პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ სადავო არ არის ბარიერის დაწევა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხი. ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც. დაეთანხმება თუ არა პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია. მმართველი გუნდი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პრეზიდენტს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს აცნობდა, რომლის შეცვლასაც ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა აღნიშნეს, რომ ახლა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება.
პრეზიდენტის ადმინისტრცაიის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა. აბაშიშვილმა არ გამორიცხა, რომ დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მმართველ გუნდთან შეხვედრა კვლავ შედგეს.
„საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ, ცხადია, კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანს უწოდებს დიალოგის დაწყებას, თუმცა რა შედეგებამდე მივა ეს, რთული სათქმელია. როგორც დოლიძე ამბობს, ვინაიდან პრეზიდენტი უკვე შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობას, გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართავს.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დაწყებულია ძალიან კარგი თანამშრომლობა, კონსტრუქციული პროცესი. აქ, ბუნებრივია, ბევრი მხარეა ჩართული. დღეს წარმოდგენილი იყო უმრავლესობა საკუთარი პოზიციებით. პრეზიდენტი კონსულტაციებს ოპოზიციურ პარტიებთანაც აწარმოებს, ვინაიდან ეს ქმედითი დემოკრატიისთვის ჩვეულებრივი აუცილებელი ნაბიჯებია. ამიტომ როგორ შედეგებს მოგვიტანს, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ბარიერის დაწევასა და კონსტიტუციიდან ბლოკების ამოღების საკითხზე მოტივირებულ შენიშვნებს გააგზავნის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს და ვეტოს არ დაძლევს.
„ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კონსტიტუცია არის ძალიან კარგი, დადო პოზიტიური დასკვნა და თუ გავითვალისწინებთ იმ ორ საკითხსაც, რაზეც ორი დღეა მსჯელობა მიდის, კონსტიტუცია იქნება კიდევ უფრო კარგი. ოღონდ ეს მოხდა მესამე მოსმენის წინ და შეუძლებელი იყო ამის გათვალისწინება.
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ინიცირებას ვაპირებთ და ამ ორი საკითხის იმგვარად გადაწყვეტას, როგორც შეთანხმება მოხდა ვენეციის კომისიასთან. ამ ეტაპზე პრეზიდენტს შეუძლია მოტივირებულ შენიშვნებში ეს ორი საკითხი მიუთითოს, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.