„მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს“

„მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს“

კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში ატესტაციის ჩატარებას და იმ სამსახურების რეორგანიზაციას გეგმავს, რომელთა უფლებამოსილებაც ერთმანეთში იკვეთება. იგი აანონსებს, რომ მერიაში ბევრი ახალი ადამიანი მივა, თუმცა ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ნაცადი მეთოდი აღარ იქნება. 

„მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს“, -ასეთია კახა კალაძის ხედვა, რომელიც ირწმუნება, რომ მისი მერობის დროს არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა სპორტული მოედნების, პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე. მოქალაქეებს მუნიციპალური სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ. გარდა ამისა, გადაწყდება, კონკრეტული უბნისთვის რა იქნება პრიორიტეტული, ყველა თაობის ადამიანს შეეძლება, წარუდგინოს ქალაქის მერს თავისი აპლიკაცია თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით, სახელწოდებით, „შენი იდეა ქალაქის მერს“. 

რეფორმა იგეგმება, როგორც სამშენებლო ნებართვების მოპოვების, ისე მთლიანად არქიტექტურის სამსახურის კუთხით. გაჭიანურებული სამშენებლო ნებართვები აღარ იქნება, კორუფციაში შემჩნეულ ადამანებს კი შეუძლიათ, „თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები“. კახა კალაძისთვის მთავარია მერიაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. 

დედაქალაქის ახალ მერს ესმის, რომ 500 მილიონი ლარი ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ისტორიული ნაწილის სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

თბილისის ბედზე გულშემატკივარი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციას. ეს ხომ ის სტრუქტურაა, რომელსაც წლების განმავლობაში ძველი თბილისის იერსახის დამახინჯება ხელეწიფებოდა. აღნიშნულ სამსახურში ისე გაიცემოდა ნებართვები ისტორიულ ძეგლებზე მიშენება-დაშენებების კუთხით, რომ არც ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კონვენციას დაგიდევდნენ და არც ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას ეკითხებოდნენ რაიმეს, როცა მათ სიცოცხლეს ამ დაშენებებით საფრთხეში აგდებდნენ. 

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი For.ge-სთან საუბარში იზიარებს მოსაზრებას, რომ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს რეფორმირება სჭირდებათ. ქალაქი რომ უნდა განვითარდეს, ამაზე არავინ დავობს, ოღონდ მთავარია, ისე განვითარდეს, მოქალაქეებზე იყოს მორგებული და არა მხოლოდ სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებზე. ქალაქგანვითარება არ უნდა ხდებოდეს თბილისის ეკოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე. 

თამარ ამაშუკელის აზრით, დღემდე დედაქალაქის პრობლემა ის იყო, რომ მშენებლობებზე ნებართვის გაცემა არათუ გაჭიანურებულად, პირიქით, ძალზე სწრაფად ხდებოდა. სწორედ ეს იყო გაუაზრებელი და არაპროფესიონალური გადაწყვეტილებების მიზეზი. 

„არქიტექტურის სამსახურის რეფორმა საშური საქმეა. აუცილებელია იმ საბჭოების გადახედვა, რომლებიც უშუალოდ ამტკიცებდნენ პროექტებს, რა კრიტერიუმით ხდებოდა ამ საბჭოებში ადამიანების შერჩევა, იყვნენ თუ არა ისინი პროფესიონალები. მერიაში პრიორიტეტული უნდა იყოს არა სწრაფად და ძალიან მალე ნებართვების გაცემა, არამედ კონსენსუსის შედეგად დეველოპერისა და მოქალაქის ინტერესების დაცვა. ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ცივილიზებულ ქვეყნებში ხანდახან ძალიან იწელება ეს პროცესი, მაგრამ საბოლოო შედეგი ყველასთვის მისაღებია. კარგი იქნება, თუკი კახი კალაძე შეეცდება ამის გამოსწორებას, რა გამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. არავის სურს, ჯიბრში ჩაუდგეს მას, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვინდა, ჩვენი დედაქალაქი უკეთესი იყოს“, - აცხადებს თამარ ამაშუკელი. 

შეკითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა მოხდეს, რომ არქიტექტურის სამსახურში ახალი კორუმპირებულები არ მივიღოთ, განმარტავს, რომ ძეგლთა დაცვის მიმართულებით არსებობს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. სწორედ ამ კანონიდან გადაცდენა არ უნდა მოხდეს და ამ კანონით უნდა იხელმძღვანელონ. იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმ საბჭოს არსებობა, რომელიც ამა თუ იმ ძეგლზე დასაშვებ საქმიანობას ამტკიცებს. ახლა მაინც ამ საბჭომ ადეკვატური ნებართვები უნდა გასცეს. 

