ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში – ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართება. ყველა ამ საარჩევნო ოლქში პირველ ადგილას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, რომელთაც 50%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 737– ვე უბნის მონაცემები დათვლა. ამ მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%–ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს. მეორე ადგილზე 17,49 %–ით დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა.
ცესკოს მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კანდიდატთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება – ელენე ხოშტარია 7,12 %; კახა კუკავა – 1,26 %; ზაალ უდუმაშვილი – 16,53 %; ირმა ინაშვილი – 3,02 %; გიორგი გუგავა – 0,96 %; დავით შუკაკიძე – 0,05 %; გიორგი ლილუაშვილი – 0,09 %; ნიკოლოზ სანებლიძე – 0,05 %; თენგიზ შერგელაშვილი – 0,25 %; გიორგი ვაშაძე – 1,95 %; ლაშა სტურუა – 0,1 %; კახა კალაძე – 51,13 %; ალექსანდრე ელისაშვილი – 17,49 %.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 53.56 %; „ნაციონალური მოძრაობა“ – 17.21%; „ევროპული საქართველო“ – 8.94%; (25 355 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 5.49%.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის. 5 დეპუტატი გაიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 3 მანდატს იღებს „ევროპული საქართველო“ და 2-ს „პატრიოტთა ალიანსი“. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მასშტაბით არჩევნები ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო და 25–ვე მაჟორიტარული მანდატი სახელისუფლებო პარტიამ აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში ჯამში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები. თუმცა, ეს შედეგები არსებითად არ შეიცვლება.
პირველი ბრიფინგი გამართა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. კალაძე ამბობს, რომ მისი და მისი გუნდის მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი.
„რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს. ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც გააგრძელებს მუშაობას, ამას ყველაფერს წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებას პირველივე დღიდან დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დამარცხება აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა, რომლის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ უთანასწორო ბრძოლას ჰქონდა ადგილი და ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა გამარჯვება შეძლო.
„მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ ყოველთვის იდეებზე გველაპარაკა და სიძულვილით არ გვესაუბრა. ერთიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაძვრა და მისი კანდიდატი დაუსხტლა მეორე ტურს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით.
თუმცა ეს წარსულია და წარსულზე აღარ ვისაუბროთ, მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მსურს და ეს ახალი კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს. ვუსურვებ, რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი“, – განცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დამარცხებას აღიარებს, მაგრამ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი არ არის „ევროპული საქართველო“. პარტიის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს არის არჩევნები, როდესაც პირველად ათობით ათასმა ადამიანმა პირველად შემოხზა რიცხვი 2.
„მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან თუნდაც 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერთად ერთად საპარლამენტო არჩევნებში შევცვალოთ ხელისუფლება, სახლში გავუშვათ „ქართული ოცნება“ და რაც მთავარია მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ჩვენს ხალხს.
„ევროპული საქართველო“ მომავალს და მომავლის გზას ხედავს ბრძოლის გაგრძელებაში, მეტ მუშაობაში, მეტი ადამიანის გამოყვანაში მომავალ არჩევნებში და რაც მთავარია, ადამიანებს უნდა დავანახოთ უკეთესი ალტერნატივა დღევანდელი ცხოვრების და „ქართული ოცნების“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კი, უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნადვილად ვერ დაიწყებს ენის მოჩლექით საუბარს, ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ მეორე ადგილი დაუწერონ. როგორც უდუმაშვილი აცხადებს, ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომლიც ახლა არის დაწყებული ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, უღირსია და არ აპირებს ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას.
„ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ოქმების გადასწორება იმ კანონის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო ხელისუფლებამ და დაბარებულები არიან კომისიის წევრები და უკვე შეჯამებული ოქმების გადასწორება მიმდინარეობს, რომ ხელისუფლებამ მიუახლოვოს ის შედეგი, რომელიც ცესკოს აქვს გამოქვეყნებული. ბუნებრივია ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა არჩევნებმა.
როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე და სამი თვის წინ განცხადება დავწერე პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ მივდიოდი პოლიტიკაში უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად. გუშინდელმა არჩევნებმა დაგვარწმუნა, ის თუ რამდენად დიდ უსამართლობასთან გვაქვს ამ ქვეყანაში საქმე, ამიტომ დღევანდელი დღიდან გაათმაგებული მოტივაცია მაქვს, რომ სწორედ ამ უსამართლობას ვებრძლო. ეს ბრძოლა არ დასრულება, დღეიდან იწყება და აუცილებლად გამაჯვებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ლიდერთა საბჭო“ და საპროტესტო აქციებს იწყებს. როგორც „ლიდერთა საბჭომ“ საგანგებო ბრიფინგზე დაანონსა, 14 ოპოზიციური პარტია, სტრატეგიის შემუშავებას და დიდ სახალხო მოძრაობაზე შეთანხმებას იწყებს. მათი განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო პერსპექტივა პრაქტიკულად გამოირიცხა.