ნაციონალები ნაციონალების წინააღმდეგ

ნაციონალები ნაციონალების წინააღმდეგ

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღისა ტარდება. არჩევნებს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.

მერობის კანდიდატებისათვის დადგენილი 50%-იანი ზღურბლი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ვერ გადალახეს: ყაზბეგში, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთში, მარტვილსა და ქუთაისში. აღნიშნულ ოლქებში პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებმა 2 მუნიციპალურ ოლქში - ქუთაისისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მეორე ტურში კენჭისყრის უფლება მოიპოვეს, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, მერობის კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომლის შეფასებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როცა ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში ბრძოლა დათმო. სამადაშვილი თვლის, რომ პარტიის რესურსები მეორე ტურზე უნდა მიმართულიყო და ამ გზით გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოახდენდნენ.

„ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს. პარტიის პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ჩათვალა, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით ხაზს გავუსვამთ, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს მხრივ შექმნილია საგანგაშო ვითარება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მოტივაცია, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები“, - წერს სალომე სამადაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, პარტიაში ასევე არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით ხდებოდა გამოაშკარავება იმ სისტემის, რომელიც არსებობს.

„მე ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლები იმსახურებენ იცოდნენ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არსებობს ხალხი, რომელიც იზიარებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიგვეღო. ჩვენ გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის აქტივისტის მანქანის აფეთქებით დავინახეთ, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ამ არჩევნებზე ჩვენ მონაწილეობა გვიწევდა მშვიდ გარემოში, არის აბსურდი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის კრიტიკას არ პასუხობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა ადასტურებენ, რომ პარტიაში არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები. მათი ნაწილი მხარს უჭერდა ქუთაისსა და მარტვილში დანიშნულ მეორე ტურში მონაწილეობას. მათ შორის იყო მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. დანელია ამბობს, რომ მზად იყო მეორე ტურისთვის, თუმცა თავს იკავებს იმის გამო, რომ მის მხარდამჭერებზე არ განხორციელდეს ზეწოლა.

თავად მეორე ტურში გასული კანდიდატი, ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ზეწოლას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

„ამ უმსგავსობის გაპრავებას ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ იმიტომ, რომ უპრეცედენტო ხასიათი ჰქონდა ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვას პირდაპირ ქუჩებში. ამიტომ, თუ ცირკის დირექტორმა ვიღაცის „კლოუნად“ დანიშვნა გადაწყვიტა, ამ კლოუნადის ჩატარება „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ უარის მიუხედავად, მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში მაინც გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

პარტიის გადაწყვეტილებას, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღოს, ლოგიკურად მიიჩნევს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ თავადვე აცნობიერებენ, რომ წარმატება გამორიცხულია მათი მხრიდან, რადგან უკონკურენტოა „ქართული ოცნება“, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ძველი მეთოდით იმოქმედოს და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქციოს.

„წაგებული პაექრობის შემდეგ უკეთესია გამოიყურებოდე დაჩაგრულ მხარედ, იქნებ ამით მიიქციო საერთაშორისო ყურადღება. ესეც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს, მაგრამ მე მაინც მოძველებული მეთოდი მგონია. არ მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმაზე მეტი თქვას, ვიდრე უკვე ითქვა და არ მგონია იმაზე ნაკლებად შეაფასოს საქართველოში ეს პროცესი, ვიდრე უკვე შეაფასა. ასე რომ, მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, მეორე ტურში არმონაწილეობა, პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. „ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს, რომ არ აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა, ამავე დროს, ბოიკოტით ცდილობს არალეგიტიმურობის ხარისხი შესძინოს არჩევნების შედეგებს.

სოცილოგი ვალერიან გორგილაძე თვლის, რომ მცდელობის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ვერანაირად ვერ მოხდენს არჩევნების დელეგიტიმაციას. მისი თქმით, ყველასათვის ცხადი იყო, რომ ასეთი შედეგით დამთავრდებოდა თვითმმართველობის არჩევნები.

„2012 წლიდან თანმიმდევრულად ყველა არჩევნებს აგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რომ მეორე ტურშიც აზრი არ ექნებოდა ამ თვალსაზრისით ბრძოლას, ესეც მშვენივრად ესმით. მეორე ტური, უბრალოდ, დამანგრეველი შედეგით დასრულდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თუმცა, აბსოლუტურად ვეთანხმები სამადაშვილს. ეს არ არის პასუხისმგებლიანი სუბიექტის ქცევა, როდესაც შენ უარს ამბობ პოლიტიკურ ბრძოლაზე.

პოლიტიკური პარტიის მთავარი მიზანი არის ძალა-უფლების მოპოვება. უბრძოლველად ეს არ ხდება. როდესაც შენ კაპიტულანტურ განცხადებებს აკეთებ და იღებ კაპიტულანტურ გადაწყვეტილებას - უარს ამბობ მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და თითქოს ასაბუთებ იმით, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს რაღაცა რესურსებს, ეს არ არის სერიოზული. ლოგიკას ვერ ვხედავ“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

გადა ამისა, როგორც სოციოლოგი აცხადებს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია თავისი მხარდამჭერები და ასეთი ქცევა ამომრჩევლის მიმართ, შეურაცხმყოფელიც არის.

„როდესაც შენ ამომრჩეველს ეუბნები: მოდი, ნუ დადიხარ არჩევნებზე, აზრი არ აქვს არჩევნებზე სიარულს, ამიტომ იყავი სახლში და დაისვენე, ეს არ არის არც რაციონალური და არც არაფრის მომტანი ამ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. მე არ ვარ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ქომაგი, მაგრამ პოლიტიკური ქცევის თვალსაზრისით არალოგიკური და არარაციოანლურია მათი საქციელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, საუბარი არჩევნების გაყალბებაზე იმ წონას დაკარგავს, რაც შეიძლება გაპროტესტების შემთხვევაში იყოს.

„პოლიტიკური დემარში მაინც შერჩებათ, თუ გამარჯვება არა. თუ მიიღებენ მონაწილეობას, მერე, უკვე, პოლიტიკური დემარში ძალას დაკარგავს, არაფერი იქნებათ სადემარშო. ასე რომ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება არის მარცხიგან თავის არიდება და თან პოლიტიკური სარგებლის ნახვა ამ მანევრში.

მარცხისგან თავის არიდება ერთხელ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსებისგან, როცა უდუმაშვილი გახადეს მერობის კანდიდატი და ბრძოლის სამიზნედ გახადეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ იყო ჩართული. ნაციონალმა პოლიტიკოსებმა თავიდან აიცილეს არჩევნებით გამოწვეული მარცხი. ეს პირველი ნაბიჯი მაფიქრებინებს, რომ აქაც მარცხის მოტივით გაკეთებული სვლებია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, პარტიამ, რომელმაც დაკარგა მეორე ოპოზიციური ძალის სახელი, ბუნებრივია, რომ დამატებით მარცხი არ უნდათ.

„მოდავე მხარეებს შორის მარცხის გარკვევის მექანიზმი არის სასამართლო. გაასაჩივრონ სასამართლოში და იქ გაირკვევა იყო თუ არა მართალი მათი ბარლდება. რა თქმა უნდა, ფაქტების გარეშე ყველას ყველაფრის ძახილი შეუძლია და მით უმეტეს ნაციონალებს, რომლებსაც ძალიან ნამუსიან პოლიტიკოსებს ვერ დავარქმევთ. ყოველთვის იმას ამბობენ, რაც მათ სჭირდებათ და არა იმას, რაც არის რეალობა. ამიტომ, ნდობა მათი ამ ბრალდების მიმართ ნაკელბია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.