აღარავინ აღარ განიხილავს, მაგრამ თიანეთიდან ერთი პოლიტიკოსი ზაქარია ქუცნაშვილი იყო, რომელიც ტივტივებდა და ახლა ლელა ქიტესაშვილის სახით მეორე პოლიტიკოსი უნდათ შექმნან.

ქუცნაშვილმა ჩაყვინთა იმ ჭაობში, რომელშიც ამდენი ხანი იჯდა. თუ უნდათ ხელახალი არჩევნები, ქუცნაშვილმა დატოვოს მაჟორიტარის მანდატი, რომელიც მართლაც თაღლითობით აქვს მოპოვებული და მე კაცურ სიტყვას ვიძლევი, რომ წამოვალ შემხვედრ ნაბიჯზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თიანეთში ჩატარდეს ახლიდან“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

როგორ დასრულდება თიანეთში გავლენის მოსაპოვებლად ნათესავებს შორის დაწყებული დაპირისპირება უცნობია. თუმცა, უმრავლესობაში უკვე საუბრობენ ქუცნაშვილის განცხადებების მიუღებლობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვის ნიშნებს, რომელსაც შეუძლია შედეგზე იქონიოს გავლენა.

„სასამართლო სწორედ იმიტომ ჩატარდა, რომ გარკვეულ ნაწილში იყო კითხვის ნიშნები. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. თუმცა, ვნახეთ, რომ იქ პრობლემები არ ამოწურულა. კიდევ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი საკითხი. ვფიქრობ, სამართლოანობა მყარად უნდა იქნას დაფიქსირებული. კარგი იქნებოდა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე და ეს კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება მეჭიაური-ქუცნაშვილის დაპირისპირებას, დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ ტიპის ოპონირების გაგრძელება სასურველი არ არის. შესაბამისად, საკითხი უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში და არა იმგვარ დებატებში, რომელიც საზოგადოებისთვის არცთუ სასიამოვნო მოსასმენია.

„ნამდვილად არ იყო კარგად მოსასმენი ის განცხადებები, რაც რაც მოვისმინეთ, მაგრამ როგორც დავინახე, ამ დაპირისპირებას შორეული წარსული აქვს. ეს არ დაწყებულა გუშინ. ბრალდებები იმდენად მწვავე იყო, რომ არა მგონია მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ემთხვეოდეს.

რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელზეც ზაქარია ქუცნაშვილი საუბრობს, მე არც ამ რეკომენდაციის მიწოდებას ვესწრებოდი და არც სიის შედგენას, მაგრამ სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ის განცხადებები, რაც პარლამენტის წევრისგან მოვისმინეთ. თუმვა, არც ზედმეტად მკაცრები არ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, როდესაც არ ვიცით როდის დაიწყო და რატომ მივიდა ამ დონემდე ასეთი დაპირისპირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილთან ისაუბროს მის განცხადებებზე და ასევე თიანეთში არჩევნების დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქუცნაშვილის განცხადებას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში მისი პირადი რეკომენდაციით შეირჩა თამაზ მეჭიაური თანამდებობაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2012 წელს მმართველი გუნდის სიის დაკომპლექტებაში ჩართული არ იყო და შესაბამისად, ამაზე საუბარი უჭირს.

„გარკვეული განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. შესაბამის პროცესებში, სამწუხაროდ, მე 2012 წელს არ ვიყავი ჩართული. ამიტომ კომენტარების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა შემიძლია, თავი დავდო იმაზე, რაც ხდებოდა 2016 წელს სიის ფორმირებისას, „ქართულმა ოცნებამ“ სია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოაყალიბა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ნეპოტიზმში და პოლიტიკის კორუფციული გზით კეთებაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, როდესაც თქვა, რომ თამაზ მეჭიაურს პარტიაში მან გაუწია რეკომენდაცია, ხოლო პარლამენტში შანტაჟის გზით მოხვდა. დეპუტატის სკანდალური განცხადებების შემდეგ, მისი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის აუცილებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი.

„ყოველგვარ ზღვარს სცილედება ეს პოლიტიკურ გარჩევები. ქუცნაშვილის კომენტარები იყო ამაზრზენი, შემაძრწუნებელი. გამოვიდა, რომ მეჭიაური ყოფილა ყოვლად უვარგისი, ლოთი, კორუმპირებული, პოლიტიკურად არამგდრადი და მისი პატრონაჟით მიუღწევია იმისთვის, რასაც მიღწია მისი ლობირებით.

ასეც რომ ყოფილიყო, ამაზე მაღლა საუბარი არც ნათესაობაში ჯდება, არც პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში, არც ადამიანობაში, არც ქრისტიანობაში და არაფერში. ისეთი თვითლუსტრაცია მოახდინა ქუცნაშვილმა, რომ სავსებით საკმარისია დაატოვებინონ „ქართული ოცნების“ რიგები. არ შეიძლება ეს ადამიანი ლაპარაკობდეს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სახელით. მას არავითი საერთო არ უნდა ჰქოდეს ამ პოლიტიკურ პარტიასთან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატის განცხადებებიდან 1% სიმართლეს შეესაბამება, ადასტურებს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში უკვე უმძიმესი მდგომარეობა არის.

„პოლიტიკის კეთების ის წესები, რომელიც ქუცნაშვილმა აგვიხსნა, ნიშნავს, რომ საღორეა, სანაგვეა და არაფერზე ლაპარაკი არ შეიძლება. რა პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ელემენტარლურ წესიერებაზე ფიქრიც არ შეიძლება. ყველაფერი გვინახია ამ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის რაც ვნახეთ, ეს იყო უმძიმესი. უკადრებელი იკადრეს, უშვერი სიტყვებით ლანძღეს ერთმანეთი და ამ დროს უახლოესი ნათესავები არიან.

საერთოდ, ქუცნაშვილმა გალანძღა ბიძინა ივანიშვილით დაწყებული მთელი „ოცნება“ - ფაქტიურად, კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულა. რატომაც შეიქმნა „ქართული ოცნება“ და რასაც ვებრძოდით, პირდაპირ იმაში დასდო ბრალი. ახსნა, რომ აქ პოლიტიკა პირადი ურთიერთობებით კეთდება. საოცრება თქვა. ელემენტარულია, ამ ადამიანს პოლიტიკური საკითების გადაწყვეტა როგორ უნდა ვანდოთ? რანაირად შეიძლება ქუცნაშვილს ვინმე ენდოს, როცა საკუთარი ოჯახიც არ უნდა ენდოს.

მისმა განცხადებებმა ისევ ნაციონალური რეჟიმი გამახსენდა, ის ნაშინელი რეჟიმი, რომელის პოლიტიკას კორუფციაზე და ნეპოტიზმზე აგებდა. მსგავსი ნაგავი „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა იყოს. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დროზე იფიქრებს საკუთარი რიგებიდან ნაგვის გატანაზე, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი. როგორ გააკეთებს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ქუცნაშვილს კატეგორიულად უნდა აუკრძალონ „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.