გარდა ამისა, თამარ ამაშუკელის აზრით, პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ თბილისის მერიამ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტოს, რომ ეს ქალაქი ისტორიულია და ისტორიულ ზონაში არ შეიძლება მაღალსართულიანი მშენებლობები. აქ პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურული მეკმვიდრეობის დაცვა. თუმცა დღემდე ვერც ერთმა მერმა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ამის გამო მძიმე მდგომარეობაშია თბილისი, ამ ქალაქში უნდა აიკრძალოს კოეფიციენტების გაყიდვა, რომელიც ისტორიულ ზონაში ზედა სართულების დაშენების ნებართვას იძლევა. შესაძლებელია, კოეფიციენტი გადაიხედოს ზოგიერთ უბანში, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს ისტორიულ უბნებს. ზოგადად, უკვე დამტკიცებული კოეფიციენტების გადახედვა არ უნდა ხდებოდეს, ვინაიდან კოეფიციენტი არის ქალაქის კანონი და ის ერგება ეკოლოგიურ, ურბანულ და სხვა პარამეტრებს.

„კოეფიციენტი „ამბობს“, რა სიმაღლის შენობაა დასაშვები ამა თუ იმ უბანში, რათა ქალაქის ეკოლოგია კიდევ უფრო არ გაუარესდეს, განაშენიანების სიმჭიდროვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომ ქალაქი საცხოვრისად გამოუსადეგარი გახდეს. ეს მავნე ტრადიცია იყო და ჯერ კიდევ ნარმანიას ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალებოდა. რაც შეეხება 500 მილიონს, ამ თანხით შესაძლებელია, სრულად თუ არა, თბილისის დიდი ნაწილი მაინც განახლდეს. კარგი იქნება, თუკი კახა კალაძე მოიწვევს სპეციალისტებს, რათა ამ თანხით რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი მიიღოს ქალაქმა. 500 მილიონით შესაძლებელია მთლიანად დავასრულოთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ან ჩვენი ქალაქი გადარჩენის რელსებზე დავაყენოთ. ამას ოთხი წელი არ ეყოფა, მაგრამ მთავარია დაიწყოს ის პროცესი, რომელიც არც ერთხელ არ დაწყებულა“. 

ექსპერტრი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კახა კალაძე შეძლებული ადამიანია, მას ქართველმა ხალხმა სერიოზული ნდობა გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, ამ არჩევნების შემდეგ როგორი შეფასებებიც არ უნდა კეთდებოდეს. 

„ჩვენ ხომ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა მენტალურ კონსტრუქციებში ვიმყოფებით, სადაც ხელისუფლებაში მოსვლა და თანამდებობაზე ყოფნა პირადი კეთილდღეობის შექმნის ყველაზე წარმატებულ გზად ითვლება. ამ მახინჯ სისტემას დანგრევა სჭირდება. თუკი შეძლებს იმას, რასაც გვპირდება, ეს კახი კალაძეს ღირსებას შემატებს და ავტორიტეტს მოუპოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვრჩება ნეპოტიზმის ჭაობი, საჯარო სამსახურში ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ხარჯზე არაკვალიფიციური მოხელეების ყოფნა, ყალბ ფასეულობებზე აგებული ურთიერთობები. ვფიქრობ, კახა ამას შეცვლის, რადგან კარგად უნდა ესმოდეს, რომ მარადიული არაფერია. 

25 წელია, სახელმწიფო სამსახურში ხალხი ფულს აკეთებს და ავიწყდება, რომ საჯარო სამსახურის შემდეგ ცხოვრება გრძელდება ოჯახთან, ნაცნობებთან, მეგობრებთან, არანაცნობებთან. სასიკეთო ცვლილებების გატარება ელემენტარულია, სწორედ პასუხისმგებლობის მქონე ხალხმა ააშენა ლონდონი, პარიზი, ბარსელონა, მადრიდი. ამისთვის საჭიროა ღრმად პროფესიული გააზრება იმისა, რასაც თბილისის განვითარების პერსპექტივა ჰქვია, ე.წ. გენერალური გეგმის ფარგლებში. ცხადია, ეს გეგმა უცვლელი ვერ იქნება, მასში კორექტირება შევა ახალი გარემოებების გათვალისწინებით. მაშინ არც ნებართვების პრობლემა შეიქმნება და არც არქიტექტურული სამსახურის პრობლემა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, ამ 25 წლის განმავლობაში თბილისი ისეა დამახინჯებული, ამას მტერიც ვერ მოახერხებდა. სადაც კი შესაძლებელი იყო, წერტილოვანი მშენებლობა იწყებოდა, ქუჩაში გამოდგმული სახლებით, იმ საზიზღრობებით, რაც თუნდაც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა. 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ, როცა მახინჯ სისტემას ცვლი, იქ კორუფციის ჭაობი, საქმის ჩაწყობა, უკანონო გადაწყვეტილებები მინიმალიზირებული იქნება, თორემ კორუფციის სრულად განულება ვერასდროს მოხდება. კონტროლის მექანიზმი და საჯაროობა კი არაკეთილსინდისიერი მოხელის დასჯის კარგ საშუალებას იძლევა. 

„ახალგაზრდა ადამიანები სხვა ამბიციებით უნდა იყვნენ შეპყრობილნი. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს, საღი გაგებით, ამბიცია აკლიათ. ამიტომაცაა ქვეყანა საცოდავ მდგომარეობაში“.