არჩევნების დასრულებისთანავე ეროვნულმა ვალუტამ მყისიერი ნახტომი გააკეთა გაუფასურებისკენ, თუმცა რეალური განმარტება, რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია, შესაბამისი, პასუხისმგებელი სტრუქტურების მხრიდან არ მოგვისმენია - „იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება“, - განაცხადა გასულ კვირაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც მან აღნიშნა, სებ-ის მთავარი ფუნქცია დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებაა.
„არავისთვის არის ახალი, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსი იმოძრავებს ორივე მიმართულებით - ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკი არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით. დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც მართალი არ არის, ზაფხულის შემდეგ სებ-ს ინტერვენცია არ განუხორციელებია და ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა - წელს 130 მილიონი დოლარი შევისყიდეთ ბაზრისგან“, - განმარტა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის აღნიშნული განმარტება საკმარისი არ აღმოჩნდა არც ოპოზიციისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი ნაწილისთვის.
ოპოზიცია უკვე მუქ ფერებში ხატავს ახლო მომავალს და ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მატების პროგნოზსაც აკეთებს, რაც კიდევ უფრო აუარესებს მოლოდინებს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ლარის კურსის ვარდნა, ტარიფების ზრდას გამოიწვევს. პასუხისმგებლობას კი ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებაზე მთავრობას აკისრებენ.
„ამაზე მიბმულია ტარფების ზრდა, ფასები და ეს ყველაფერი ამძიმებს ჩვენი მოქალაქეების კიდევ უფრო დამძიმებულ ყოველდღიურობას. მიზეზი არის დღევანდელი მთავრობა“, - მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.
განმარტებები ეროვნული ბანკისგან მმართველი გუნდის წევრებმაც მოითხოვეს, თუმცა, როგორც ვნახეთ, ეროვნული ბანკის პასუხია, რომ ამ შემთხვევაში ის „თამაშგარე მდგომარეობაშია“.
როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის აღნიშნულმა განცხადებამ დიდ გაურკვევლობაში ჩააგდო მმართველი გუნდიც.
„ეკონომიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური, პოლიტიკური ფაქტორები გვაქვს პოზიტიური და მოულოდნელი არაფერი მომხდარა. არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვა. შესაბამისად, რას უკავშირდება არჩევნებამდე რამდენიმე დღეში კურსის ნახტომისებური ზრდა, ეროვნული ბანკის კომპეტენცია და ვალდებულებაა, რომ ჩაერიონ და განცხადება გააკეთონ“, - იკითხა უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ, თუმცა უფრო მკაფიო პასუხი ვერც მან მიიღო.
როგორც ჩანს, ის განმარტებები, რაც სებ-ისგან გაკეთდა, მმართველი პარტიისთვისაც არ აღმოჩნდა ამომწურავი. ლარის გაუფასურების ტენდენციაზე დეპუტატებმა გასულ კვირაში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეც იმსჯელეს და ეროვნული ბანკისგან დამატებითი განმარტება ითხოვეს.
მთლიანობაში კი, ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებაში, ტრადიციულად, საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, დროებით, სეზონურ მოვლენად მიიჩნევს, ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ აჟიოტაჟსა და მოლოდინებს აბრალებს. მისი მტკიცებით, ანალოგიური ვითარება იყო 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, როდესაც გაუფასურების მაჩვენებელმა 0.0743 ლარი შეადგინა.
რაკი კონკრეტული პასუხი არ ისმის, პარლამენტარები მთელი კვირაა, საკუთარ ვარაუდებს გვთავაზობენ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ვარაუდით, აშშ დოლართან მიმართებით, ლარის კურსის გაუფასურება განპირობებულია მოლოდინებით, რომელიც ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებას უკავშირდება, მათ შორის არჩევნებს.
მართალია, არჩევნებს არანაირი პოლიტიკური ცვლილებები არ მოჰყოლია - ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები და ოპოზიციური ველიც თითქმის უცვლელი დარჩა, მაგრამ როგორც ჩანს, პოლიტიკური სტაბილურობის სურათიც არ მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე.
როგორც ზოიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, არის თუ არა სპეკულაცია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, ეს საკითხი მთავრობისა და ეროვნული ბანკის შესაფასებელია.
„სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების შემდეგ, საქმე ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს“, - აღნიშნა ზოიძემ.
მოკლედ, რაკი ზუსტი პასუხი არასდროს არ არსებობს, რატომ უფასურდება ლარი, ეკონომისტები, ფინანსისტები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ. ზოგი ახალი წლის მოახლოებით ხსნის მომხდარს, ზოგი - არჩევნებით და ზოგიც ბანკებს შორის გარიგებით. საზოგადოებას ისღა დარჩენია, არავისი არ ირწმუნოს, ხელი ჩაიქნიოს და მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულოს.
ეროვნულმა ბანკმა იმის თაობაზეც გააკეთა განცხადება, რომ ბანკებისთვის რეფინანსირების 7%-იანი განაკვეთიც არ შეუცვლია, მაგრამ ეკონომისტ ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ მიმდინარე წელს ყველა შემთხვევაში გაზრდის, რადგან ინფლაციურ პროცესებს სხვაგვარად ვერ მოთოკავს.
