„თუ მოთხოვნაა, მაშინ უკრაინელებმა უნდა მოითხოვონ არა საპრეზიდენტო, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“

„თუ მოთხოვნაა, მაშინ უკრაინელებმა უნდა მოითხოვონ არა საპრეზიდენტო, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“

ვერხოვნა რადას წინ საპროტესტო აქციების დროს ყველაზე რადიკალური განწყობის მქონედ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აღიქმებოდა. მართალია, ამ დღეებში სააკაშვილმა დიდსულოვნად გადაარჩინა და აგრესიულად განწყობილ ხალხს გამოსტაცა პოროშენკოს ფრაქციის აწ უკვე ნაცემი და ლოყაჩაწითლებული წევრი ოლეგ ბარნა, მაგრამ სააკაშვილის აღშფოთება პოროშენკოს მიმართ იმდენად იყო პიკს მიღწეული, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ტრიბუნასთან მიჭრილმა მისი გადადგომა მოითხოვა. თუმცა მიხვდა რა, რომ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები არ შეუერთდნენ მის მოთხოვნას, მიშამაც მოთხოვნა მოხსნა.

ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინა მესამე რევოლუციის ზღურბლზეა. საამისო ეჭვებს ამძაფრებს არა მარტო შეტაკებები, რაც რადის წინ მიმდინარეობს, არამედ ისიც, რომ 17 ოქტომბერს კიევში საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა კარვები დასცეს და სამხედრო საველე სამზარეულოც მიაგორეს, რაც მესამე რევოლუციისთვის თუ არა, დროში გაწელილი საპროტესტო აქციებისთვის გამოადგებოდათ. ჯერი ახლა უკრაინის ხელისუფლებაზეა, შეასრულებენ თუ არა აქციის მონაწილეთა სამ მოთხოვნას: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებას, ახალი საარჩევნო კანონის შემუშავებას.

უკრაინის დეპუტატი ანტონ გერაშენკო მიიჩნევს, რომ საკუთარი ხალხის მიერ საქართველოდან გაძევებულ სააკაშვილს უკრაინაში გადატრიალების მოწყობა სურს. უკრაინის შს მინისტრის თანაშემწე კი „პრორუსული პროვოკაციების“ ერთ-ერთ მოთავედ სწორედ სააკაშვილს ასახელებს.

ხომ არ განმეორდება უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია, როცა იანუკოვიჩის სასარგებლოდ საარჩევნო გაყალბებების შემდეგ უკრაინის ბედი ვიქტორ იუშჩენკოს სასარგებლოდ შეტრიალდა?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ვინც გარედან უყურებს სიტუაციას და არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება უკრაინის შიდა პოლიტიკურ კულუარებში, შეიძლება ფიქრობდეს, რომ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე მუშაობს. სინამდვილეში, სააკაშვილი არის ჭანჭიკი, რომელიც სხვის დაკვეთას ასრულებს. უკრაინულ მოვლენებში კი საინტერესო კომბინაცია იკვეთება, რადგან პოროშენკოს უპირისპირდება ისეთი მძლავრი პოლიტიკური პირი, როგორიცაა შს მინისტრი არსენ ავაკოვი. ამ კონტექსტში საუბარია გადატრიალების მსვლელობაზე, რომელიც შესაძლოა, მოაწყოს ავაკოვმა.

