„მინდა ყველას მოგილოცოთ! ეს არის თბილისის და საქართველოს გამარჯვება“

„მინდა ყველას მოგილოცოთ! ეს არის თბილისის და საქართველოს გამარჯვება“

კახა კალაძე - 54%, ზაალ უდუმაშვილი - 15%, ალეკო ელისაშვილი - 14% - ასეთია ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. ეგზიტპოლების მიხედვით, „ევროპული საქართველოს“ დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 7% აქვს. „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“, კახა კუკავას - 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - ირმა ინაშვილი - 3%, „ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე - 2%, „ლეიბორისტული პარტია“ - გიორგი გუგავა - 1%. „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლის თქმით, მონაცემებში ცდომილება შესაძლოა იყო 3%.

რაც შეეხება პარტიების მონაცემებს - ეგზიტპოლის მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება“ - 58%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 16%; „ევროპული საქართველო“ - 9%; „პატრიოატთა ალიანსი“ 5%.

რაც შეეხება ქუთაისს, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლების მიხედვით, „ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 53% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობის“ კანდიდატმა 25%; „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა 8%; „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა გოგი წულაიამ კი 6%, ხოლო ყველა დანარჩენი პარტიის კანდიდატმა ჯამში 8%. პარტიული სიების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 54% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22%; „ევროპულმა საქართველომ“ 10%; „პატრიოტთა ალიანსმა“ 4%, ხოლო ყველა დანარჩენმა პარტიამ ჯამში 10%.

მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლის მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი 54%-ით ლიდერობს, მმართველი გუნდი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს დაელოდება. მმართველი გუნდისთვის გამარჯვება ნიშნავს მომენტს, როდესაც არჩევნების შესახებ ცესკოს საბოლოო მონაცემები ოფიციალურად გახდება ცნობილი.

ეგზიტპოლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პირველი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ულოცავს. როგორც კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

„პირველ რიგში მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერი აცხადებს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და კახა კალაძე დიდი უპირატესობით ლიდერობენ და ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება.

„პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა ყველას მოგილოცოთ. ეს არის თბილისის და თბილისელების, ქართველი ხალხისა და საქართველოს გამარჯვება. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცესკოს დათვლებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეული ჩვენგან ამ ძალისხმევას ნდობის გასამტკიცებლად მიმართავს. მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს. ეს არჩევნები არის ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების პირველად შედეგებს.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო კახი კალაძეს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. თქვენ ნახეთ ეგზიტპოლების პირველადი შედეგები, რომელიც დაახლოებით ემთხვევა ჩვენი შიდაპარტიული პროგნოზის მონაცემს, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო სამსახურის მიერ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მერის არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირსეული გამარჯვება და მინდა ვუსურვო წარმატებები კახი კალაძეს მისი 4–წლიანი მერად მოღვაწეობის მანძილზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.