ოზურგეთის მერობისთვის რბოლაში გამალებულად არის ჩართული „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული კოტე შარაშენიძე. მას ერთხელ ნამდვილად გაუმართლა, როდესაც საჭირო დროს საჭრო ადგილას მოხვდა. 2012 წელს ის „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი გახდა და არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდის გამარჯვების შემდეგ, 2012 წელსვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელს 2 წლით მოერგო.
ოცნება აუხდა შარაშენიძეს. აუხდა იმიტომ, რომ მისი კალამი ადგილობრივი ბიუჯეტის ჩეხვის ბასრ იარაღად იქცა. ჭრიდა და კერავდა ისე, როგორც მოისურვებდა და ეს ფინანსური მანიპულაციები, დაუსაბუთებელი, ყოველგვარი ფორმალური დოკუმენტაციის გარეშე გაწეული ხარჯები საბოლოოდ სახელმწიფო აუდიტის მიკროსკოპის ქვეშ მოხვდა. თუმცა, მიკროსკოპი მხოლოდ მყარ მატერიებს ხედავს, ხოლო თუ არაფერი ჩანს, საქმე დანაშაულთან გვაქვს და არა რამე ზებუნებრივ მოვლენასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არც უნახავს თვალით შარაშენიძეს, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აუდიტის დასკვნითაც არ დაინტერესებულა, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. მილიონობით ლარის კანონდარღვევით ხარჯვის გამო მას წარბიც არ შეუხრია ამდენი წლის განმავლობაში. მაგრამ, იმედია, მიხვდება, რომ მერობა, რისთვისაც ახლა იბრძვის, იმუნიტეტად ვერ გამოადგება ჩადენილი დანაშაულების ასარიდებლად.
მაგალითისთვის, ბიუჯეტის ფულით კოტე შარაშენიძემ 145 000 ლარიანი გრეიდერი იყიდა, რომელიც შპს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა და მანამდე საბაზრო ღირებულებით მიღებულ მომსახურებაზე ბიუჯეტიდან უფრო ძვირად აძლევდა შეკვეთებს ბიუჯეტითვე ნაყიდ გრეიდერს. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ასობით ათასი ლარის ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია – ჯამურმა ულუფამ გამგებლის ჯიბეში 35 000 ლარი შეადგინა. მადა ჭამაში მოდის და – ამის შემდეგ 3 ლარიანი ქვიშა–ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად იყიდა. აქ ჯიბის ფულიც გაიზარდა – 55 000 ლარი. შემდეგ მოჰყვა ამას 12 ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება; 1000 ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა; 15 ლარიანი მეტალოკრამიტის 21 ლარად ყიდვა, 15 ლარიანი შიფერის – 20 ლარად... მხოლოდ ამ ჩამონათვალში ბიუჯეტმა ასობით ათასი ლარი იზარალა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და, ზარალიც მეორე მხრიდან ხეირს ნიშნავს, ოღონდ გამგებლისთვის, და არა გადასახადების გადამხდელებისთვის.
ასეთ უპასუხიმგებლო და, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს გაფეოდალებული გამგებელი სხვადასხვა მეთოდით იღებდა და გაჰქონდა კიდეც. მაგალითად, „სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე 2013 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც კოტე შარაშენიძიმ მხრიდან საკრებულოს დეპუტატებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე დაიხურა. საკრებულოს წევრები ცდილობდნენ გაერკვიათ, რის საფუძველზე იხარჯებოდა სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა. აქ მოულოდნელად გაცხადრა შარაშენიძე: „რა გინდა შენ, რას იჩხრიკები, საგადასახადოს ყოფილი კორუმპირებული უფროსი და ინსპექტორი ხარ, ინტრიგანი ხარ, ვიღაცა! ვის დაკარგვიხარ, შენ?! მიჩვეული ხარ დარეკვას და დაჭერას, კორუმპირებული ხარ, რა გინდა შენ?!“. გაბრაზებული შარაშენიძის დანახვისას დეპუტატმა კვერღელიძემ უცებ შეარბილა ტონი და დაწყნარდიო – ურჩია გამგებელს.
„დავწყნარდე კი არა, დაახვიე აქედან! კორუმპირებული ხარ, საგადასახადოს ყოფილი ინსპექტორი, რასაც აკეთებდი, ყველამ იცის!“, – არ ცხრებოდა შარაშენიძე.
საკრებულოს წევრები წამოდგნენ და ლელა ნაცვალაძე პირველი გაეშურა მათ შორის "მანდილის“ ჩასაგდებად. ხანმოკლე ჩოჩქოლის შემდეგ საკრებულოს წევრები დაიშალნენ, რადგან საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ სხდომა დაიხურა. სხდომა დაიხურა – ფული კი იქით წავიდა, საითაც შარაშენიძემ მიმართა.
