„ღატაკთა თავშესაფარი კი არა, განვითარებული ქვეყანა უნდა ავაშენოთ“

„ღატაკთა თავშესაფარი კი არა, განვითარებული ქვეყანა უნდა ავაშენოთ“

რისთვის ვირჩევთ ადგილობრივ ხელისუფლებებს და რას გვპირდებიან კანდიდატები? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატისგან არ მიგვიღია. ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებებში თბილისის სივრცითი მოწყობის და ეკოლოგიის პრობლემებია წინა პლანზე. სოციოლოგები ამას ამომრჩევლის დაკვეთით ხსნიან, რომელთა მოთხოვნები შეცვლილია - თბილისელებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქალაქის მოწყობა, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ეკოლოგია; სოციალური პრობლემები, კერძოდ პენსიის მომატება, შემოსავლების ზრდა და დასაქმება წინასაარჩევნო პროგრამებში კვლავ აქტუალურია - ზოგიერთი კანდიდატი სწორედ ამ თემებზე აკეთებს აქცენტირებას, რაც მათი სლოგანებიდან და წინასაარჩევნო დაპირებებიდანაც კარგად ჩანს.

მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.

პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე იღებს იმ ფუნქციას, რაც კანონით, მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. გამოდის, რომ ტყუილ დაპირებებს გასცემენ, რადგან პენსიებისა და სოციალური შემწეობების გაზრდის ბერკეტები, არც მერებს გააჩნიათ და არც საკრებულოებს. შეუძლებელია მათ ეს ინფოერმაცია არ ჰქონდეთ - ხალხს შეგნებულად ატყუებენ?

- ყველა პარტია ცდილობს, რომ მძიმე სოციალური ფონი ასახოს საკუთარ დაპირებებში, საარჩევნო პროგრამებში. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა რომ ნახოთ, გაოცდებით - უწერიათ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 400 მილიონ ლარს დაზოგავენ და ამას გადაუნაწილებენ მოსახლეობას. ამბობენ, რომ 50 ლარს დაუმატებენ პენსიებზე და სადღაც 70 ლარს - სოციალურად შეჭირვებულებს - ანუ შემწეობას დაამატებენ ამ თანხას.

ეს არის დიდი ტყუილი და თავიდან ბოლომდე სოციალური დემაგოგია, იმიტომ, რომ 400 მილიონის დაზოგვა მუნიციპალური ბიუჯეტიდან შეუძლებელია, ეს არის მთლიანი თანხა, რაც ხმარდება მუნიციპალურ მოხელეთა კორპუსის შრომის ანაზღაურებას. ეს თანხა რომ დაზოგო, ნიშნავს, რომ მათ საერთოდ ხელფასი არ გადაუხადო - აქ დანამატებსა და პრემიებზე არ არის საუბარი.

რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატს, პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები მანაც დაასახელა. ამის გარდა შეეხო გარემოს, თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვას, საგზაო მოძრაობას, პარკინგს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რამდენიმე საჯარო გამოსვლაში, „ოცნების“ მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებზეც ილაპარაკა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, „ქართული ოცნებაა“. თქვენთვის რას ნიშნავსსიცოცხლით სავსე ქალაქი“?

- ეს ნიშნავს გააქტიურებას, შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს - არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სლოგანია. ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური ცხოვრების გააქტიურება იგულისხმება - ყველაზე მეტად რაც სჭირდება ქვეყანას არის ის, რომ მეტი დინამიზმი ჰქონდეს განვითარებას. მეტი სისწრაფე უნდა იყოს კეთილდღეობის ზრდისა და ამას სჭირდება ეკონომიკური და სოციალური აქტივობა. ეს არის კალაძის მთავარი მესიჯი.

ნაციონალურ მოძრაობასრაც შეეხება, უდუმაშვილი აცხადებს, რომ მის პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილდება დედაქალაქის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ინფრასტრუქტურაზე, უკანონო მშენებლობებზე, ავარიულ კორპუსებზე, საცობებსა და ეკოლოგიაზე. ყოფილი ტელეწამყვანისითი პარკისპრობლემის მოგვარებასაც გვპირდება. რაც მთავარია, მისი პროგრამა ეკონომიკურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაზრდას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს... გასაგებია, რომ ყველა ცდილობს ხალხის ემოციებზე ითამაშოს, მაგრამ რასაც მერობის კანდიდატები გვთავაზობენ, არის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების პრეროგატივა...

