აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. მანამდე თითქმის ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ოფიციალური ბაქოს იგნორირებას ახდენდა. აზერბაიჯანში არაერთხელ გაისმა განცხადებები აშშ-ს უმადურობისა და სომხეთის მიმართ ლოიალობის შესახებ.
სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენის“ ცნობით, სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ბარაკ ობამასა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება, რითაც როგორც ექპერტები აცხადებენ, „ორ ქვეყნის ლიდერის ურთიერთიგნორირება დასრულდება“.
ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ოფიციალური ბაქოს იგნორირებას ახდენდა. გასული წლის ზაფხულში თეთრმა სახლმა ბაქოდან ელჩი გაიწვია და თითქმის წელიწადი მოანდომა ახალი კანდიდატურის დანიშვნას.
გასული წლის შემოდგომაზე კი საქართველოსა და სომხეთისგან განსხვავებით აზერბაიჯანი არც „ანტიბირთვულ სამიტზე“ მიიწვიეს, რომელიც უშუალოდ ბარაკ ობამას ინიციატივით გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახმედ დავიდოღლუმ აღნიშნული შეაფასა, როგორც „ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები“.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იყო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა დიპლომატიურ დემარშად შეფასდეს – ოფიციალურმა ვაშინგტონმა გასულ წელს აზერბაიჯანის ელჩი „იფტარზე“ არ მიიწვია, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი ქვეყენაში აკრედიტებული მუსულმანური ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მართავს.
ამ „მდუმარე იგნორირების“ ფონზე ვაშინგტონი არ გამოსულა არც ართი ანტიაზერბაიჯანული განცხადებით. პირიქით ყველა შესაძლებელ ვითარებაში ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აზერბაიჯანში არაერთხელ გაისმა განცხადებები აშშ-ს უმადურობისა და სომხეთის მიმართ ლოიალობის შესახებ. ვითარება იმ ზომამდე მივიდა, რომ ბაქოდან გაისმა მუქარა გაზის სრულად ან რუსეთისთვის ან ირანისთვის მიყიდვის შესახებ.
ამ ფონზე სექტემბერში დაგეგმილ ალიევი ობამას შეხვედრას ნამდვილად შეიძლება ახალი ფაზის დაწყება ეწოდოს.
რაც შეეხება უახლოეს უარყოფით გამოცდილებას, ფაქტია, რომ ბოლო დრის შეერთებულ შტატებს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სერიოზულად ცივდებოდა. ანალიტიკოსთა შფასებით, ბაქოში ვაშინგტონის პოლიტიკით იმედგაცრუება, თუ არ მოსპობდა, ყოველ შემთხვევაში საგრძნობლად გააფუჭებდა ორმხრივ ურთიერთობებს და შეარყევდა აშშ-ს სტრატეგიულ მიზნებს ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის რეგიონში.
პირველ რიგში, აზერბაიჯანის პოლიტიკური წრეები გაღიზიანებულნი იყვნენ იმით, რომ ვაშინგტონი კარგა ხნის მანძილზე მოითხოვდა და აქტიურად მოქმედებდა თურქულ-სომხური საზღვრის გახსნის მიმართულებით, ისე რომ წინაპირობად აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას არ აყენებდა.
აზერბაიჯენელი ჩინოვნიკების რწმენით, ეს არამხოლოდ აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს ლახავს, არამედ ასუსტებს ყარაბახთან დაკავშირებულ სამშვიდობო პროცესს იმით, რომ სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისზე წასვლის სულ უფრო ნაკლები ნება უჩნდება.
აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩინოვნიკებმა ვაშინგტონის ღია კრიტიკა დაიწყეს. ნოვრუზ მამედოვმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა – „ვიდრე აშშ სომხეთის მიმართ ძლიერ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას გამოხატავს, რომელსაც აზერბაიჯანის მიწები აქვს ოკუპირებული, ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ვაშინგტონი აზერბაიჯანს არსებითად ეხმარება“.
