მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არჩევნების გაყალბების სურათი შექმნას

მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არჩევნების გაყალბების სურათი შექმნას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დარღვევებზე საუბარი საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს და არჩევნების დაწყებიდან რამდენიმე საათში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასაც მიადგნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარეს მოსთხოვეს რეაგირება დარღვევებზე, რომლის შესახებაც მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება, დაიწერა ოქმები და ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„ჩვენი მხრიდან თბილისში შესულია 100 საჩივარი, რეგიონებიდან 200-ზე მეტი და მათი რაოდენობა მატულობს. მთავარი დარღვევა ის არის, რომ „ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრაციის მაგიდის უკან და აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჰყავდათ დაბარებული, რათა მიიყვანონ უბნებზე და მათი სასურველი კანდიდატისთვის მიაცემინონ ხმა იძულების წესით“, -აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაზა ბიბილაშვილი.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, დედაქალაქში თითქმის ყველა უბანზე ფიქსირდება ერთნაირი დარღვევები, რომლებზეც საჩივრები იწერება, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

იგივე ტიპის დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს თბილისში არჩევნები.

„ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, „ბოქაულებივით“ ადგანან თავზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. აქამდე ასეთი დარღვევა არ დაფიქსირებულა არც ერთ არჩევნებზე. ეს ეტყობა რაღაც ახალი მოგონილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამის მიზანია მოხდეს ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე, რათა მოხდეს აღრიცხვა თუ ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მისცეს თუ არა მათ ხმა და ვინც არ მოსულა ისინი იძულებით მოიყვანონ არჩევნებზე“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა დუშეთის მე-13 უბანზე არჩევნების ბათილად გამოცხადების საფუძვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ კონკრეტულ უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს. რადგან მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიულეტენი დაგვიანებით შეიტანეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის მე-13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის - მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მისივე ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა.

„დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით მწვავე სურათია არაქართულ რაიონებში - ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში მე-20 უბანზე თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და სცემეს;

„ასევე თავდასხმა მოხდა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ბარძიმაძეზე. მას ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზოია ბალიაშვილის შვილი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მარნეულში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ახმედ იმამკულიევის ინფორმაციით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხარდასაჭერად მოქალაქეებს თანხა ურიგდებოდა.

„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უბანთან გარეთ იდგა ავტომობილი და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს აძლევდნენ. ჩვენ მივედით და ვნახეთ, რომ უბანზე შესვლამდე და გამოსვლისას მოქალაქეები ავტომობილთან მიდიოდნენ. ეს ადამიანი მარნეულში მუშაობს და არის სასამართლოს თანამშრომელი, კერძოდ მანდატური. ეს აშკარად არის სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა“, - განაცხადა იმამკულიევმა.

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი სამირა ისმაილოვა კი საარჩევნო უბნების ადმინისტრაციის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებზე ზეწოლაზე საუბრობს. მისივე თქმით, კომისიის წევრები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ეწევიან აგიტაციას.

როგორც სამირა ისმაილოვა აცხადებს, სოფელ ფარვანაში, ქვემო ბოლნისში და ტალავერში დაძაბული სიტუაციაა, „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებზე ზეწოლა ხდება, ასევე კომისიის სხვა წევრები პირდაპირ უთითებენ ამომრჩეველს თუ ვინ უნდა შემოხაზონ ბიულეტენებში.

ისმაილოვას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ბოლნისის 23-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რუსუდან ქურდიანი. იგი აცხადებს, რომ პირადად გადაამოწმა ინფორმაცია, რომელიც ისმაილოვამ გაავრცელა და ზეწოლის არც ერთი ფაქტი ან უბანზე აგიტაციის არ დადასტურდა.

„მსგავს ფაქტს ბოლნისის არც ერთ საარჩევნო უბანზე ადგილი არ ჰქონია, პირადად გადავამოწმე ყველგან ყველა ფაქტი, გავესაუბრე „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ კომისიის წევრებს და სხვა პარტიებიდან დანიშნულ წევრებს, ვკითხე ხომ არ ხდება რაიმე სახის ზეწოლა თქვენზე, მათ უარყვეს ეს ფაქტი. პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შენობის გარეთ, სადაც არ არის საარჩევნო უბანი, იქ აგიტაციის თაობაზე ან სხვა რაიმე ფაქტებზე საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ბოლნისის 23-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ქურდიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე მარნეულში, სოფელ ქვემო სარალში იმყოფებიან.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ისინი ადგილზე ეცნობიან სიტუაციას. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაესაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელმაც აღნიშნა, რომ 58-ე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ილქაზიმ აგუბოვსა და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საჭიროა სამართალდამცველებმა შეისწავლონ მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი.

როგორც ჩანს, მარნეულში სიტუაციის გამწვავებასაც არ გამორიცხავენ, რადგან იქ უკვე სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც, თუმცა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან.

რაც შეეხება თბილისს - „ნაციონალური მოძრაობა“ საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხათუნა იაკობაშვილს საარჩევნო კოდექსის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წილისყრის პროცედურა, რომელიც საარჩევნო კოდექსით მკაცრადაა განსაზღვრული და ტარდება მხოლოდ არჩევნების დღეს, 07:00-დან 08:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ჩაატარა წინასწარ, 20 ოქტომბერს და კომისიის წევრებს ერთპიროვნულად, უკანონოდ განუსაზღვრა ფუნქცია მოვალეობები, რითაც უხეშად დაარღვია საარჩევნო კოდექსის 61-62 მუხლი.

„საბურთალოს მე-3 ოლქში, 35-ე უბანში არჩევნები უკვე გაყალბდა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარღვევებზე საუბრობს ხელისუფლებაც - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე შპს „პრეს მედიის“ წარმომადგენლები გაყალბებული მოწმობებით იმყოფებიან და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

„ცესკოს ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებულები, როგორც დამკვირვებლები; შესაბამისად, ირკვევა, რომ ამგვარად ცდილობენ საარჩევნო პროცესის  ხელის შეშლას. ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და პროცესი კანონის მოთხვნათა სრული დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პირებმა, რომლებიც საარჩევნო უბანზე იყოფებიან, დატოვონ უბანი და სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება მოხდინონ, კერძოდ, ამ შემთხვევში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის აღნიშნული უბნის გარდა, არის კიდევ სხვა შემთხვევები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აქტივისტები საარჩევნო უბნებზე არალეგიტიმურად იმყოფებიან.

„ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი ბენო გეგეჭკორი მე-6 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია უნებართვოდ აიღო.

„ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს“, - განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ აგიტატორს მხარდამჭერების მოზიდვის უფლება აქვს, შესაბამისად, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის წარმოებას და ხმების მოზიდვას ქართული კანონმდებლობაც არ კრძალავს.

დარღვევებზე საუბრობს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ხდება თბილისში შეხვედრა წარსულთან.

„ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორია ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებდნენ მოქალაქეებს. ათეულობით ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, მოდის ინფორმაციები, რომ არის „კარუსელების“ მცდელობა და ახლა ჯგუფებია გასული ამ ფაქტების გადასამოწმებლად. არაერთი საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა“, - აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები მოწმობს იმას, რომ მმართველ გუნდს მეორე ტურის ეშინია.

ცესკო ამომრჩევლის ნების გაკონტროლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ბრიფინგზე გამოეხმაურა და როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება.

ანა მიქელაძის განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.

„უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება.

ამის მიუხედავად, მივმართავთ უბანში მყოფ დამკვირვებლებს, სუბიექტების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელისშეშლის გარეშე და არ გასცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.