ხელისუფლების გარდა თითქმის ყველა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. ოპოზიციას თითქოს ამით თავის გამართლება სურს, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ ეტაპზე, ძირითადად, ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გახმოვანება უწევთ. ექსპერტულ წრეებში აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული რესურსი ბუნებრივად ხდება ჩართული არჩევნებში, რადგან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები კანდიდატთან ერთად სტაბილურობასაც აძლევენ ხმას. თუმცა საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ საქართველომ ვერაფრით თქვა უარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რასაც თბილისის მერმა, კახა კალაძემ არასამართლიანი განცხადება უწოდა და აღნიშნა, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, თავადაც დაინტერესებულია, რომ მისი გამოძიება მოხდეს.
ასეა თუ ისე, სახელისუფლებო კანდიდატს უკვე თავად უწევს მედიაში ამ ბრალდებებსაც უპასუხოს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბროს.
„თბილისის მოსახლეობამ გადაწყვიტა თანმიმდევრობა კანდიდატების, თუ ვინ როგორ უნდა გადანაწილებულიყო“, - განაცხადა დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა.
კალაძე აღნიშნავს, რომ მისი საარჩევნო პროგრამა, კონკრეტული ხედვებითა და პროექტებით, ორიენტირებული იყო საქმეებზე, ასევე, დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, იყოს თბილისის მერი, რადგან არის სერიოზული გამოწვევები, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქალაქს.
„შესაბამისად, ამ პრობლემების მოგვარება, პროექტების განხორციელება, რომელიც დაანონსებული იყო ჩვენი გუნდის მხრიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“,- აცხადებს კალაძე.
რაც შეეხება შედეგს, ახალი მერის შეფასებით, ეს იყო პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება.
„ამის თქმის საფუძველს მაძლევდა ის, რომ ჩვენ ყველა უბანში ვიყავით, ვხვდებოდით მოსახლეობას და ვსაუბრობდით იმ სამომავლო გეგმებზე, თუ რის განხორციელებას ვაპირებდით. ასევე, ვსაუბრობდით პრობლემებზე და ვუხსნიდით მოსახლეობას, თუ როგორ წარმოგვედგინა მოგვარების გზები. შესაბამისად, შეხვედრების დროს სითბო და სიყვარული გვაძლევდა რწმენას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მძიმე მდგომარეობაა მეტროს სადგურების კუთხით და მათი რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ქალაქის ურბანული განვითარება არის პრიორიტეტული მიმართულება, რადგან მასში შედის ეკოლოგიაც, ტრანსპორტის მოწესრიგებაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ გვინდა არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. გვინდა მაქსიმალურად კომფორტული და პოპულარული გახდეს მგზავრებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაგეგმილი გვაქვს მეტროს სადგურების რეაბილატაცია და ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - აღნიშნა კალაძემ.
ახალი მერი შეეხო ეკოლოგიურ მდგომარეობასაც, ისაუბრა მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგებაზე, პარკების რეაბილიტაციაზე.
„ამას ემატება დენდროლოგიური პარკი. მოხდება „მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია, რომელსაც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სერიოზული ზიანი მიადგა. ზოგადად, ჩვენ მოვაწესრიგებთ ქალაქის მწვანე საფარს. თუ დააკვირდებით, არსებულ სკვერებსა და ბაღებს, გრუნტი მწვანე საფარის გარეშეა და ერთი ქარის ამოვარდნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ხდება გამტვერიანება, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ და ჩვენი შვილები“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას, რის შესახებაც ყოველთვის არსებობს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები, როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოების სრულად შესრულებას 500 მილიონი და ოთხი წელი არ ეყოფა. თუმცა შესაბამისი პროექტების განხორციელების პროცესი მისი მერობის დროს აქტიურად დაიწყება.
„ის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციაში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი, ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ მოიცავს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ისტორიულ შენობა-ნაგებობებთან, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არის. ეს პრობლემები 20-25 წლის განმავლობაშია დაგროვებული. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.