მთავარი პროტესტი ბაქოში, ამერიკის კონგრესის მხრიდან ყარაბახის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 8 მილიონის ასიგნებას მოჰყვა. როგორც ოფიციალურმა, ასევე არასამთავრობო წრეებმა ვაშინგტონის ამ პოლიტიკით უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოხატეს, ამტკიცებენ რა რომ ეს უსამართლოდ ყარაბახში მცხოვრებ სომხურ საზოგადოებას აზერბაიჯანულთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ოკუპირებულ მიწებზე ხელს უწყობს უკანონო რეჟიმის განმტკიცებას და აშშ-ს როგორც ნეიტრალური მედიატორის იმიჯს ლახავს.
გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ერთ-ერთი პარლამენტარი ჯამილ ჰასანლი, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის წინადადებით გამოვიდა. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ყველა სექტორმა დაგმო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზიაფატ ასგაროვმა განაცხადა, რომ – „აშშ-ს ეს ნაბიჯი აზერბაიჯანისთვის გაუგებარია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს“. აშშ-ს კონგრესს საპროტესტო წერილი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუგზავნა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კი ბაქოში ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციები მოაწყო.
ბოლოს კი Freedom House-მა, თავის ყოველწლიურ ანგარიშში (Freedom of the Press 2009) ყარაბახი აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივ ტერიტორიად მოიხსენია, მაშინ როდესაც სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს სამართლიანად საქართველოს ტერიტორიებს უწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ბაქოში ეს ფაქტი შეურაცხყოფად მიიღეს.
„Freedom House“-ი იმათ ინტერესებს ემსახურება, ვინც ყარაბახის სეპარატისტებს 8 მილიონი დოლარი გაუგზავნა. ამ ორგანიზაციამ დიდი ხანია, რაც საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“, – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელნურ ასლანოვმა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა, ბოლო წლებში აზერბაიჯანში ამ მოვლენების გაზვიადებაც ხდება. ეს ასევე დაკავშირებულია აზერბაიჯანის ეკონომიკის გაძლიერებასთან და აქედან გამომდინარე მისი პოლიტიკური პოზიციის გამკაცრებასთან. ის რომ აზერბაიჯანი სულ უფრო ხშირად გამოხატავს ამერიკული პოლიტიკით გაღიზიანებას, იმაზე მიუთითებს რომ ამერიკულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში არსებული პრობლემები ტაქტიკურზე მეტად, უფრო სტრატეგიული ხასიათისაა.
– სინამდვილეში, ერაყის და ავღანეთის ომებმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და იდეოლოგიური მიმზიდველობის დაკარგვამ აშშ-ს მსოფლიოს ბევრ კუთხეში, მათ შორის სამხრეთ-კავკასიაშიც დაუკარგა პოპულარობა. ის დრო, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-სკენ მიილტვოდნენ, 1990-იანი წლების დასაწყისში დარჩა. ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“-ს მილსადენი, რომელიც რეგიონში აზერბაიჯანის და შეერთებული შტატების ერთობლივ ინტერესებს ემსახურებოდა, ასევე ისტორიის ნაწილია. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში „გადატვირთვა“ ზრდის იმ შიშს, რომ ეს „გადატვირთვა“ ახლად განთავისუფლებული ქვეყნების ხარჯზე მოხდება, რასაც ბაქოში ვაშინგტონის მიმართ უფრო მეტი უნდობლობა მოსდევს.
იმავდროულად გაძლიერებულ აზერბაიჯანს, სულ უფრო ნაკლებად სჯერა, რომ შესაძლებელი გახდება ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის მიღწევა და იმით უკმაყოფილო რასაც თურქულ-სომხური საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას უწოდებენ, აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად ნაკლებად აღიქვამს. რეგიონში აშშ-ს პოლიტიკური პოზიციის გაძლიერებისთვის აუცილებელია ამერიკელმა პოლიტიკოსებმა აქტიურად იმუშაონ ისეთ ფართომასშტაბიან ახალ პროექტებზე, როგორიც მაგალითად „ნაბუქოა“.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მაღალი რანგის ფიგურების სტუმრობაც. სხვა შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოლიტიკური პოზიცია რეგიონში კიდევ უფრო შესუსტება“ – აცხადებენ ანალიტიკოსები.