სააკაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს - პოროშენკო მისი ექსტარდირებისთვის ემზადება

სააკაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს - პოროშენკო მისი ექსტარდირებისთვის ემზადება

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სააკაშვილის ადვოკატის, მარკიან გალაბალას განცხადებით, საუბარია კონკრეტული პირისთვის იმ სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს, ეს კი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასაც გულისხმობს.

„მოქალაქისთვის დამატებითი დაცვის მოთხოვნა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, რეალურად, ერთი და იგივეა. უბრალოდ, ყოველდღიურობაში „პოლიტიკური თავშესაფრის“ ცნება უფრო ხშირად გამოიყენება. სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ჯერჯერობით სააკაშვილის მოთხოვნას არ უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გაეკეთებინა“, - აცხადებს მარკიან გალაბალა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პაველ პეტრენკომ განცხადებით, უწყება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს.

„ექსტრადიცია არის წმინდა წყლის იურიდიული და სამართლებრივი პროცედურა. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. საბოლოო გადაწყვეტილებას, შესაბამისი შემოწმების მასალებზე დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტრო მიიღებს. არანაირი პოლიტიკა ამ გადაწყვეტილებაში არ იქნება“, - განაცხადა პაველ პეტრენკომ.

მაშ ასე, ექს-პრეზიდენტმა უკრაინის საემიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. წორედ ეს მოთხოვნა დაასახელა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სააკაშილის ექსტრადირების ხელისშემშლელ ფაქტორად. როგორც იური ლუცენკომ ბრიფინზე განაცხადა, უკრაინის გენერალური პროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

„საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი.

მეორე - არსებობს თუ არა გარემოებები, რომლებიც სააკაშვილის ექსტრადიციას უშლის ხელს. წინასწარი შეფასებით, მე ვთვლი, რომ ასეთი გარემოებები არსებობს. უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ სააკაშვილმა საბუთები შეიტანა შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში, რაც, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, მის ექსტრადიციას აფერხებს. ეს ყველაფერი გულდასმით შესწავლას საჭიროებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

უკრიანის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე განმარტავს, რომ იური ლუცენკო ბოლომდე აცნობიერებს რითი შეიძლება დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. როგორც საყვარელიძე ამბობს, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ირწმუნა და დაიჯერა ეს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არის.

„უკრაინის ხელისუფლება პროკურატურას და სასამართლოს პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის იყენებს. ის საქმეები, რომლითაც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სცადა მიხეილ სააკაშვილის ექსტარადიტრება არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ არის აღიარებული. ევროპისა და დასავალეთის ლიბერალურ დემოკრატიას არ უღიარებია ეს საქმეები, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს საქმეები აღიარა - რუსეთია. უკრაინის ხელისუფლება კი ცდილობს ამით მანიპულირებას.

ლუცენკო აცნობიერებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ყოფილ პრეზიდენტს რუს ოლიგარქს გადასცემს. გენერალურმა პროკურორმა კარგად იცის რა არის პოლიტიკური დევნა და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას სააკაშვილთან დაკავშირებით. ამიტომ, გასაგებია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული საექსტრადაციო პროცედურა უშედეგოდ დასრულდა“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისგან განსხვავებით, იურისტი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება. იურისტი აქვე ამბობს, რომ ეს დროის საკითხია.

მუხაშავრიას განცხადებით, პაველ პეტრენკოს განცხადება, რომ უწყება სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს, ადასტურებს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ექს-პრეზიდენტის ექსტრადიციაზე ფიქრობენ და საკითხის გადაწყვეტას დადებითად აპირებენ.

როგორც ლია მუხაშვარია აცხადებს, საქართველოში სააკაშვილის მიმართ უკვე არის გამოტანილი და ძალაში შესული კანონიერი გამამტყუნებელი განაჩენი და ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მისი ექსტრადიცია მოხდეს.

„სარწმუნო და დამაჯერებელია საქართველოს მთავრობის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. მით უფრო, რომ დამაბრკოლებელი გარემოება უკრაინის მოქალაქეობის სახით აღარ არსებობს. რამდენიმე საათში შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება და მერე უკვე მისი აღსრულება იქნება საქმე.

როცა ვნახე როგორ შევიდა ის უკრაინის ტერიტორიაზე და გადალახა სასაზღვრო კონტროლის პუნქტი, დამებადა აზრი, რომ შეიძლება მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მაგრამ აღსრულება გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ მოახერხონ, იმის გამო, რომ ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მეტი არეულობა და დესტაბილიზაცია არ გამოიწვიონ. როგორც ჩანს, იქ ვითარება საკმაოდ არასტაბილურია და ხელისუფლების ორგანოების ფუნქციონირება საკმაოდ შეზღუდულია“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.