ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი აკვირდება. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციიის ინფორმაციით, არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, საარჩევნო პროცესს კი 4000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.
არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა არასამთავრობო სექტორმა - საია-ს ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის არაერთი შემთხვევა, ძირითადად თბილისში.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.
„აღნიშნული ფაქტები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც საია-ს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის მოსალოდნელი ფაქტების შესახებ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საიას ინფორმაციით, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა დიდუბის მე-6, ნაძალადევის 61-ე, 70-ე, მე-13, მთაწმინდის მე-4 უბანზე, კრწანისის მე-19, დიდუბის 35-ე და 36-ე უბნებზე. საიას დამკვირვებლების მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, კონტროლის განხორციელება ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა.
„მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 99.7% -სგან მიიღო. ორგანიზაციის 99.7% დამკვირვებელს უბანზე შესვლისა და შუზღუდავად დაკვირვების განხორციელების საშუალება მიეცა, რაც სტატისტიკურად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემების მსგავსია.
„სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება, კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, CDD-ის მისიის მიერ დაფიქსირებული იქნა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევების ერთეული შემთხვევები.
„საადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ შექმნიათ არავითარი დაბრკოლება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნებზე დაშვების კუთხით, რაც გასულ წლებთან შედარებით დადებითი ტენდენციაა“, - აცხადებს CDD და ამომრჩეველს მოუწოდებს, გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, ამ დროისთვის ყველაზე პრობლემურია ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში ფიქსირდება.
კერძოდ, თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, კომისიის რეგისტრატორ წევრებს თავზე ადგანან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები, რომლებიც სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით.
„აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. ასევე, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონის დაცვით განახორციელონ.
თამარ ქალდანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
„დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის. ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები“, - ნათქვამია თამარ ქალდანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით კეთდება და ამაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ არის.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ქმედების განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თალაკვაძის თქმით, აღრიცხვის წარმოება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობაა.
„საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადება ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს, შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა, გარეთ თუ შიგნით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენლებისთვის დავალება აქვს მიცემული, რომ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს.
„ამ მომენტისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობებზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მინდა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.