პრეზიდენტმა კონსტიტუციაზე ხელმოწერა ისე დაამადლა მმართველ გუნდს, თითქოს დიდი მსხვერპლი გაიღო - „ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა - ის სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციის გარანტი და უმაღლესი ძალების მთავარსარდალია.
„ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ აცილებული იყოს თავიდან შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმღალესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მთელ ამ პროცესში სურდათ ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, თუმცა როგორც მან არნიშნა, იყო მეორე სტანდარტიც, „ქართული ოცნების“, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, თუ როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები:
„ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილული იყოს როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“.
მართალია, დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ შეფასებისას მმართველი გუნდი კვლავ არ დაინდო და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა - ერთპარტიული კონსტიტუცია.
საზოგადოებას უკვე გაუჩნდა კითხვა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო - როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ოპოზიციისთვისაც მოუწევს, თუმცა პრეზიდენტს შესაბამისი ოფიციალური პასუხი უკვე მზად აქვს;
ბუნებრივია, კიდევ რჩება კითხვა, რომელზე პასუხიც ალბათ ფართო საზოგადოებისთვის არ იქნება განკუთვნილი - ჯანი ბუკიკიოს სამშობლოში, იტალიაში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას განიხილებოდა თუ არა კონსტიტუციის თემა.
„საზოგადოებამ კარგად იცის, მე ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად, ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი ერთი წლის განმავლობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას არჩევნებზე მისვლა და აქტიურობა რათა „გადადგან ნაბიჯი უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიისკენ“.
თავის მხრივ, მმართველმა გუნდმაც არ შეარჩინა მარგველაშვილს დამადლებული ხელმოწერა და არა მხოლოდ ხელმოწერა - პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „სამაგიერო“ გადაუხადა.
კობახიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ხელმოწერა ვეტოდაძლეულ დოკუმენტზე მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, აბსოლუტურად გაუგებარი იყო გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგის შინაარსი.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პრეზიდენტმა ამით წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა.
„მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას, ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ თუ „დემოკრატიული მოძრაობა“ - განაცხადა კობახიძემ. მისივე შეფასებით, რეალურად ამ ბრიფინგის მიზანი არ იყო კონსტიტუციაზე საუბარი, მიზანი იყო წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება.
მისი თქმით, ბრიფინგზე პრეზიდენტმა არაპირდაპირ აღიარა, რომ ეს კონსტიტუცია არის ხარისხიანი და მართლა აყალიბებს ძალიან დემოკრატიულ სისტემას, მაგრამ მეორე მხრივ, გააკეთა ცხადი პოლიტიკური განცხადება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა,მარგველაშვილმა იგივე გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მაშინაც განაცხადა, რომ ხმას აძლევდა მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს იყო პირდაპირ მოწოდება ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ.
„მადლობა ღმერთს, პრეზიდენტის ხმას არ ჰქონდა შესაბამისი წონა, რომ ოპოზიციას მიეღო უფრო მაღალი შედეგი და საბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და გაგრძელდა დემოკრატიული პროცესი.
პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არადემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ფონზე მან მოუწოდა ამომრჩეველს დემოკრატიის დაცვისა და საარჩევნო აქტიურობისკენ, ანუ იყო „ქართული ოცნების“ ნეგატიური შეფასება და მარგველაშვილმა ამ ფონზე მოუწოდა საზოგადოებას აქტიურობისკენ. მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, ვინ არის მარგველაშვილის ფავორიტი, თუმცა როგორც 2016 წელს დამარცხდა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვას იმის შესახებ, გამორიცხავს თუ არა, რომ მაღალი ლეგიტიმაციით არჩევის შემთხვევაში კახი კალაძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის მსგავსად დაიწყოს დამოუკიდებელი თამაში, კობახიძემ უპასუხა, რომ კალაძე მარგველაშვილის მსგავსად არ მოიქცევა.
„ყოველთვის, როდესაც კახი კალაძე იღებს გადაწყვეტილებებს, ის ამოდის ობიექტური და არა სუბიექტური ინტერესებიდან. ის არის გუნდის ერთგული. ის არის გუნდური მოთამაშე როგორც სპორტში, ისე პოლიტიკაში. მას ახასიათებს ასეთი პიროვნული თვისებები და აქედან გამომდინარე მე გამოვრიცხავ კახი კალაძემ ხვალ გააკეთოს ის, რაც გუშინ გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა“, - განაცხადა კობახიძემ.