არჩევნებამდე ექსპერტულ წრეებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბევრი რამ ცხადი გახდებოდა და პარტიები საკუთარი ძალების, შესაძლებლობების და პერსპექტივების გადახედვას შეუდგებოდნენ. გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ ოპოზიციური პარტიები, საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩენილები, ჯერჯერობით, არჩევნების შედეგებს საარჩევნო კომისიაში აპოროტესტებენ. მოგვიანებით კი, რამდენიმე მათგანმა დააანონსა, შესაძლოა, პროტესტმა ქუჩაშიც გადაინაცვლოს, თუმცა როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, არც ამ მეთოდით ბრძოლას გააჩნია დიდი მომავალი.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, თუმცა ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნავდა, რომ ელისაშვილის მეორე ადგილი სწორედ მისი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შედეგი იყო, რადგან ქართველი ამომრჩეველი აღარ ენდობა პარტიებს.
მეორე მხრივ, ექსპერტები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ ელისაშვილი გუნდის გარეშე ვერ შეძლებდა საქმის კეთებას, არჩევნებში გამარჯვებაც რომ მოეპოვებინა. თუმცა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკოსებს სტრატეგიის დაგეგმვისა და ჩამოყალიბების დრო ნამდვილად აქვთ დარჩენილი და სავარაუდოდ, დიდი ძალისმევით მოემზადებიან იმ მნიშვნელოვანი სტარტისათვის, რომლის ფინიშიც ამჯერად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა, პარტია მისი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტდება და ამ კუთხით სხვა პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს. კონკრეტულად როდის შეიქმნება პარტია და ვინ იქნებიან მისი წევრები, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ელისაშვილი აცხადებს, რომ პარტიის შექმნამდე ასპარეზი „თბილისის ჰამქარიდან“ დაიწყება.
„მე პოლიტიკაში ვარ და სანამ ჯანი და ენერგია მაქვს, ვიქნები. პარტიის შექმნაზე ვფიქრობ, ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ ვგეგმავ. პარტიის შექმნას ვფიქრობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერნი და პროფესიონალები. თუმცა, ეს ცოტა ადრეა, მანამდე „თბილისის ჰამქარი“ იქნება ის ასპარეზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ქალაქისთვის ბრძოლას განვაგრძობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, არაფერი არ დასრულებულა - ყველაფერი იწყება.
„თბილისზე ფიქრი და თბილისელებისთვის ბრძოლა არ დამიწყია არც წინასაარჩევნოდ და არც მისი დასრულებისთანავე ჩამოვყრი ხელებს“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
როგორც ჩანს, ელისაშვილის ელექტორატიც გარკვეულია და ის მუშაობას „შინ დარჩენილ“ ამომრჩეველზე გეგმავს, რომელმაც თავისი პროტესტი ამჯერად იმით გამოხატა, რომ არჩევნებზე არ მივიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცენტულად ამომრჩევლის ნახევარზე მეტია, სავარაუდოდ, ელისაშვილს უღირს, ამ მარათონში ჩართვა. თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად მოიგებს უკმაყოფილოთა გულებს უკვე პარტიული გუნდით ზურგგამყარებული ელისაშვილი.
„შედეგების კარგად გაანალიზება იმას გვეუბნება, რომ ხალხს უნდა ცვლილება, ხალხს უნდა, რომ პოლიტიკაში იხილოს კეთილსინდისიერი, წესიერი და პატიოსანი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე დამყაყებული დაჭაობებული პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები. ცვლილებაზე არის უზარმაზარი მოთხოვნა და დღეიდან ჩვენ ვეცდებით, რომ თანმიმდევრული შრომით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, ვინც სხვადასხვა მიზეზით სახლში დარჩა, რომ მათი მისვლა მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული მოქალაქის არჩევნებზე მისვლა მართლაც მნიშვნელოვანია, ეს არ არის უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი“, - აცხადებს ელისაშვილი.
