თბილისში მეორე ტური ნაკლებად სავარაუდოა

თბილისში მეორე ტური ნაკლებად სავარაუდოა

ცესკოს ინფორმაციით ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დეფიქსირდა. 15:00 საათის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა 46% საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა. ყველაზე ნაკლები აქტივობა შიდა ქართლში - სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 25%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 14.8% იყო. 15:00 საათის მონაცემებით, თბილისში ამომრჩეველთა 27.7% უკვე იმყოფებოდა საარჩევნმო უბნებზე.

მიუხადავად ამისა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ წინასწარი კვლევებით „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მხრიდან, რათა პირველივე ტურში მიაღწიოს გამარჯვებას.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის მიზანი და მოტივაციაა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

„წინასაწარი კვლევებით, ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს მოსახლეობის მხარდან, რათა პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მობრძანდეს დღეს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი ქვეყნის მომავალი განვითარების სასრგებლოდ და ამ შემთხვევაში ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ პირველ ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დარღვევებზე და მეორე ტურზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, რომლის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემით, თბილისის მერის არჩევნებში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას.

„ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ეს პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. ამის მთავარი წამალი კი სწორედ ამომრჩევლების აქტიურობაა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფრონტზე ვართ წარმოდგენილი და ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებზე ვითარებას, თუმცა გადამწყვეტ როლს თამაშობს ამომრჩეველი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის მსგავსად, მეორე ტურზე საუბრობს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ელისაშვილი გამორიცხავს, რომ გაყალბების გარეშე ქართული ოცნების კანდიდატმა პირველივე ტურში შეძლოს გამარჯვება.

„მე მჯერა, რომ მეორე ტური იქნება. მე მჯერა, რომ ნებისმიერი გაყალბებისა და კარუსელების მცდელობას ჩავუყრით წყალში ამომრჩეველთა აქტიურობის შედეგად“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ვინაიდან ესმის, რომ ისინი არჩევნებს აგებენ.

„რამდენიმე საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე, რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში, თბილისის მოქალაქეების მშვიდობიანი ნების გამოხატვით ჩვენ მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები თბილისში, შევცვალოთ ქართული ოცნება და მივიტანოთ თბილისში განვითარება. დღეს ჩვენ მთელი დღე ვუყურებთ შეშინებულ ქართულ ოცნებას, შეშინებულ კანდიდატს ქართული ოცნების, რომელიც ყველაფერს შვება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, აღრიცხავენ პირად მონაცემებს, არის მობილიზაცია, ლამის ძალით მოყავთ ხალხი სწორედ იმიტომ, რომ მათ ესმით, ისინი აგებენ ამ არჩევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნება არ არის დღეს ძლიერი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდებენ. როგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიების ერთადერთი მიზანი არჩევნების შედეგების და ხმების დაცვაა.

„უპრეცედენტოა, როდესაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების, პოლიტიკური ორიენტაციების მქონე პარტიები შეიკრიბნენ ერთად. ჩვენი ერთადერთი მიზანია დავიცვათ არჩევნები და თქვენი ხმები. მოვუწოდებ ყველა პარტიის მხარდამჭერს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მაშ ასე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ხმების დაცვაზე საუბრობს, უდუმაშვილი-ელისაშვილი მეორე ტურზე. ხმების დაცვისა და მეორე ტურის ალბათობას ვერ ხედავს ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებშო დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, საქართველოს ბევრ ქალაქში მოსალოდნელია მეორე ტური. რაც შეეხება თბილისს, მისი თქმით, წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ მეორე ტური გამორიცხულია.

„წინასწარმეტყველება უმადური საქმეა. თუმცა, შიდა კვლევებიდან გამომდინარე დაახლოებითი სურათი რაც მე ვიცი, დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვს უდუმაშვილს და ელისაშვილს. ეს არის არა მარტო „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა. არსებობს სხვა კვლევებიც. იგივე „რუსთავი 2“-ის სოციოლოგიური კვლევაც ნახეთ. 14-15% არის მათი რეიტინგი.

კალაძის რეიტინგი 30-35%-ია. რასაკვირველია, თუ მთელი მოსახლეობა გამოვიდა, ასეთ შემთვევაში იქნება მეორე ტური. ვინ რამდენად მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლის მოყვანას, ეს არის ძალიან არსებითი. ამ აქტივობების პირობებში კალაძის 35% საერთო რეიტინგი რაც აქვს, გადაიქცევა 50%-ზე მეტად.

იმ აქტივობებიდან გამომდინარე რაც გვაქვს, ნაკლებად სავარაუდოა თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ქართულ ოცნებას ჰყავს თავისი მოტივირებული ამომრჩეველი და საკმაოდ ორგანიზებულიც. ძალიან ძნელია წინააღმდეგობა გაუწიონ ამ ძალას ოპოზიციურმა პარტიებმა და მით უმეტეს ელისაშვილმა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.