საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეიბს. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად. 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია.
ხმის მიცემის პროცესი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა, უკვე დაფიქსირდა რამოდენიმე დარღვევა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 22 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 20 შენიშვნა. კერძოდ, დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები - დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება, კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა, მარკირების პროცედურის დარღვევა, ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.
გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში, რამდენიმე უბანზე „პრეს-მედიის“ სახელით 10-მდე წარმომადგენელი, ცესკო-ს აკრედიტაციის გარეშე ცდილობდა უბანზე შესვლას. ასევე, დაგვიანებით გაიხსნა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა პრეზიდენტმა მისცა. როგორც ცესკოში განმარტავენ, მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე სადაც რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა.
დილით N4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ.
„ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო“, - ბრძანა უწმინდესმა.
მთაწმინდის მე-4 საუბნო საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არჩევანის გასაკეთებლად მეუღლესთან ერთად მივიდა. ყოფილმა პრემიერმა ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ხმა მისცა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება.
„ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ. სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მე ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე - ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის არჩევანი.
„დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს - ღია ცისფერს, ვარდისფერსა და ღია მწვანე ფერის ბიულეტენებს მიიღებს. ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად“, - განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება, ამიტომ მოსახლეობა ძალიან აქტიური უნდა იყოს. მისივე თქმით, თვითმართველობა ახლი იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას.
„მათ უნდა მოუსმინონ იმას, რაც უნდა ხალხს. რა გასაჭირიც არის ყოველდღიურ ყოფაში ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში. რაც მნიშვნელოვანია, თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი ჩვენი ყოფითი პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, უკეთეს თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს, იმას, რაც უნდათ თავის სოფელში, თავის უბანში, თავის ქალაქში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხმა იმ კანდიდატს მისცა, რომელსაც შეუძლია თბილისი განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს. კობახიძის შეფასებით, თუ თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები.
„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დილიდან არჩევანი გააკეთეს თბილისის მერობის კანდიდატებმა. კანდიდატებიდან პირველი „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იყო. ხოშტარიას განცხადებით გულანთებულია იმისათვის, რომ თბილისის მერის მანდატი ჩაიბაროს და საქმის კეთებას შეუდგეს.
„ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ სწორედ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის გაკეთებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე ქალაქს მისცა ხმა - მე-3 ოლქის 64-ე საარჩევნო უბაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. არის თუ არა ის დღეს ჟურნალისტების წინაშე ბოლოჯერ თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსით, კახა კალაძე ამბობს, რომ ამას გადაწყვეტს დედაქალაქის მოსახლეობა.
„საღამოს ყველაფერი გახდება ცნობილი. არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება. ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დიდუბეში, მე-12 უბანზე წარმატებულ თბილისს მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელმაც ამომრჩევლებს მიმართა, რომ თავად განსაზღვრავენ ახლა ამ ქალაქის ბედს და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ახლა ამ ქალაქის ბედს. თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ. ნამდვილად კარგი საარჩევნო ამინდია დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს მისცა ხმა „ერთობა ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ და ფიქრობს, რომ ძალიან კარგი შედეგები ექნება.
„მე მივეცი ხმა მომავალს, მივეცი ხმა განვითარებას, მივეცი ხმა წარმატებას, მივეცი ხმა არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვექნება დღეს არჩევნებზე და არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, რომელის განცხადებით, ხმა მისცა ეროვნული ძალების დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში.
„გადადეთ ყველა საქმე, მოდით და ხმა მიეცით მას, ვინც საჭიროდ მიგაჩნიათ. თქვენი აქტიურობა იქნება ბევრად უფრო ძლიერი ძალა, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოწყობილი უამრავი სხვადასხვა მანიპულაცია“, - აღნიშნა კახა კუკავამ.