„ეს სცენარიც განიხილება, რადგან ავაკოვსა და პოროშენკოს შორის დაიძაბა სიტუაცია. ავაკოვი აკონტროლებს ეროვნულ გვარდიასა და მოხალისეთა ბატალიონის წარმომადგენლებს, ასევე, შს სამინისტროს მთელ შემადგენლობას. პოროშენკოს შემადგნელობაში კი არის შეირაღებული ძალები. სააკაშვილმა ვერ შეძლო მთლიანი უკრაინის მოსახლეობის მობილიზაცია და მხოლოდ რამდენიმე ათასი გამოიყვანა. რასაკვირველია, უკრაინაში ნამდვილად არ არის მაიდნის სიტუაცია. ეს გადაჭარბებული სენტიმენტებია, რადგან საპროტესტო მუხტი ძალზე დაბალია, ასეთი ტიპის საპროტესტო აქციები უკრაინის რადის წინ პერმანენტულად იმართება. სააკაშვილი და მისი მომხრეები არ არიან ახლები ამ მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, ახლანდელი სიტუაცია სულ სხვა კონტექსტში ჩაჯდეს იმ პოლიტიკურ კლანურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც დღეს უკრაინის სახელისუფლებო მაღალ სტრუქტურებში არიან მოკალათებულნი. ამდენად, საპროტესტო გამოსვლებმა შესაძლოა, ერთგვარი ნაპერწკლის როლი შესძინოს ამ ლატენტური ტიპის პოლიტიკურ დაპირისპირებას. ეს არის ამ დაპირისპირების ერთი მიმართულება.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, პოროშენკოს წინააღმდეგ შეიძლება დამატებით განხორციელდეს ოლიგარქიული შეთქმულება, სადაც მიხეილ სააკაშვილი პატარა ჭანჭიკის როლს შეასრულებს. თუმცა მოვლენების ასე განვითარების მიუხედავად, ვახტანგ მაისაია უკრაინაში რევოლუციის სცენარს ვერ ხედავს. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შიდა პოლიტიკურ დონეზე, სადაც სააკაშვილს არანაირი ბერკეტები და ზეგავლენა არ ექნება, გარდა იმისა, რომ მან შეიძლება მხოლოდ ნაპერწკლის ელემენტი შექმნას და მეტი არაფერი.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი

უკრაინის წინაშე სერიოზული საკითხები წამოიჭრა, ეს არ არის სააკაშვილის ბრალი, ეს თვითონ უკრაინის ხელისუფლების ბრალია, რომელმაც ვერ მოახერხა კორუფციის დაძლევა, ათასი უარყოფითი ფაქტორისგან გათავისუფლება და ვერც რეფორმები გაატარა. სწორედ ამის მიზეზია, რომ უკრაინის პრესტიჟი ძალზე დაეცა დასავლეთში და მის მიმართ ნდობა შემცირდა. ყველაფერმა ამან შეიძლება ბევრ რამეზე იქონიოს გავლენა, ამდენად, თავად უკრაინელთა ინტერესში არ არის მოვლენების ასე გაგრძელება.

„თუკი რევოლუციური სცენარით განვითარდება მოვლენები, ეს უკრაინისთვის ძალიან ცუდი იქნება, რადგან მორიგი ახალი რევოლუცია დიდ ზიანს მიაყენებს ამ სახელმწიფოს მშენებლობას. ამავე დროს, უკრაინაში პროტესტი უნდა არსებობდეს და ისიც სწორია, რომ არსებობს პოლიტიკური პარტიები, თუნდაც სააკაშვილის ჩათვლით, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ. ცხადია, ამით უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ პოროშენკოს გადადგომა სიტუაციას ვერ გამოასწორებს. პოროშენკოზე ძლიერი ფიგურები მთავრობასა და პარლამენტში სხედან და პოროშენკო თუ გადადგა, ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს ხელისუფლების შეცვლაზე, იმ კურსის შეცვლაზე, რომელიც ახლა არჩეული აქვს უკრაინის მთავრობას“,-მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი და განმარტავს, თუ მოთხოვნაა, მაშინ უკრაინელებმა უნდა მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება, თანაც, არა უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც მთლიანი პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეცვლისთვის გამოადგებათ.

მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს უკრაინაში ლეგალურად იმხელა ძალაუფლება არ აქვს, როგორც მთავრობას ან პარლამენტს. მეორე მხრივ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჯერჯერობით არ არიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც შეეძლებათ უკეთესად ააწყონ უკრაინის სახელმწიფო.