ელისაშვილის ჩანაფიქრის ქვეტექსტი - რატომ გამოიწვია კალაძე დებატებში?

ელისაშვილის ჩანაფიქრის ქვეტექსტი - რატომ გამოიწვია კალაძე დებატებში?

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზად არის ნებისმიერ არხზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან დებატებზე, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა, თუმცა კახა კალაძემ, ელისაშვილთან დებატებზე უარი განაცხადა.

რას ნიშნავს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდიდატის ეს განცხადება და რატომ მაინც და მაინც კალაძესთან დებატები? - For.ge შეეცადა ამ თემაზე თავად ალეკო ელისაშვილს გასაუბრობოდა, თუმცა სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელისაშვილის გამოწვევას არ ღებულობს თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დაჯდეს ელისაშვილთან დებატებზე.

„მაშინ როდესაც მერობის 7 ოპოზიციური კანდიდატია, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში, რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ?! ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილის განცხადებით, კალაძის უარი ნიშნავს, რომ ის არ აპირებს დისკუსიაში შესვლას ელისაშვილთან რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში იმიტომ, რომ კალაძე უშუალოდ ეკონტაქტება ამომრჩეველს, ის ცდილობს თავისი საარჩევნო პროგრამა და შესაძლებლობები პირდაპირ ამომრჩევლამდე მიიტანოს და ამავე დროს, არ ცდილობს დებატებში შესვლას.

„ელისაშვილსაც შუძლია გააკეთოს ეს. არავინ არ უშლის მას საარჩევნო კამპანიის წარმოებას და რაც აქვს სათქმელი, შეუძლია, პირდაპირ ესაუბროს ამომრჩეველს. რაც შეეხება ელისაშვილის მიზანს - კალაძე უალტერნატივო კანდიდატია და ელისაშვილი ასე ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამსვლელ კანდიდატთან ითხოვს დებატებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ზარდიაშვილი ეთანხმება ელისაშვილის განცხადებას, რომ კანდიდატები ამომრჩევლებს მუშტი-კრივზე კი არ უნდა ესაუბრებოდნენ, არამედ იმაზე, თუ რას უპირებენ ქალაქს, როგორ უნდა უშველონ საცობებს, მოშხამულ ჰაერს და გამწვანებას.

„არ უნდა გადავიდნენ პარტიები იმაზე, რაზეც ელისაშვილი მიანიშნებს, რომ არ იყოს მუშტი -კრივი. ეს უნდა იყოს კონსტრუქციული დაპირისპირება, ვინ უკეთ შეძლებს ხალხის ინტერესებისთვის საქმინობას და მოღვაწეობას, რისი შესაძლებლობაც დღეს ჩვენს მედია სივრცეში ნაკლებადაა.

თუ დებატებს აპირებს ელისაშვილი, ვინც არის ამ დესტრუქციის წამომწყები, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, კი ბატონო, ისინი აიძულოს, რომ შევიდნენ ამ კონსტრუქციულ ველში და ისაუბრონ იმაზე - რა არის ცუდი, რა არ ვარგა, როგორ უნდა დაამხონ კი არა, არამედ ისაუბრონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ უკეთესად, ამაში სწორია ელისაშვილი.

მაგრამ ჯერ ვნახოთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ როგორ იქნება დებატებში და თუ ისე წარმოაჩინა თავი, რომ ადვილად შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება დებატებში, მერე, კი ბატონო, კალაძესთან დებატებიც მოითხოვოს. ჯერ კვალიფიკაცია სჭირდება ელისაშვილს იმისათვის, რომ კალაძესთან დებატებამდე მივიდეს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია კალაძე-ელისაშვილის გამოყოფა კანდიდატების მთლიანი გუნდიდან.

„ელისაშვილის მიზანზე საუბარი იყო კალაძის პასუხში, როდესაც კალაძემ თქვა: რატომ ელისაშვილი და არა გუგავა და ა.შ. ანუ კალაძემ ელისაშვილის გამოყოფა კანდიდატების მთლიანი გუნდიდან არ მიიჩნია მიზანშეწონილად, რადგან სხვა კონკურენტებთან შედარებით, ეს უკვე გარკვეულ უპირატესობას ნიშნავდა ელისაშვილისთვის. მე მგონი, ელისაშვილიც მაგ ლოგიკით ხელმძღვანელობდა, რომ ნომერ პირველ კონკურენტად თუ არა, ნომერ მეორე კონკურენტად გასულიყო. ჩვენთან ხომ პირველ-მეორე ადგილებზე ბრძოლა ყოველთვის მძაფრია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ for.ge- სთან საუბრისას.