„მერიაში ის პირები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები“

„მერიაში ის პირები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, შოთა გეწაძის გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. მცხეთა-მთიანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეჭიაური გამარჯვებულად გამოცხადდა, ოთხმა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მოსამართლეთა კოლეგიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ა-ო „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ. ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნით იყო - გაუქმებულიყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ა- ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ თავდაპირველად მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაბათილებას. ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში საიას და მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე-20 უბნიდან მიტანილი გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის აღდგენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე.

გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური, რომელმაც კონკურენტს 1 ხმით აჯობა, აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება.

„იწყება დემოკრატიზაციის პროცესი ქვეყანაში. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა. აქ ვხედავ, როგორც ჩემი კუთხის წარმომადგენლებს, ასევე თბილისიდან უცხო სახეებს. მადლობა საიას და იმ არასამთავრობოებს, ვინც შემომთავაზა დახმარება, მაგრამ მე არ დამჭირდა. ასევე მადლობა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ხმების დაცვაში თავისი დამკვირვებლების მეშვეობით“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

სხვა მოლოდინი ჰქონდა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს, რომლიც ელოდა, რომ სასამართლო მიიღებდა „ღირსეულ გადაწყვეტილებას“. კერძოდ, ჩატარებულიყო განმეორებითი არჩევნები.

„ბუნებრივია, ველოდი განსხვავებულ გადაწყვეტილებას. ღირსეულად მიმაჩნდა განმეორებით ჩატარებულიყო არჩევნები. ერთადერთს ვისურვებდი - თიანეთის განვითარება გაგრძელდეს და შეძლოს თამაზ მეჭიაურმა იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი თიანეთისთვის. რაც არის - არის. ქვეყნის სამსახურს ვაპირებ, სადაც არ უნდა ვიყო. თამაზ მეჭიაურთან, ალბათ, არ ვითანამშრომლებ. ვფიქრობ, თანამშრომლობის სურვილი არც მეჭიაურს ექნება“, - აღნიშნა ლელა ქიტესაშვილმა.

თავის მხრივ, თიანეთის გამარჯვებული მერი თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტუაციას გადახედავს, ყველას არ შეცვლის, მაგრამ ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება.

„არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაქცეულია, მაგრამ თუ რამეს სჭირდება ცვლილება, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობას. გადავხედავ ბიუჯეტს, თუ რა მდგომარეობაა, რის შესაძლებელობა მექნება დარჩენილ 2 თვეში. როგორც გაგვწვდება საბანი, ისე უნდა გავიწვდინოთ. პარალელურად, მომავალი წლის ბიუჯეტზეც ვიმუშავებთ.

რაღაც ახირება არ მაქვს. საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც ახირებებზე დაფუძნებული. არავის პოლიტიკური ვალი არ მაქვს და დამსახურებებით იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ის პირები ვერ იმუშავებენ, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებულები მთელი ეს პერიოდი, მიტოვებული ჰქონდათ მათი ძირითადი საქმიანობა და სფეროები პარალიზებული იყო“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

როგორც მეჭიაური აცხადებს სააპელაციო სასამართლო არ გახდა ქუცნაშვილის თაღლითობის ბოლო გვირგვინი. მისი თქმით, რამდენიმე გეგმა ქუცნაშვილის თაღლითობის უკვე გავლილია.

„ზღაპრებში რომ არის - ხან სავარცხელს რომ გადააგდებ და ხან სარკეს, ბოლოს გადმოაგდო ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მის მიერ მკვდრეთით არის აღდგენილი და რომელიც ბიუჯეტიდან იღებს გრანტებს. ახალშექმნილმა არასამთავრობომ ბიუჯეტიდან 161 000 ლარის გრანტი მიიღო. ეს დაფინანსება მიიღო ამ ორგანიზაციამ თბილისში და იმერეთში არჩევნების დაკვირვებისთვის. ეს არასამთავრობო დაკავებულია ბიუჯეტის ხარჯზე არჩევნების გაყალბებით“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.