- ამაზე ის შემიძლია გითხრათ, რომ თუ მთლიანად არ შეიცვალა მოქმედი კანონმდებლობა და მთლიანი სისტემა, ასე გაგრძელდება. ის, რომ საპენსიო და სოციალური დანამატები თვითმმართველობამ გასცეს, არის აბსურდი, ეს საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით და ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა.

თუმცა „ოცნებას“ თავის პროგრამაში აღნიშნული აქვს, რომ მოახდენს ამ სოციალური შემწეობების დელეგირებას. ეს გაკეთდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მმართველობა. ეს მოდელი რომ განახორციელო, კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ეს ხარჯები გასწიო, წარმოუდგენელია.

თვითმმართველობას ისედაც ბევრი საქმე აქვს, რომელზეც შემდეგ ანგარიში უნდა ჩააბაროს - მას ეხება ადგილობრივი რიგი სისტემების - გზების, ინფრასტრუქტურის, წყალგაყვანილობების და ა.შ. მოწესრიგება. ადგილობრივი ტერიტორიების კეთილმოწყობა, დაგეგმარება და ა.შ. ნეტავ იმ ფუნქციების შესრულებას ეყოს მწირი მუნიციპალური ბიუჯეტები, რა პრობლემებიც არსებობს.

რამდენიც უნდა დაზოგო ეს ფული არასოდეს არ იქნება საკმარისი, რომ პენსიების დანამატებზე დაიხარჯოს.

თავის დროზე, 2003 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინაც სოციალურ დემაგოგიაზე იყო აგებული მათი წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ მაშინ საპარლამენტო არჩევნები მაინც იყო. გამოდის, რომ დღეს უფრო მაღალი ხარისხით იტყუებიან, რადგან ადგილობრივ მმართველობას არ აქვს იმის რესურსი, რომ პენსია გაზარდოს.

ფულს იმიტომ ვკრებთ და მუნიციპალიტეტებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ეს ფული ჩვენს საზოგადოებრივ საჭიროებებს მოახმაროს და არა, იმისთვის, რომ ეს ფული შემდეგ უკანვე გადაგვინაწილოს, იმის მიხედვით, ვის როგორ უჭირს.

სოციალური დაცვის სისტემა თვითმმართველობას არ ექვემდებარება ეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ ის არ ექვემდებარება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება. არის შესაძლებელი, მოახერხოს უამრავი მუნიციპალური პროექტის განხორცილება თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან დისტანცირებული იქნება?

- კარგი ლოზუნგია, ხალხი უნდა იყოს მისი უფროსი და არა ცენტრალური ხელისუფლება, ანუ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ძალიან კარგია, რომ ელისაშვილს ეს ამოცანა აქვს დასახული, მაგრამ მექანიზმი არ აქვს, ეს როგორ უნდა შეასრულოს - ერთი ადამიანია.

ხალხი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უშუალოდ ვერ ჩაერევა, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო ან დედაქალაქის მთავრობა. ეს ორი უწყება ერმანეთთან ოპონირების რეჟიმში არსებობს და თუ ელისაშვილს საკრებულოში არ ეყოლება უმრავლესობა, მაშინ არ ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელსაც გააკონტროლებს. რა მექანიზმით უნდა შეასრულოს დაპირებები, რასაც წინასაარჩევნოდ იძლევა? მაშინ საკრებულოს უნდა გაურიგდეს ან მოურიგდეს, მაგრამ თუ ასეთი ხისტი პოზიცია ექნება „ქართული ოცნების“ მიმართ, ესეც ძალიან გაუჭირდება და მისი დაპირებები არარეალისტური აღმოჩნდება.

ირმა ინაშვილის პარტიამ დააანონსა სიღარიბის დაძლევა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილები, „მოვდივართ ხელმოკლეთა გასახარებლად“! ინაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს და შესაბამისად, მისი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა სოციალურ თემაზეა ორიენტირებული. როგორ უნდა გაახაროს მერმა ხელმოკლე ოჯახები?

- პოპულიზმი გასაგებია, მაგრამ სოციალურ დემაგოგიაში არ უნდა გადაიყვანო საარჩევნო კამპანია. გასაგებია, რომ მასშტაბური სიღარიბე მთავარი პრობლემაა, მაგრამ მას რა მექანიზმებით უნდა შეებძოლოს პოლიტიკური ძალა, ეს არის საინტერესო.