ექსპერტი გაზაფხულისთვის ინფლაციური პროცესების ესკალაციასაც წინასწარმეტყველებს და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასის საგრძნობლად გაზრდასაც პროგნოზირებს. ამასთან, შენგელია პროცესების შესაჩერებლად მართვაში სებ-ის ჩართვის და საკანონმდებლო მხარდაჭერის საჭიროებას ხედავს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ზედამხედველი ორი ბანკის მომსახურების სააგენტოს ფუნქციიდან უნდა გამოვიდეს და ლარის სტაბილურობაზე იზრუნოს, სებ-ს იმ 283 მლნ დოლარსაც ახსენებს, რომელიც მისთვის სავალუტო ფონდს აქვს გამოყოფილი.
თავის მხრივ, სებ-ის ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ 40-40 მლნ-იან ტრანშებად გაწერილი დაფინანსება რეზერვების შესავსებადაა განკუთვნილი.
ექსპერტები კურსის რყევას ძირითადად, სავალუტიო ბაზარზე ორი მსხვილი ბანკის უკონტროლო ვაჭრობებს უკავშირებენ. თვლიან, რომ რაკი მოსახლეობაში ფული არ ტრიალებს, ასეთი ბანკთაშორისი ვაჭრობების მიმართ ქვეყნის ეკონომიკა სენსიტიურად რეაგირებს.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურებისთვის ობიექტური ფაქტორები არ არსებობდა.
„ის, რაც ლარის კურსს საკმაოდ მოკლე პერიოდში დაემართა, ობიექტური მიზეზებით განპირობებული სულაც არ ყოფილა. არც დოლარი გამყარებულა და არც მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილა უარესობისკენ. როცა წინაპირობა არ არის და კურსი მაინც მკვეთრად იცვლება, ეს უკვე სუბიექტური ფაქტორების ბრალია. როდესაც მიმოქცევაში ფულის მასა იზრდება, ეს აუცილებლად იწვევს კურსის ცვლილებას, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ მოხდა და ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს“, - მიიჩნევს თოქმაჯიშვილი.
ექსპერტების ვარაუდით, ბანკების დეპოზიტებზე დიდი რაოდენობით თანხა დაილექა და სავარაუდოდ, ეს ფული კომერციულმა ბანკებმა დოლარში გადაიყვანეს. ექსპერტების აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ მისცა კომერციულ ბანკებს - გავრცელებული ინფორმაციით, ასეულობით მილიონი იყო დაგროვილი და ვალუტის კურსზე უარყოფითი გავლენა ამან იქონია.
ეკონომისტები თვლიან, რომ კურსის ცვლილება ხშირ შემთხვევაში სასარგებლოც კია, რადგან ეს აბალანსებს და აწონასწორებს ეკონომიკას, მაგრამ ამ დონის ცვლილება, რაც დღეს გვაქვს, სასარგებლო ვერ იქნება. ისინი მიიჩნევენ, რომ კურსის ცვალებადობა თავისუფალი ეკონომიკის კანონებს უნდა დაემორჩილოს, ხოლო ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება საბანკო სისტემას, რომელიც ტრანზაქციებს ყოველდღიურად აწარმოებს.
არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკვე ტენდენციად იქცა, გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლარმა გაუფასურების 10-წლიანი რეკორდი მოხსნა - მაშინ ლარის გაუფასურება ხელისუფლებამ საგარეო ფაქტორებით ახსნა, თუმცა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სარწმუნო მიზეზებსაც კი არ ასახელებს.
როგორც ფინანსისტები განმარტავენ, ამჯერად, რეგიონულ ფაქტორებთან ლარს საერთო არაფერი აქვს, ჩვენთან თუკი კურსი უფასურდება, მეზობელ თურქეთში - ლირა მყარდება. მათი შეფასებით, ინვესტიციები ისედაც არ შემოდის, ხოლო მდგომარეობას ართულებს ეროვნული ბანკის პოზიცია - იგი არ იყენებს იმ ბერკეტებს, რისი ვალდებულებაც მას გააჩნია.
ექსპერტების შფასებით, საქმე გვაქვს გაუგებარ თამაშთან, რაც მძიმედ დააწვება მოსახლეობას განსაკუთრებით წლის ბოლოს.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ლარმა დიდი ხანია გადალახა 2,5-ის ფსიქოლოგიური ნიშნული და 2017 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუფასურდება.
„რაც უფრო ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს იმპორტი იზრდება, გადმორიცხვები იზრდება და ლარის კურსი ეცემა. მთელი შემოდგომა ეს არის კრიტიკული პერიოდი, ლარის კურსის დაცემის პიკი, ჩემი აზრით, დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა“,- მიიჩნევს მაკალათია.
როგორც ფინანსისტები განმარტავენ, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს 2.5 ნიშნულზე აქვს განსაზღვრული. სწორედ ამ კურსით გეგმავს, საქართველოს მთავრობა როგორც საშინაო, ისე საგარეო ვალის მომსახურებას, რომლის ზღვრულმა ოდენობამ 2018 წლის ბოლოსთვის, 18 მილიარდ 123 მილიონ 000 000 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.