ზოგადად, პოლიტიკურ ძაბრში შარაშენიძე საკმაოდ უცნაურად გაძვრა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ცნობილი გახდა, ის არ იყო თავიდან ჩამოყალიბებული, რომელიც პარტიიდან იყრიდა კენჭს. თითქოს ქლართული ოცნების შტაბს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამ დროს ფარულად ხვდებოდა ნაცმოძრაობას და მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ბოლოს გუმანმა არ უმტყუნა და ოცნებაში საფუძვლიანად გამაგრდა ისე, რომ ოზურგეთის გამგებლის თანამდებობაც გაინაღდა. მისი პოლიტიკური ორჭოფობა „ქართულ ოცნებაში“ კარგად შენიშნეს და შარაშენიძის გაგამგებლების შემდეგ ადგილობრივმა აქტივისტებმა საპროტესტო აქციაც მოაწყვეს მისი გადადგომის მოთხოვნით. ამის შემდეგ კოტე შარაშენიძე სახლში მიეჭრა „ოცნების“ აქტივისტს ნესტორ რამიშვილს და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. შემდეგ ეს არ აკმარა და ესროლა კიდეც. ამ ამბავზე სისხლის სამართლის პასუხიმგებლობამდე საქმე არ მისულა. რამიშვილშმა არ გაასაჩივრაო, ამბობენ.
ერთი კი ფაქტია – 2013 წლის 17 იანვარს „გურია ნიუსი“ წერდა, რომ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 117–ე მუხლით აღიძრა. აქვე მოყვანილი აქვთ პროკურატურის კომენტარი, სადაც აცხადებენ, რომ გამგებლის თანამდებობიდან გადავისუფლების საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ მისი ბრალეულობა დადგინდება. იგივე „გურია ნიუსის“ მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მალევე დაიხურა
შარაშენიძეს არც მედია დაუტოვებია „უყურადღებოდ“ – „გურიის მოამბის“ რედაქტორს ლადო მენაბდეს რედაქციის შენობის წართმევით დაემუქრა. ის რედაქტორს პირადადაც შეხვდა ამ საკითხზე სასაუბროდ, როდესაც მყარი გარანტია მისცა იმის, რომ ღია ცის ქვეშ დარჩებოდა.
არც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი და რედაქცია გამორჩა შარაშენიძეს. გამოცემის ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს მაშინდელმა გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უშვერი სიტყვებით აგინა. გამგებელი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა, რომლებიც სოფლის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა. ამ ჩანაწერს ინტერნეტ სივრცეშიც ნახავთ:
https://www.youtube.com/watch?v=uz45n9L8eDk.
"შარაშენიძე კატეგორიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მთხოვდა, დიქტოფონი არ ჩამერთო, მიყვიროდა, რატომ მიწერ ასეთ რაღაცეებს, რას ახარებ ამ "ნაგავ ხალხს", ან რა გინდა ამ სოფლებში რომ დადიხარ, რას ეძებ, მე რომ ცუდი დამემართოს, გაგიხარდება. რას ეძებ ამ გაჭირვებულებსო - ხმამაღლა მესაუბრებოდა და დიქტოფონის ჩართვის საშუალებას არ მაძლევდა. როცა დაინახა, რომ დიქტოფონის ჩართვა მოვახერხე, უკვე დაკარგა ყოველგვარი კონტროლი საკუთარ თავზე და ღიად, დიქტოფონზე დასაფიქსირებლად შემაგინა უშვერად. რადგანაც უკვე შეიქმნა საშიშროება, რომ შარაშენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც შეიძლებოდა მოეყენებინა, ვეცადე, სასწრაფოდ დამეტოვებინა მისი კაბინეტი",- აცხადებდა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი.
ამ უსაქციელობის გამო გამგებელმა მოგვიანებით ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ მისი დამოკიდებულება მედიის, და შესაბამისად, საზოგადოების მიმართ ამ ბოდიშით არ შეცვლილა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ ფაქტზე საკუთარი მოკვლევა ჩაატარა და დასკვნაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გამგებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ გადაცდომას და ბოდიშის მოხდა არ იყო საკმარისი ამ შემთხვევაში.
ჩვენ დავინტერესდით, რეალურად რას ფიქრობს „ძველ ცოდვებზე“ მერობის კანდიდატი, აღიქვამს თუ არა ის ვითარების სირთულეს და ანაღვლებს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფრთხე. კოტე შარაშენიძე ძალიან მოუცლელი აღმოჩნდა და, როგორც წესი, პასუხი (თუ ეს პასუხია), მისი პრეს–სამსახურიდან მივიღეთ: „ასე ზეპირად ამ კითხვებზე მე პასუხს არ გავცემ. გადმომიგზავნეთ აუდიტის დასკვნები კონკრეტული კითხვებით. გადავხედავ და შემდეგ შევეცდები გაგცეთ კითხვებზე პასუხი“. თუ ბატონი კონსტანტინე ისურვებს გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემას, ჩვენ მზად ვართ მისი პოზიციაც გამოვაქვეყნოთ.
დღეს შარაშენიძე ისევ საარჩევნო მარათონშია. მისი უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის რაოდენობა საეჭვო უნდა იყოს მისი იმედებისთვის. ასე რომ, პოლიტიკური „ღამურა“ უახლოესი გარემოცვიდან, ან ძველ ნადავლგაყოფილი პარტნიორებიდან უნდა ელოდოს ხმებს, რაც ძალიან ცოტა უნდა იყოს ოზურგეთელების უმრავლესობის ინდერესების დასაძლევად.