ის, რომ ავდგები და ბიუჯეტს დავურიგებ ხალხს - სისულელეა. ბიუჯეტი იმიტომ კი არ არის, რომ აკრეფილი ფული ისევ უკან დაარიგო - საზოგადოებრივ საქმეს უნდა მოახმარო, რომელიც ისევ ხალხისთვის კეთდება. ასეც რომ არ იყოს, ბიუჯეტიდან ფულის დარიგება მოსპობს სიღარიბეს? 50 ლარი პენსიას გინდ დაუმატე და გინდ - არა, ეს არაფერს შეცვლის სოციალური ფონის მიმართულებით.

პრობლემას მხოლოდ განვითარება მოხსნის, მე თუ მკითხავთ, ეს შემწეობებიც რაც რიგდება, ადამიანებს მოტივაციას უკარგავს, უკეთ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები.

გაიხსენეთ, რუზველტმა რა გააკეთა დიდი დეპრესიის წლებში. მან განაცხადა, რომ შემწეობებს ვეღარ დაარიგებდა, ფულს კი გადაუხდიდა გაჭირვებულ ოჯახებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შესრულებულ სამუშაოში და შეიქმნა საზოგადოებრივი სამუშაოების მთელი პროგრამა.

ადამიანს ქათამი რომ ჰყავს სახლში, შეიძლება მას დახმარება მოუხსნან და ისიც ცდილობს, ქათამი აღარ იყოლიოს, რათა დახმარება მიიღოს - წარმოუდგენელია, რომ ასეთი მიდგომებით ქვეყანა განავითარო.

პოლიტიკამ უნდა შექმნას მოტივაციები, შრომას რაც შეიძლება, მეტი ფასი უნდა დაედოს, და არა იმას, რომ უსაქმოდ იჯდე, ვიღაც მოვა და დაგეხმარება. ინაშვილის მთელი პროგრამაც ის არის, რომ ჩვენ მოვალთ და დაგეხმარებით, „გუგავა მოვალ“-სი არ იყოს.

ეს ხელისუფლება ჩვენი მეურვე კი არ არის, რომ მოვიდეს და დაგვეხმაროს. მას ვირჩევთ იმისათვის, რომ ჩვენი საქმეები მოაგვაროს, განვითარების სწორი მიმართულებები მოძებნოს და აამუშავოს მექანიზმი, რომელიც განვითარების გზაზე გაგვიყვანს. შრომის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელია და სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.

საკმაოდ საინტერესო სლოგანი და დაპირებები აქვს უსუფაშვილისშენების მოძრაობასდა მისი პროგრამაც არ გადის იმ ჩარჩოებიდან, რაც მერის უფლებამოსილებებში შედის. „ჩვენ, ყველა ერთად, თბილისში მოვუვლით იმას, რაც კარგია, შევცვლით იმას, რაც ცუდია, შევქმნით იმას, რაც გვაკლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენების დროა“!, - გვპირდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და აქცენტს მერობის სამოქმედო პროგრამის 7 პრიორიტეტულ მიმართულებაზე აკეთებს: ჯანსაღი გარემო; ქალაქგეგმარება და მშენებლობა; თბილისის მართვა; ტრანსპორტი; განათლება; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა; ეკონომიკა, ბიზნესი და დასაქმება. მოკლედ, საქმიანი საარჩევნო პროგრამაა, მაგრამ ამომრჩეველს რამდენად მიიზიდავს?

- მათ ნამდვილად აქვთ იმდენი კვალიფიკაცია, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვან. თუმცა მუნიციპალური განვითარების მათეულ ხედვებს ნამდვილად არ ვეთანხმები. სწორედ მათი მერობის კანდიდატის, შერგელაშვილის პროექტი იყო ის რეფორმა, რაც გატარდა და რომელიც, პრაქტიკულად ჩავარდა, - სწორედ ამისი დასტურია ქალაქების უკან დაბრუნება - არასწორი პოლიტიკა იყო, მოხდა მისი გადახედვა და განვითარების ის ვექტორი, რაც 2013 წელს შემოგვთავაზეს, პრაქტიკულად, მთლიანად ამოტრიალდა.

სხვებთან შედარებით, მეტი კვალიფიკაცია აქვთ, უბრალოდ, პოლიტიკური გემოვნების საკითხია. თუმცა რამდენად რეალისტურია მათი დაპირებები, ეს ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

თუ ახლა ამბობენ, რომ მმართველობის სიტემა არ ვარგა, თვითონ არ იყო სადავეებთან, როდესაც მინისტრის მოადგილე გახლდათ და ევალებოდა მართვის ისეთი სისტემის შექმნა თვითმმართველობებში, რომელიც ეფექტური იქნებოდა? თუ ამბობს, რომ ამ კუთხით პრობლემებია, გამოდის, რომ არაფერი გაკეთებულა, ან თუ გაკეთდა, ისე არა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა.

