კალაძე მერიაში საკადრო ცვლილებებით მიდის

კალაძე მერიაში საკადრო ცვლილებებით მიდის

თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა, მან უკვე განაცხადა, რომ მერიაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. რაც შეეხება მისი გუნდის წევრების ვინაობას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმაზე, თუ ვინ რა პოზიციას დაიკავებს, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ძალიან მალე მიაწოდებს.

„მე ვისაუბრე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები. სხვათა შორის, ძალიან ღია და გამჭვირვალე ვიქნებით და იქნება ეს პროცესები მთელი ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი მერის განცხადებით, იქნება საკადრო ცვლილებები, რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები.

„სხვათა შორის, ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კალაძემ.

არაოფიციალურად, უკვე სახელდებიან კალაძის გუნდის წევრებიც; არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს. როგორც ჩანს, კალაძეცა და მისი გუნდის წევრებიც წინასწარ იყვნენ დარწმუნებული გამარჯვებაში, რადგან თანამდებობები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კალაძის მოადგილეებად გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე მოიაზრებიან.

ირაკლი ხმალაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი წინასაარჩევნო პერიოდში დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

მაია ბითაძე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გახლდათ, შემდეგ კი კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება სწორედ მაია ბითაძეს უკავშირდება.

ლაშა კვანტალიანი და თემურ ბოლოთაშვილი კალაძის საარჩევნო შტაბში მუშაობდნენ. პროფესიით ეკონომისტ-კიბერნეტიკოსი ლაშა კვანტალიანი მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის ექსპერტმა თემურ ბოლოთაშვილმა კი ურბანულ პოლიტიკაზე იმუშავა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.

მაია ბითაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს იყოს კალაძის გუნდის წევრი და მერიაში ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობის შემთხვევაში ერთ-ერთი მიმართულება, სავარაუდოდ, იქნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება.

„პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ კახა კალაძის, როგორც არჩეული მერის მიერ უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების თარიღს. ეს იქნება დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვები, როდესაც პოსტსაარჩევნო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ყველა პროცედურა დასრულდება. ამის შემდეგ მოხდება გუნდის დაკომპლექტება, როგორც უშუალოდ საქალაქო სამსახურების უფროსების, ასევე მოადგილეების დონეზე, რაზეც ნოემბრის შუა რიცხვებში გაკეთდება ოფიციალური განცხადება“, - აცხადებს ბითაძე.

რაც შეეხება ირაკლი ხმალაძეს, იგი აცხადებს, რომ მოადგილის პოზიციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურება გაუჭირდება. თუმცა, ის კახა კალაძის გუნდის წევრია და მზად არის, შეასრულოს ყველა ის ფუნქცია, რომელიც უკეთესი იქნება ქალაქისთვის.

„ამის დროც მოვა, როდესაც კახა კალაძე შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას და ეს კანონმდებლობით, დაახლოებით, ნოემბრის შუა რიცხვებში უწევს; შესაბამისად, ბატონი კახა მიიღებს გადაწყვეტილებას გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და ეს თავის დროზე ყველასთვის ცნობილი გახდება“, - აცხადებს ხმალაძე.

რა მიმართულებას უხელმძღვანელებს ირაკლი ხმალაძე იმ შემთხვევაში, თუ ის მერის მოადგილე გახდება, როგორც ხმალაძე აცხადებს, გადაწყვეტილება კახა კალაძემ უნდა მიიღოს, მან უნდა გაანაწილოს ფუნქციები გუნდის წევრებს შორის.

რაც შეეხება, თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს, როგორც მან განაცხადა, კახა კალაძესთან სხვადასხვა პროექტებზე, საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, კონკრეტულად მის გუნდში მუშაობაზე საუბარი არ ყოფილა. ლექვინაძისთვის ასევე უცნობია, რომელი მაღალჩინოსნები შეინარჩუნებენ თანამდებობას ახალი მერის მისვლის შემდეგ.

„ბუნებრივია, რომ ბატონ კახას ჰყავს თავისი გუნდი იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც მას აქვს და ბუნებრივია, ის თავის გუნდთან ერთად განახორციელებს ამ პროექტებს. დაველოდოთ. მე ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები, მხარს დავუჭერ“,-განაცხადა ლექვინაძემ.