ბრძოლა წესების გარეშე

ბრძოლა წესების გარეშე

ცესკოს პირველადი მონაცემებით, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში თამაზ მეჭიაურის მიერ მიღებული ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატის ხმებს აღემატებოდა, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03%.

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თამაზ მეჭიაური, რომელმაც სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაური უკვე ორი დღეა ატყუებს საზოგადოებას, რომ ხმის დათვლის პროცესი მისი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარეშე განხორციელდა.

თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ოცივე საარჩევნო უბნიდან მოპოვებული ოქმების საფუძველზე, სადაც იყო ყველას ხელმოწერები, მათ შორის „ქართული ოცნების“ კომისიის წევრების, 1 ხმით გაიმარჯვა. თუმცა პროცესები, რომელიც ახლა მის წინააღმდეგ ვითარდება, ამაში თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სწორედ ქუცნაშვილის შეკვეთით გაყალბდა არჩევნების საბოლოო მონაცემები.

„ქუცნაშვილის ინტერესებშია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გავიდეს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს თიანეთში. რაც ხდება თიანეთში, ვინც ამ მარაზმს აკეთებს, არის ქუცნაშვილი. მისი ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა. მას აქვს ფინანსური და ბიზნესინტერესები და თუ რაიმე სტრატეგიული არსებობს, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს. ქუცნაშვილის სამოურავოა. ქუცნაშვილი ამ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს და მიდის ვა-ბანკზე“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

რაც შეეხება „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრს“, რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, მეჭიაური აცხადებს, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია დეპუტატ ქუცნაშვილთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ვითხოვთ იმ განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაბათილებული ბიულეტენები სრულიად უკანონოდ აღადგინეს. ახლა როცა მიხვდნენ, რომ პროცესი შესაძლოა წააგონ, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციით შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოხდეს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ამ სკანდალურ ბრალედებას უკომენტაროდ ტოვებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. დეპუტატის ნაცვლად განცხადებას აკეთებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით, დათვლამ აჩვენა, რომ თიანეთში მოგებულია კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა 41 ნომრით.

„როცა ოპოზიციაში ხარ, უფრო ადვილია დაჩაგრულ მხარედ თავის წარმოჩენა, მაშინ როცა გადათვლის დროს აშკარა იყო, რომ ერთი თუ ორი ხმით ჩვენი კანდიდატი იგებს. სამართლებრივი გადაწყვეტილება ამის თაობაზე მისაღებია სასამართლოს მიერ, მაგრამ მე ვფიქრობ, დათვლამ აჩვენა, რომ მოგებულია კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა 41 ნომრით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თიანეთის მე-20 უბანზე მომხდარ ინციდენტით პროკურატურას მიმართავს და დაინტერესებისკენ მოუწოდებს „საიას“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა დაირღვა და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც.

„საია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს ბატონი თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა, ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

გარდა ამისა, საია მეჭიაურის ინტერესებს წარმოადგენს დავაშიც, რომელიც „დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრმა“ დაიწყო. როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. შესაბამისად, მათი მოთხოვნა არის საეჭვო.

„ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, გვიან ღამით ჟინვალის გზაზე ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლების ავტომანქანა დაწვეს. მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე, რომლებიც აღნიშნული მანქანით გადაადგილდებოდნენ, თიანეთში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ და თავდასხმამდე თამაზ მეჭიაურის საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ა-რ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების მანქანის აფეთების ფაქტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები.

„უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურ პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები, სამართლიანად იქნება განხილული“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

სოცილოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნებმა თამასა აწია, რასაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, მაგრამ მისი თქმით, ამისდა მიუხედავად, ის რაც თამაზ მეჭიაურთან დაკავშირებით ხდება, ეს არის მიუღებელი.

„ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. აბსოლუტურად განსხვავებული და რადიკალური შეხედულებები გვაქვს ყველაფერზე მე და ბატონ მეჭიაურს. ერთმანეთს არ ემთხვევა ჩემი და მეჭიაურის მსოფმხედველობა, მაგრამ როდესაც ადამიანი იჩაგრება და ხმას არავინ არ იღებს, ეს არის ამაზრზენი. მეჭიაური რომ პროამერიკული პოლიტიკოსი ყოფილიყო, წარმომიდგენია რა ამბავს ატეხავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამ შემთხვევაში, როდესაც აშკარად ვხედვათ უსამართლობას, როდესაც კაცი იმარჯვებას დიდი უპირატესობით და რაღაცა მანიპულაციის შედეგად მას პრაქტიკულად აიძულებენ, რომ აღიაროს დამარცხება და ამასთან დაკავშირებით არავინ არ საუბრობს, ამის მოთმენა არის შეუძლებელი. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ამ ე.წ. ლიბერალურ ორგანიზაციებში, ეს არის თვალთმაქცობა, როდესაც ორმაგი სტანდარტები აქვთ ყველაფერში.

„ქართული ოცნების“ მიმართაც მაქვს საყვედური. იმიტომ, რომ ეს არის ძალადობა. უსამართლოდ არავისი დაჩაგვრა არ შეიძლება, არც ცალკეული პოლიტიკოსის. ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს და რაღაცა განცხადება უნდა გააკეთოს. იმიტომ, რომ ეს არ არის სწორი“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.