მთავარი არის დეცენტრალიზაციის პროცესის გაფართოება, უფრო მეტი რესურსებისა და უფლებამოსილებების გადაცემა ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის. ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ევალებოდეს შედარებით ცოტა რამ, ვიდრე დღეს ევალება და უნდა ხარჯავდეს უფრო ცოტა ფულს. უფრო მეტ ფულს უნდა ხარჯავდეს თვითმმართველობა და უფრო მეტ საქმესაც აკეთებდეს. იმიტომ, რომ მოქალაქეებთან სწორედ თვითმმართველობაა უფრო ახლოს და რასაკვირველია, მსოფლიო გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს, რომ რაც უფრო ახლოს არის ხელისუფლება ხალხთან, მით უფრო დემოკრატიულია იგი და მით უფრო ეფექტიანია მისი გადაწყვეტილებები.

ვიდრე ელოდებიან, ცენტრალური ბიუჯეტიდან რას მიიღებენ, ასე არ გაგრძელდება? ეს პრობლემა თავისით მოგვარდება? როგორც ჩანს, სხვა ორიენტაციებია საჭირო, როდესაც თვითმმართველობის რეფორმაზეა ლაპარაკი...

- ერთ-ერთი მთავარი დაპირება „ქართული ოცნების“, არის ის, რომ იგივე, მუნიციპალური ბიუჯეტები, სულ ცოტა, ორჯერ გაიზრდება. დღეს მუნიციპალური ბიუჯეტის წილი არის კონსოლიდირებული ბიუჯეტის არა უმეტეს 7%-ისა და ეს თანხა ყველაფერს უნდა ეყოს. მაშინ, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სულ ცოტა 30-40-%-ს ხარჯავენ ადგილობერივი ბიუჯეტები. ჩრდილოეთ ევროპაში კი 60-70%-ს.

სამჯერ და ოთხჯერ რომ გაიზრდება ეს ბიუჯეტები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ თვითმმართველობის საქმეებზე. ჯერ მას რესურსი არ აქვს იმისათვის, რომ ის, რაც კანონით არის გაწერილი, შესრულდეს. ადგილობრივი გზები მოწესრიგდეს, ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდეს და ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ღატაკთა თავშესაფარს კი არ დავემსგავსოთ, არამედ პირიქით, განვითარებაზე ვზრუნავდეთ. განვითარება კი შრომის გარეშე არ შეიძლება. განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას თვითმმართველობამ და ამას იმაზე მეტი ფული სჭირდება, ვიდრე გათვალისწინებულია.

ამ პრობლემაზე კანდიდატები რატომ არ საუბრობენ? ფიქრობენ რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს და მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბებიან? თუ იმუშავებენ მოსახლეობასთან, ის მშვენივრად გაიგებს, სად არის პრობლემა...

- ეს არის შუალედური არჩევნები - მოსამზადებელი რგოლი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჯერჯერობით სხვა როლი ამ არჩევნებს არ აქვს და ამიტომაც მეტ ყურადღებას არ უთმობენ.

ეს რომ იმ მნიშვნელობის არჩევნები იყოს, სინამდვილეში რა დატვირთვაც გააჩნია, ახლა უნდა იყოს გაჩაღებული დისკუსია იმ კონცეფციაზე, რომელიც გამოქვეყნდა, მაგალითად, თვითმმართველობის განვითარების ეროვნული ასოციაციის საიტზე. იმაზე უნდა მიდიოდეს კამათი, როგორ გაიზარდოს ადგილობრივი შემოსავლები, მაგალითად, კონცეფციის მიხედვით საშემოსავლო გადასახადი მთლიანად უნდა რჩებოდეს ადგილობრივ ბიუჯეტში, მაგრამ რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ჩემთვის უცნობია. ამ დროს პენსიების გაზრდაზე მელაპარაკებიან, როდესაც თვითმმართველობის პრობლემებია დღის წესრიგში.

„ევროპულ საქართველოსაც“ საკმაოდ კვალიფიციური ხალხი ჰყავს, მაგრამ რადგან სხვაგან გადააქვს აქცენტები, ეს ნიშნავს, რომ შეგნებულად იტყუებიან...

