"ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიეთ „კაპოტზე“. უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას"

ქიტესაშვილი მეორე ტურს ითხოვს

ერთი ხმა, რომ გადამწყეტია, ამის საუკეთესო მაგალითია მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თიანეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ა-ო „დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ თიანეთის მერის არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. ორგანიზაცია თიანეთის მე-20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა.

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. მეჭიაური მადლობას უხდის საიას, რომელიც სასამარლოზე მის პოზიციას იცავდა და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციაში ჭკვიანი ხალხი მუშაობს.

„ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ველოდი. მოპასუხე მხარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გუშინ არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით რაღაც ხდებოდა. გადაწყვეტილებამ ყველაფერი ნათელი გახადა. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. დიახ, ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიეთ „კაპოტზე“.

უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპათია, მაგრამ გამიჩნდა სიმპათია და მექნება.

რაღაც საკითხებში, დავუშვათ, ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდე ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი და ფიქრობს, გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარება.

„უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული იქნებოდა. ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გაბათილდა და თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თიანეთში აჩევნების შედეგები კონკრეტული ოლქის, საარჩევნო კომისიების და სასამართლოს შესაფასებელია.

„მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, ან შევაფასო ან ამ ყველაფერში რაიმე ეჭვი შევიტანო. სასამართლომ როგორც დაადგინა, ალბათ, ამ ყველაფრის უკან შესაბამისი არგუმენტიც იყო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართული ოცნების“ წვერს, დეპუტატ გიორგი ვოლსკის იმედი აქვს, რომ თიანეთის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყველაფერი სიღრმისეულად არის გაანალიზებული. დეპუტატი ფიქრობს, რომ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების გადათვლა აბსოლუტურად საფუძვლიანი და სამართლიანი იყო, რადგან სერიოზული ეჭვი შეიქმნა და ეს ეჭვი უნდა გაბათილებულიყო.

„თუკი ვინმემ ადგილზე, საარჩევნო უბანზე ვერ გააპროტესტა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიანობა არ უნდა აღდგეს. ეს დიდი ალბათობით ადამიანურ ფაქტორთან იყო დაკავშირებული. კანონი არ დარღვეულა იმით, რომ საოლქო კომისიას მიმართეს, სადაც ბიულეტენები ყველას თანდასწრებით გადაითვალა. აღმოჩნდა, რომ ეჭვი იმის შესახებ ბიულეტენები არასწორად გადათვალეს, მართებული იყო.

ფაქტია, რომ თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ არ წამოადგენს. მის გვერდით, მის გუნდში საკმაოდ აქტიური იყო ის ხალხი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობის“ აქტივი იყო. თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ თიანეთში საკუთარი კანდიდატი არ დაუყენებია, ხოლო როდესაც მეჭიაური ამ თემაზე ლაპარაკობს, რასაკვირველია, ყველაზე აქტიურია „რუსთავი 2“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიის ზეიმია. ნარჩემაშვილი მოუწოდებს მხარეებს მიიღონ გადაწყვეტილება ფაქტად და პატივის სცენ მას.

„ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის ზეიმი, შეიძლება ასე შევაფასოთ, როდესაც არსებობს იმის საშუალება, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ჰქონდეს ამის გაპროტესტების საშუალება, როდესაც სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას როგორც ფაქტს.

მოვუწოდებ მხარეებსაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება და პრეტენზიის შემთხვევაში იმოქმედონ სამართლებრივი მეთოდებით. თუ რაიმე პრეტენზიები არსებობს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი იყო განხილვის საგანი, იგივე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუ ამ პრეტენზიას, რომელიმე მხარე გამოთქვამს“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.