თუმცა, როგორც ახალი მერი ამბობს, ძველი თბილისის გარდა არსებობს ყველა რაიონში პრობლემა, რომელიც ავარიულ სახლებს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს „ხრუშჩოვკები“, შეიძლება იყოს ისტორიული შენობა-ნაგებობები და შეიძლება იყოს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართები, რაც ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.
მისივე თქმით, ამ სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულია ტურისტული მარშრუტები და მუზეუმები.
„ჩვენთან მუზეუმები დოტაციაზეა და გასაგებია რატომ, იმიტომ, რომ მუზეუმების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს მუზეუმების რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წელსვე იწყება ორბელიანის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მომავალ წელს - გუდიაშვილის მოედნის პროექტის განხორციელება, ფიროსმანის, ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება ახალ გუნდს, კალაძე ადასტურებს, რომ მის გუნდში იქნებიან ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ვართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაჟღერებული“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძე თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარებას გეგმავს. ასევე მოხდება რეორგანიზაცია იმ საქალაქო სამსახურების, რომელთა უფლებამოსილებებიც ერთმანეთში იკვეთება.
„საზოგადოებამ მე მომანიჭა ძალიან სერიოზული მანდატი, ვიყო ქალაქის მერი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის... ადამიანების სწორად გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არიან მერიაში კომპეტენტური ადამიანები, რომელთა კვალიფიცია ამ პროცესებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი ახალი ადამიანი მოვა, თუმცა ნათესავი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ეს ვეღარ და აღარ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც ქალაქის მომავალი მერი აღნიშნავს, გენგეგმა არ ამბობს იმას, რომ ქალაქი არ უნდა განვითარდეს ან თუ განვითარდება, უნდა განვითარდეს ეკოლოგიის ხარჯზე, მისი თქმით, არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა მისი მერობის პერიოდში სპორტული მოედნების, პარკების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.
კალაძეს გარევაჭრობასთანაც აქვს საკუთარი დამოკიდებულება. როგორც მან აღნიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დარეგულირებულია და საზოგადოების მხრიდანაც იყო მოთხოვნა და, შესაბამისად, თავადაც ემხრობა ამ მიმართულებას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული.
„თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ეს არის იმ ადამიანთა მასა, ვისაც დღეს, ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა. იმიტომ არის გამოსული ქუჩაში, რომ ყველანაირად ცდილობს, იმ გაყიდულით ორი თეთრი საკუთარ ოჯახში შეიტანოს. შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები და ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ისხდნენ არა შუა ქუჩაში და გაყიდონ ის, რაც მათ გამოტანილი აქვთ, არამედ შეიქმნება ისეთი ადგილები, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ - ერთი მხრივ, იყოს სისუფთავე და მეორე მხრივ, ვიზუალურ ნაწილში ის პრობლემები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მოწესრიგდეს. თუმცა, რუსი ჟურნალისტი ჩვენ რომ გაგვაკრიტიკებს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია, რადგან რაც რუსეთში და რუსეთის ქალაქებში ხდება, არის სრული კატასტროფა“, - აცხადებს კალაზე.
არანაკლებ საინტერესო თემაა კორუფცია, რომელზეც ბოლო პერიოდსი განსაკუთრებით ხსირად გვიწევს საუბარი, თუმცა როგორც ახალი მერი აცხადებს, ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად იმუშავებს და კორუფციაში იქნება შემჩნეული, პირდაპირ მისი მტერი იქნება.
„პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, რომ შეეძლებათ თავისი ფეხით ეძებონ ციხის კარები. ყველაფერს გავაკეთებ იმ ნდობის გასამართლებლად, რაც თბილისელებს აქვთ ჩემს მიმართ. შესაბამისად, ადამიანები მიმართ, ვინც კორუფციაში იქნებიან შემჩნეულნი, ძალიან მკაცრი დამოკიდებულება გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.