მერის არჩევნებში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცეესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებში მაჟორიტართა არჩევის წესს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო საკრებულოებში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%-ს მიიღებენ.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4 727 შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე დაიბეჭდა.
ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები 208 საარჩევნო უბანს მიეწოდება, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები - ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე.
ინოვაციური სერვისი შესთავაზეს ყრუ და სმენა დაქვეითებულ ამომრჩევლებს - ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ინფორმაციის მიღება მათ ვიდეო ზარის განხორციელებით, ჟესტების ენაზე შეუძლიათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩევლებს და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით.
როგორც თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს მიმართა, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე, საჩივრით შესაბამის საუბნო- საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება-საჩივრით დაუყოვნებლივ ზემდგომ საოლქო-საარჩევნო კომისიას მიმართოს.
21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც დააკვირდებიან. ელჩები ამ მიზნით თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვევიან. საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებზე, აშშ-ის, ჰოლანდიის და ბრიტანეთის საელჩოებსა და USAID-ს საქართველოს მასშტაბით 15 სადამკვირვებლო ჯგუფი ეყოლება.
ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ კანდიდატები. 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა შემაჯამებელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების საარსებო გარემოს, ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისთვის. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და მათ აქტიურობისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მინდა ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ჩემს თანამებრძოლს, მეგობრებო, ჩვენი ერთადდგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური აუცილებლად იქნება. შესაბამისად, მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას, კახა კალაძე კი გამარჯვებას შეძლებს.
„ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ. ხვალ საქართველოსთვის და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში უნდა დავამარცხოთ უიმედობა, უპერსპექტივობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობა და ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, ჩვენ ყველას ერთად“, - განაცხადა ნიკა მელიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე.
„ხვალ არის ის დღე, როცა თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“, - ასე მიმართა ამომრჩევლებს „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხვალ თბილისმა, ყოველმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პასუხი მოთხოვოს ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ტყუილებით მოვიდეს ხელისუფლებაში. გადაწყვიტა, რომ მოატყუოს ადამიანები, რომ გაუმჯობესდება დ აგააუარესოს ცხოვრება. ხვალ არის ის დღე, როცა თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი„ქართულ ოცნებას“. სწორედ მშვიდობის, ყოველგვარი რყევისგარეშე, არჩევნების დემოკრატიული გზით უნდა ვაგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“, - მიმართა ამომრჩეველს ელენე ხოშტარიამ.
საკუთარ ამომრჩევლებსა და მომხრეებს მიმართა „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
„ჩვენ ვართ ერთადერთი ეროვნული, თანმიმდევრული ძალა, რომელმაც ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორ მოვაგვაროთ ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის პრობლემები. არჩევნებზე თქვენი მოსვლა არის გადამწყვეტი. თუ არ მოხვალთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეგუებით იმ უსამართლობას, უუნარობას, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს, ეგუებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად პატარავდება. ეგუებით იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვების ზღვარს მიღმა ცხოვრობს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გამარჯვების მოსაპოვებლად მზად არის „დიდგორის ლაშქარი“ „ლეიბორისტული პარტიიდან“. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს.
„ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს, ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ 41 მილიონერ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ზის და ჩვენს ხარჯზე მილიონებს აკეთებს კიდევ. იმ საკრებულოს 20 დეპუტატს, რომელიც თბილისელების ძარცვით გამდიდრდა. ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ ბანკირებს, რომელთა მოვალე 700 ათასი ჩვენი თანამოძმე და ოჯახის წევრია. ეს უნდა გავაკეთოთ ხვალ, იმიტომ, რომ ზეგ უკვე გვიანი იქნება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.