პირველი ნაბიჯიც, რომელსაც ელისაშვილი დგამს, საკმაოდ საინტერესოა - ის აპირებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქალაქის ცხოვრებაში და გამარჯვებულ, სახელისუფლებო კანდიდატთან ითანამშრომლოს. თუ ეს თანამშრომლობა შედგა, ეს იქნება პოლიტიკური სვლა, რომელიც თანაბრად წაადგება კახა კალაძესაც, რომელმაც ოპონენტებს, მათ შორის ელისაშვილსაც თანამშრომლობა შესთავაზა. ელისაშვილმა შეთავაზება მიიღო.
ასეთი თანამშრომლობა საინტერესო პრეცენდენტი იქნებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მრავალი წელია, საქართველოს მოუწოდებენ ისეთი დემოკრატიული ნაბიჯებისაკენ, როგორიც არის ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობა. აღნიშნული ნაბიჯისკენ ბიძგიც არაერთხელ მოგვცეს ჯერ კოაბიტაციით, შემდეგ კონსენსუსის მოთხოვნით კონსტიტუციის შემთხვევაში, თუმცა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ეს მცდელობები საკმაოდ არაეფექტური გამოდგა.
თუკი ასეთი თანამშრომლობა ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე შედგა, შესაძლოა, შედეგიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, როგორც პოლიტიკურად (ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური კულტურის ზრდის მაგალითად შეიძლება გამოდგეს, თუმცა კიდევ ბევრი პოლიტიკური პლუსის მოძებნა შეიძლება) ისე საქმისთვისაც - დედაქალაქის განვითარებისთვის.
ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ქალაქისთვის საჭირო პროექტებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს. ის აპირებს საკუთარი პროგრამების თბილისის მერიისთვის გადაცემას. ასევე, კახი კალაძეს სთავაზობს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი ახალი ონლაინ-პლატფორმა chemitbilisi.ge.
ასეთი შეთავაზება მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ახალი მერისთვის შესაძლოა, გამოწვევადაც იქცეს, რადგან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად ღირებულია პროექტები, რომლის გადაცემასაც მეორე ადგილზე გასული მერობის კანდიდატი აპირებს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, პოლიტიკურ ქულებს მიიღებს მხოლოდ ოპონენტი, როგორც ხელისუფლებისგან დაჩაგრული.
ელისაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ არ აპირებს რაიმე თანამდებობას დათანხმდეს, თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება. ელისაშვილი ამბობს, რომ ის თბილისისთვის მხოლოდ არჩევნების მოსაგებად არ იბრძოდა, მაგრამ ქვეტექსტებში მაინც იკითხება, რომ ამ ბრძოლით ის პოლიტიკური მომავლის შექმნას შეეცდება - მისი განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დედაქალაქში მცხოვრებთა ნდობა გააორმაგოს.
რაც შეეხება კალაძეს, რომელიც დედაქალაქის მერის მოვალეობის შესრულებას დაახლოებით სამი კვირის შემდეგ შეუდგება, უკვე მოუწევს პირველ გამოწვევებთან გამკლავება. ელისაშვილის გარდა მერობის თითქმის ყველა კანდიდატი თბილისის ყველა კუთხე-კუნჭულში დაიწყებს კომპრომატების ძებნას და ეს გამოუვათ კიდეც, რადგან ექსპერტების შეფასებით, თბილისი საკმაოდ რთული ქალაქია და ყველაფრის მოწესრიგებას მერობის ერთი ვადაც კი, შეიძლება, არ ეყოს.
პირველი კენჭებიც უკვე ნასროლია ახალი მერის მინდორზე - „სამწუხაროდ, თბილისი არის ტყუილით სავსე ქალაქი, რასაც ადასტურებს ბოლო ორი დღის განმავლობაში დაწყებული კორპუსომანია და ხეების ჭრა“, - აცხადებს ელისაშვილი.
მისი თქმით, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები ფერადი ტყუილები იყო და ის თავის გუნდთან ერთად ქალაქის ინტერესებისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკას საკმაოდ აქტიური დღეები დაუდგება, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და შევხედოთ, ვინ გახდებიან მთავარი აქტორები, როგორ და რომელ პოლიტიკურ ძალებს გაუჩნდებათ ხელისუფლების გადაბარების ამბიცია და შესაძლებლობა.