თუ ტყუილებსა და პოპულიზმში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ყველაზე ეფექტური დაპირება ლეიბორისტებს გამოუვიდათ. გარდა იმისა, რომგუგავა მოვაყველას ენაზე აკერია, საკმაოდ ეფექტური დაპირებები აქვთ, ელექტრო და გაზგამანაწილებელი კომპანიები თბილისს უნდა დაუბრუნონ, ტარიფები შეამცირონ, და .. თუმცა ეს როგორ უნდა გააკეთონ, სავარაუდოდ თვითონაც არ იციან... მუნიციპალიტეტში დასაქმებული ჩინოვნიკებისთვის ავტომობილების ჩამორთმევას, ვაუჩერების დარიგებას, პედაგოგებისთვის ხელფასების დანიშვნას რომ არ მივაქციოთ ყურადღება, მათ პროგრამაში სიმართლის მარცვალიც მოიძებნება...

- ცნობადობა არასდროს არ აკლდათ, მაგრამ ხმას არასოდეს აძლევდნენ. „გუგავა მოვა“-მ შესაძლოა, ხმების 2-3%-ს ვერ გადააჭარბოს. კი, ძალიან აჭარბებენ, მაგრამ რეალობასთან მიახლოებულ საკითხებზეც ლაპარაკობენ. წესით, კომუნალური ინფრასტრუქტურა ადგილობრივი თვითმმართველობის ქვეშ უნდა იყოს. ამაში მართლები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპროპრეაცია დავიწყოთ. ეს თბილისშია პრივატიზებული წყალი, მაგრამ რეგიონებში ნახეთ, რა ხდება... გაზი არ არის თვითმმართველობის კომპეტენცია და ეს არის პრობლემა. ევროპაში თვითმმართველობებს სხვანაირად ეძახიან - კომუნალურ ხელისუფლებას - იმიტომ, რომ ძირითადი კომუნალური სერვისები არის თვითმმართველობის საქმე.

წყალმომარაგება თითქოს, ქაღალდზე თვითმმართველობისაა, მაგრამ რაც არ არის გაყიდული, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაშია. თუ რეფორმა გვინდა, კომუნალური ინფრასტრუქტურა თვითმმართველობებს უნდა დაუბრუნდეს. ამ ნაწილში მართლები არიან ლეიბორისტები, მაგრამ როგორ გააკეთებენ, ამას არ ამბობენ. ვერც გააკეთებენ, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება - თამაშის წესები უნდა შეიცვალოს მთლიანად.

ხომ შეიძლებოდა, ასეთი ინიციატივით რომელიმე პარტია გამოსულიყო აქამდე? ასეთი მოთხოვნებით პარლამენტთან რომ წამოწოლილიყო იმას მაინც შეძლებდნენ, ამომრჩევლისთვის დაემახსოვრებინათ თავი. საჭიროდ არ თვლიან?

- რეალური საჭიროებები რეფორმისა, რასაკვირველია, არსებობს, რაც მთავარია, აუცილებელია რესურსებსა და უფლებამოსილებებს შორის თანაბარზომიერების მიღწევა. ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს იმდენი რესურსი, რომ რაც კანონმა დააკისრა, შეასრულოს.

7%-ით ამისი გაკეთება შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ მჯერა უფრო მეტად, რადგან სუბსიდიალობის პრინციპი კონსტიტუციის ახალ პროექტში შეიტანეს. ეს ნიშნავს, რომ პრინციპი, რაც უფრო ახლოს არის ხალხთან ადგილობრივი ხელისუფლება, მართვა მით უფრო ეფექტურია და დემოკრატიული, გათვალისწინებულია. ანუ, თუ საკითხი გადასაწყვეტია ადგილზე, ის არ შეიძლება თბილისში წყდებოდეს.

კომუნალური ინფრასტრუქტურაც თანდათანობით მის ხელში უნდა გადავიდეს თავის ტარიფიანად. თვითმმართველობა იმაზეა პასუხისმგებელი, რომ გაზი და წყალი მქონდეს, ეს ხელსასყრელი და ხელმისაწვდომი იყოს - ესეც თუ არ შეუძლია თვითმმართველობას, მაშინ საკითხავია, რას ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ? ლეიბორისტები ტყულის არ ამბობენ, მაგრამ იმას არ გვიმხელენ, ამას როგორ გააკეთებენ.

მექანიზმებიც რომ ჰქონდეთ, ალბათ, შესაძლებლობების პრობლემა მაინც გაჩნდება, რადგან რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არის თვითმმართველობის სისტემური ცვლილება, რომლის მოხერხება სურვილის შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას...

- ახლა ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ როგორც ვთქვი, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და ძირითადი პრინციპები სწორად არის ჩამოყალიბებული. ეს უკვე იმედის ნიშნებს აჩენს.