საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ულოცავს.
„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, - განაცხადა პრემიერმა.
„მნიშვნელოვანი და ძალიან ღირსეული გამარჯვება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების პირველად შედეგებს და კახი კალაძეს წარმატებები უსურვა მისი 4-წლიანი მერად მოღვაწეობის მანძილზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი ეგზიტპოლებს არ ენდობა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს დაელოდება.
„ის, რაც დღეს ხდებოდა მთელი საარჩევნო პროცესის დროს, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ვუყურებდით, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, ზეწოლა მოსახლეობაზე, ტოტალური კონტროლი საარჩევო უბნებზე. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც აპირებდნენ მოსვლას არჩევნებზე, ურეკავდნენ და აშინებდნენ. ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც „ქართული ოცნება“ წავიდა ქართველი ხალხისა და თბილისელების წინააღმდეგ“, განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით ვერავინ დააჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა.
„ამიტომ, ვიძახით და ვაცხადებთ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც იმყოფება საარჩევნო უბნებზე და კომისიებში, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ხმების ტოტალურად გაყალბების საშუალება „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციას ხმების დაცვაში ერთად დგომისკენ მოუწოდებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არჩევნების გაყალბებისთვის, თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა საარჩევნო მარათონის პირველ ტურში დასრულებისთვის.
„ცოტა ხანში იწყება არჩევნების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილისგან. ხელისუფლებამ წარმოუდგენელი მასშტაბის „კარუსელი“ დაატრიალა ქვეყნის მასშტაბით, იყო წარმოუდგენელი მასშტაბის შანტაჟი, მუქარა, მოსყიდვა. პირდაპირ ძალდატანებით გამოჰყავდათ ამომრჩევლები და პირდაპირ საარჩევნო უბნებზე უხდიდნენ ფულს, აფრიალებდნენ ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ფულს“,- განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე გაერთიანებისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
„წარმოუდგენელია თბილისში, კახი კალაძემ გამარჯვებას მიაღწიოს პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რა მასშტაბის ფალსიფიკაციას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ჩვენზე არის ახლა დამოკიდებული ძალიან ბევრი. ამ ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესის შენარჩუნება არის ყველა ოპოზიციურ პარტიაზე დამოკიდებული. აქ საკითხი არ დგას ვინმეს გამარჯვებაზე, აქ საკითხი დგას რამდენად დაისადგურებს ქვეყანაში სიმშვიდე. არავინ შეეგუება თვალში ნაცრის შეყრას, არ შეეგუება ფალსიფიკაციას და გაყალბებას“, - განაცხადა მელიამ.
მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე განცხადებებისა, სერიოზულ დარღვევებსა და მასობრივ გაყალბებასთან დაკავშირებით, მათ პოზიციას ნაკლებად იზიარებენ სხვა პარტიები, ექსპერტები კი მშვიდ და წინა არჩევნებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულ გარემოზე საუბრობენ.
ანალიტიკოს, ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები, თუმცა რჩება ინტრიგა, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს.
„რთული პროგნოზირებადია ვინ დაიკავებს მეორე პოზიციას. ვინაიდან ცხადია, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გარკვეულ პრობლემებს უქმნის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს. მათი რეიტინგი პრაქტიკულად თანაბარია და ხშირ შემთხვევაში ელისაშვილის რეიტინგი აღემატება უდუმაშვილს რეიტინგს. იმის ალბათობა ძალიან მაღალია, რომ კალაძემ, პირველ ტურშივე მოიპოვოს გამარჯვება. ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, პროგნოზირება ჯერ კიდევ რთულია“, - განაცხადა ვაკა გორგილაძემ.
მისი შეფასებით, ეს არჩევნები ბევრად უფრო დემოკრატიული და ბევრად უფრო სამართლიანია, ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.
„არჩევნები არის მხოლოდ კადრების როტაცია. ეს არ არის ქვეყნის ორიენტაცია, აქეთ წავა თუ იქით წავა ქვეყანა, ამ ქვეყანას აქვს შესანიშნავი განვითარების საშუალება. 25 წელია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელშია. თბილისის მაგალითზე, რომ ვთქვათ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ვინც იყვნენ მერად, ყველა ცუდი მერი იყო, რადგან მათ არ ესმოდათ რატომ მიდიან საქართველოს სხვა ქალაქებიდან ხალხი თბილისში და რატომ არ მიდიან სხვა ქალაქებში“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით თბილისი არის უდიდესი ძალა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარტიებს შორის ძალთა სხვაობამ არჩევნების პროცესს აზარტი მოაკლო.
„სპორტულ შეჯიბრებაში მეტოქეები შესაძლებლობით თუ თანასწორნი არიან, მაშინ ბრძოლას აქვს აზრი და არჩევნების შემთხვევაშიც დღეს ასეა. მეტოქეებს შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ ამან აზარტი მოაკლო პროცესს. არჩევნებს აზარტი სჭირდება. დღევანდელი ოპოზიცია შთაბეჭდილებას ვერ ახდენს ამომრჩეველზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პარტიული კრიზისი გვაქვს. პარტიების დაფინანსებაში სხვაობა ლოგიკურია. როდესაც პარტიები წამოიწევიან და მოსახლეობის ნდობა თანაბრად გადანაწილდება ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებზე, შემდეგ თუ მოხდა ასეთი მაღალი სხვაობა დაფინანსებაში მერე, ალბათ, უფრო სერიოზული რეაქციის საფუძველი გვექნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა და დაიხურა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა.