ხელისუფლებას საპარლამენტო მმართველობა უნდა, კოალიციური მთავრობა - არა

ხელისუფლებას საპარლამენტო მმართველობა უნდა, კოალიციური მთავრობა - არა

პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრამ მხარეების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა, თუმცა წინ ოპოზიციასთან შეხვედრაა, და ამის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად კონსტრუქციულ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, თუ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი არ აისახება, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადოს.

„პრეზიდენტმა, შესაძლოა, ვეტო გამოიყენოს სხვა საკითხების გამოც, ამ ორი უმთავრესი პოზიციის გარდა. მაგრამ მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს ორი უმთავრესი პოზიცია არ იქნება ასახული კონსტიტუციურ კანონში, ალბათ, პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, ვინაიდან იგი ქართული ოპოზიციური სპექტრის ერთიან პოზიციას იზიარებდა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

აღმოჩნდება თუ არა პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის ტყვეობაში, თუ უმრავლესობის მოლოდინს გაამართლებს, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. რამდენად იყო საჭირო ასე ხანგრძლივი გადათამაშებები, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დამტკიცებული პროექტი გადაეგზავნა პრეზიდენტს - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: რომ არ ყოფილიყო ეს გადათამაშებები, ალბათ, გაჭირდებოდა შეთანხმება, თუ ეს შეთანხმება მოხდა. ჯერჯერობით, მაინც არ მგონია, რომ კონსენსუსი მიღწეული იყოს. შეხვედრა რომ კონსტრუქციული იქნებოდა, ეს ცხადია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უკვე შეთანხმდნენ.

მგონია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრისა და ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაახმოვანებს პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას. ყოველ შემთხვევაში, ასეთი თანმიმდევრობით უფრო გონივრული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

ვფიქრობ, მაინც გაითვალისწინებს, ან ახალი ფორმულირება გაკეთდება იმ ორი საკითხისა, რასაც უმრავლესობა ითხოვს, ან შეჯერდება, თუ შესაძლებელი იქნება შეჯერება იმ ხუთ პუნქტთან, რაზეც ოპოზიციაა შეთანხმებული პრეზიდენტთან.

ვივარაუდე ასეთი ვარიანტიც, რომ შვიდივე პუნქტი, შესაძლოა, გადაიგზავნოს, თუმცა მოტივირებული შენიშვნებით. მართალია, წინააღმდეგობები იქნება უმრავლესობისა და ოპოზიციის მოთხოვნებს შორის, მაგრამ სხვა ფორმულირებაც შეიძლება გამოიძებნოს. ვერ გეტყვით, ჯერ სამუშაო პროცესია და ეს ამ პროცესში უნდა გაირკვეს.

თუ უმრავლესობის შეთავაზებას დათანხმდა პრეზიდენტი და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გარეშე დააბრუნა კონსტიტუცია მოტივირებული შენიშვნებით, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ მართლაც აზრი არ ჰქონდა ამ პროცესს, რომელიც თვეების განმავლობაში გაიწელა... თუმცა, უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ოპოზიციამ კონსტიტუციის გადაგზავნისთანავე საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოხატა და ვიდრე პრეზიდენტი უმრავლესობას უპასუხებდა, ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს - თქვეს, რომ ორი კი არა ხუთი საკითხის ცვლილება უნდა მომხდარიყო და ისინი ამაზე პრეზიდენტთან შეთანხმდნენ... იმ შემთხვევაში, თუ შვიდივე საკითხზე მომზადდა მოტივირებული შენიშვნები, პროცედურილად აქვს უმრავლესობას საშუალება, რომ გაითვალისწინოს მხოლოდ ის საკითხები, რომელიც თვითონ სურს?

- ალბათ, უფრო ახლებურად უნდა მოხდეს ფორმულირება, იმიტომ, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წელს, უმრავლესობა ამბობს, რომ 2024 წელს მოხდეს ეს. ანუ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და ორივე საკითხზე ერთდროულად მოტივირებული შენიშვნები ვერ მომზადდება.

შეიძლება ასეთი რამ - 2024 წელს ბონუსები და პროპორციული სისტემა დატოვონ, ან ერთ-ერთი, მაგრამ 2020 წელს პროპორციული სისტემა მოითხოვონ, არ ვიცი, სამუშაო ვარიანტია, უნდა დასხდნენ, დაილაპარაკონ და შეთანხმდნენ.

პრეზიდენტი რომ პირველივე შეხვედრაზე უარს არ ეტყოდა უმრავლესობას, ეს ცხადია. როგორც ჩანს, მარგველაშვილმა მოისმინა პოზიცია და დრო ითხოვა დასაფიქრებლად - ასე წარმომიდგენია ეს შეხვედრა.

პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება, არავინ იცის, რადგან ოპოზიციასთან შეხვედრა ჯერ წინაა და ვენეციის კომისიის დასკვნაც ორი დღის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი, ლევან ბოძაშვილი ვარაუდობს, რომ მისი აქტიური კონტაქტებიდან გამომდინარე, ვენეციის კომისიასთან, მისი ვარაუდით, 6 ოქტომბრის დასკვნა იქნება ბევრად უფრო პოზიტიური, ვიდრე იყო შუალედური დასკვნა. რა შეიცვალა 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე იმდენად ხელშესახები, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე აისახოს?

- ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს ვენეციის კომისიასთან, რაც უდავოდ, მისასალმებელია, იმის მიუხედავად, მათ პოზიციას ვეთანხმები თუ - არა.

ვენეცვიის კომისიის პირველად დასაკვნაში ნათქვამი იყო, რომ მათ მიიღეს პირობა და აქვთ მოლოდინი, რომ უმრავლესობა აპირებს გარკვეული ცვლილებების შეტანას. შესაძლოა, ის, ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მიდის ვენეციის კომისიის ამ სხდომაზე დასასწრებად, ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ შესაძლოა, იქ სწორედ იმ ორ პუნქტზე იყოს ლაპარაკი, რომელსაც უმრავლესობა ითხოვს და აქედან გამომდინარე შერბილდეს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა.

მაგრამ არ მგონია, რომ მთლიანობაში ეს იყოს უფრო პოზიტიური - ისევე იქნება ნათქვამი, რომ „უმრავლესობა პირობას იძლევა“, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ ახლა უკვე ლაპარაკია კონსტიტუციაზე, რომელიც მიღებულია. ამ ნაწილში შეიძლება იყოს გარკვეული პოზიტივი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მთლიანობაში პირველადი დასკვნის ტენდენციები შენარჩუნებული იქნება. თუმცა 6 ოქტომბრამდე დიდი დრო არ არის და ვნახოთ, რა იქნება.

ვენეციის კომისიის მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა კონსენსუსზე. ოპოზიციამ რომ თავისი 5-პუნქტიანი მოთხოვნა დათმოს, ძნელად წარმოსადგენია. ასე რომ, კონსენსუსი კვლად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ თემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან რა რეაქციაა მოსალოდნელი?

- ვენეციის კომისიამ რა უნდა ქნას, მიიღებს იმ რეალობას რაც არის, ვერავის დააძალებს გინდა თუ არა ეს გააკეთეო. თუ ოპოზიცია არ წავა დათმობაზე, იქნება მაშინ ერთპარტიული კონსტიტუცია და დარჩება ასე.

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, თუ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ბარიერი იქნება 5%, ოპოზიციას აქვს შანსი საკუთარი თავი გამოავლინოს?

- ოპოზიცია დღეს აპელირებს იმაზე, რომ 2016 წელს, ხელისუფლებამ პროპორციული წესით მიიღო ხმების 48%. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას კი ჰქონდა უმრავლესობა, მაგრამ ეს არის ძალზე სახიფათო უმრავლესობა.

ხელისუფლებას სურს გარანტირებული გამარჯვება და ამის შესაძლებლობას აძლევს შერეული სისტემა, რომლითაც ის აგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ოპოზიციური პარტიებიდან, შესაძლოა, ბევრმა ვერ გადალახოს ბარიერი, მაგრამ პროპორციული სისტემა იმის საშუალებას მაინც იძლევა, რომ ზემოქმედება მოახდინონ პარლამენტზე. ამიტომ უფრო მეტი შანსი აქვს ოპოზიციას, რომ პლურალისტური პოლიტიკური გარემო შეიქმნას.

რას და როგორ გააკეთებენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უმრავლესობა კარგად ხედავს, რომ პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ის ვერ იქნება დამაჯერებელი, იძულებული გახდება, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კომპრომისებზე წავიდეს - ეს ცხადია.

სწორედ ამას გაურბის „ქართული ოცნება“, თორემ მას გარანტირებული აქვს, რომ 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღოს ყველაზე მეტი პროცენტი, მაგრამ არა 50%-ზე მეტი. მას ექნება უპირატესობა, მთავრობის ჩამოყალიბებისა, მაგრამ იძულებული იქნება, ბლოკი შექმნას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

კოალიციური ხელისუფლება „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია, მაგრამ საპარლამენტო მმართველობის მთელი ხიბლი ის არის, რომ იგი იძლევა კოალიციური მმართველობის საშუალებას.

 საპარლამენტო მმართველობა უნდა ხელისუფლებას და კოალიციური მთავრობა - არა? რატომ?

- კოალიციური მმართველობა იძლევა იმის საშუალებას, რომ რაზედაც ვწუხვართ, ნეპოტიზმია ეს თუ გაფლანგვები, ბიზნესზე ზეწოლა და ა.შ. ეს ყველაფერი გამორიცხოს - ეს სისტემა ამაზეა აგებული...