თავდასხმა მარნეულში – დაჭრილია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

თავდასხმა მარნეულში – დაჭრილია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს. გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციების მოძიება და მუდმივ რეჟიმში განახლება. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში მუშაობა სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს.

„ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის. მიმდინარეობს გამოძიება, გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაციები, ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციებს იღებენ და ამუშავებენ. საქმეზე კვალიფიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტულს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრი წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ნუ განვიხილავთ აღნიშნულს პოლიტიკურ ჭრილში.

„მე გთხოვთ, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.

რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ინფორმაციას ყოველწუთიერად იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან გუშინ საღამოს თავდასხმა მოხდა. დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით“, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ჯეიხუნ ჩოვდაროვს. ასევე დაჭრილია საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ჯეიხუნ ჩოვდაროვს და მის თანმხლებ პირს მარნეულის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

ოთხივე დაჭრილი მარნეულში „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში რჩებიან. როგორც პირველ არხს „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ამირან გიორგაძემ განუცხადა, ჯერ ერთი გასროლა იყო, რასაც ავტომატის ჯერი მოჰყვა.

 

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილია სულ ხუთი პირი, ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორის პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მარნეულის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, თეა ზარიძის განცხადებით, ოთხივე დაჭრილი დაახლოებით 23:30 საათზე შეიყვანეს კლინიკაში, ოთხივეს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით.

„ორ მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილურად მძიმე რჩება მათი მდგომარეობა. რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ორივე პაციენტის შემთხვევაში, რომელთაც ოპერაციები ჩაუტარდათ, არის მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მთლიანობის დარღვევით. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან სულ რამდენიმე საათია გასული. დანარჩენ ორ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების დაზიანება, არასისხლმდენი ჭრილობები. მსუბუქად არიან დაშავებული და რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა თეა ზარიძემ.

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, რომლის განცხადებით, დაჭრილთა თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი.

„ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ყოველსაათობრივი გადაფასება.

რაც შეეხება თბილისში მათ გადაყვანას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ. ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან, თავდასხმის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი ამკრძალავი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.