გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებში შეიძლება დამატებით კიდევ გაჩნდეს რამდენიმე პუნქტი და ისე გადაეგზავნოს პარლამენტს. for.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის 5 შენიშვნას, შეიძლება ის ორი პუნქტი დაემატოს შენიშვნის სახით, რაც ხელისუფლებამ წარმოადგინა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტული თარიღი გუშინ დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც.
„თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის. ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, დღეს გიორგი მარგველაშვილის და მმართველი გუნდის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორადორ საკითხზე ისაუბრებს - ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვებაზე. უმრავლესობა პრეზიდენტს სთავაზობს, რომ ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე მმართველი გუნდი იმ ორ საკითხზე ისაუბრებს, რომელზეც თანხმდებოდა აბსოლუტურად ყველა - ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი. მისი თქმით, „ვენეციის კომისიის“ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, აღნიშნულ საკითხებს უმარვლესობაც დაეთანხმა, რაც ასევე, პოზიტიურად აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში.
„ახლა პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებამოსება ამ ორ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ ამას გავიზიარებთ, ან ეს მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენივე საკანონმდებლო ინიცირებით, ოღონდ ამ პროცესს გაცილებით დიდი დრო დაჭირდება. შესაბამისად, პრეზიდენტს შეუძლია ან შეასრულოს პოზიტიური როლი, ან არ გაითვალისწინოს ამ ორ საკითხთან დაკავშირებული უპრეცედენტო კონსესუსი, რაზეც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავადაც ბევრს საუბრობდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დათმობისაკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში მივიღეთ, იყო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი დათმობისაკენ. ასეთი ბევრი ნაბიჯი გადავდგით. ოპოზიციამ მაინც გადაწყვიტა იმ მდგომარეობაში და პოზაში ყოფნა, რა პოზაშიც არის.
ბონუსის გაუქმების გადაწყვეტილება არის ჩვენი დათმობა - ბონუსის ის სისტემა, რაც ჩადებულია კონსტიტუციაში, სრულ შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან. არავის უთქვამს, რომ ეს არის არასწორი და ცუდი რამ, მაგრამ ვინაიდან ბონუსის გაუქმება ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და დავთმეთ საკითხი, რასაც ისინი ითხოვდნენ“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა შედგება, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, გიორგი მარგველაშვილი მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდება და ვეტოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებს.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად ევროპაში მიემგზავრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციაში აუცილებლად აისახება ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი, რომელიც ე.წ. ბონუსის გაუქმებას და 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვებას ეხება. კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელსაც 6 ოქტომბერს მიიღებენ, პოზიტიური იქნება.
„ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე დასკვნას საბოლოოდ დაამტკიცებს. ეს დასკვნა იმის შესაბამისი იქნება, რაც წინასწარი დასკვნა იყო. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის. დასკვნა იყო პოზიტიური და საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა. ანალოგიურ დასკვნას დაამტკიცებენ 6 ოქტომბერს. ვენეციის კომისიასთან არსებობს ორ საკითხზე შეთანხმება, რომელიც აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში - ეს არის კონსტიტუციიდან ბონუსის ამოღება და ბლოკების აკრძალვის გაუქმება.
ჩვენ სწორედ ამის შესაბამისად შევთავაზეთ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს ჩვენი ინიციატივით აუცილებლად მოხდება, ჩვენი სურვილია, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება მარტამდე შევიდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ შეხვედრის შეთავაზება ძალაში რჩება. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ევროპელი ექსპერტების საბოლოო დასკვნა იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე იყო პირველი დასკვნა.
„ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ შუალედური პირველადი დასკვნა არის დადებითი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ტონი ისეთი ვერ იქნება, როგორიც ქართულ პოლიტიკას სჩვევია და როგორიც ქართველ პოლიტიკოსებს შორის არის მიღებული ერთმანეთის მიმართ. მაგრამ დანარჩენი რაც იყო ვენეციის კომისიის დასკვანში, იქნებოდა ეს საარჩევნო სისტემასთან, თუ სასამართლოსთან დაკავშირებით, ყველაფერი იყო ზუსტად ნათქვამი, ისე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობდით მუდმივად. თუ ის შეფასდა დადებითად, მე არ ვიცი როგორ, მაგრამ ველოდები, რომ უფრო მკაცრი იქნება დასკვა, ვიდრე იყო პირველადი დასკვნა. ტონი იქნება უფრო მკაცრი და საკითხები უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ევროპელი ექსპერტების ამ საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებით ისარგებლებს. მისი თქმით, სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას. როგორც ძაბირაძე აცხადებს, არ შეიძლება პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღოს ამ ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას, კარგად უნდა შეისწავლოს და გააანალიზოს ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ უკვე ქართული პოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შეიძლება დამატებით კიდევ გაჩნდეს რამდენიმე პუნქტი და ისე გადაეგზავნოს პარლამენტს. მისი თქმით, შესაძლოა, ეს იყოს ის ორი პუნქტი, რომელიც ხელისუფლებამ წარმოადგინა.
„გასაგებია, რომ ლოგიკური იქნება დაადოს ვეტო და იმ შენიშვნებით დაუბრუნოს, რა შენიშვნებიც აქვს ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ შეიძლება მოტივირებული შენიშვნების წრე გაფართოვდეს. შეიძლება იმ 5 შენიშვნას დაემატოს ორი შენიშვნა, რაც წარმოადგინა ხელისუფლებამ. ანუ, მოტივირებულ შენიშვნებში შეიძლება დამატებით კიდევ გაჩნდეს რამდენიმე პუნქტი და ისე გადაეგზავნოს პარლამენტს. ესეც შესაძლებელია, მაგრამ, ზოგადად, პრეზიდენტი უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.