პაატა პავლიაშვილის გარდაცვალება და ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმე - ოპოზიცია შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებს. ნუცუბიძის მეოთხე მ/რ-ში მომხდარი ტრაგედია, რის შედეგადაც 33 წლის პაატა პავლიაშვილი გარდაცვალა, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, სისტემური პრობლემის შედეგია და საპატრულო პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს. გარდა ამისა, ოპოზიცია მტკიცებულებების სახით არსებული სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის გასაჯაროვებას ითხოვს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტში მისვლის შემთხვევაში გიორგი მღებრიშვილს მოუწევს პასუხის გაცემა, დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეა. როგორც ირკვევა ტრაგედიის ღამეს ბექა ხახუბია დაკავებული იყო, თუმცა მან გვიან ღამით, წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
საქმეზე ბრალდებული საპატრული პოლიციის თანამშრომლების ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო. მისივე თქმით, ავარიის დღეს ბექა ხახუბია მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.
„ბექა ხახუბია იმ დღეს დააკავეს მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, თუმცა, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არ უნდა მომხდარიყო, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ამ საქმის სასამართლოს განხილვებით აუცილებლად დადგინდება“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული სამი პოლიციელთაგან, არც ერთი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ბრალდებული პოლიციელები - სადაღაშვილი და რუსიშვილი დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურისგან, ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.
შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს „ევროპული საქართველო“. მათივე შეფასებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, მათ შორის ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. როგორც პარტიის წევრი, გიორგი კანდელაკი განმარტავს, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას ვალდებულება, კითხვებს გასცეს პასუხი.
„შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასდროს ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითზე პასუხების გასაცემად, თუმცა არ მოვიდა. ახლაც, თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაა.
სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, მუხთარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
არა მხოლოდ შს მინისტრის, არამედ მთლიანად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, პოლიცია უკვე გამოსულია საპარლამენტო და ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლიდან.
„ბუნებრივია ეს არ არის მხოლოდ შსს-ს პრობლემა, ეს არის მთავრობის პრობლემა, როდესაც იცავენ თავისიანებს კორუფციით დაწყებული, სხვა შემთხვევით დამთავრებული და ფაქტობრივად - თუ ჩვენიანია - ხელშეუხებელია - ეს პრინციპი მუშაობს დღეს ქვეყანაში.
ამ საკითხის ირგვლივ არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ მინისტრის, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინსტროს პრობლემა, იკვეთება უამრავი დანაშაული მათ შორის მთავრობის მხრიდან“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით, შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ გამოძიების ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ვხედავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებს.
„ამ ეტაპზე არანაირი საჭიროება არ არის იმის, რომ მინისტრი იქნას პარლამენტში დაბარებული და მას რაღაც გარკვეული კითხვები დავუსვათ, იმიტომ, რომ კითხვებს პასუხი ჯერ არა მინისტრმა, არამედ პროკურატურამ უნდა გასცეს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
შს მინისტრის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს, ყოფილი შს მინისტრი და პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი.
„თუ იქნა ისეთი საკითხი, რომელიც დაბადებს კითხვებს პოლიტიკურად, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.