„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო რეჟიმში გადადის. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მერიამ შეაჩეროს გადაწყვეტილება პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად გადაცემის თაობაზე.
„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, უარი თქვას მერიამ იმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც პუშკინის სკვერის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და გაჩუქებას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრობა“ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ კანონით არსებულ ყველა მეთოდს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს. ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე და ყოველდღიურად ვიბრძოლებთ, რათა თბილისმა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და არ მოხდეს მისი გაჩუქება ბიძინა ივანიშვილზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქრად გადაცემაზე საუბარი არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია.
კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. როგორც კალაძე აცხადებს, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება.
„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „პანორამა თბილისს“ და თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტებს, კალაძის განცხადებით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რაზეც 400 მილიონი დოლარი იხარჯება და 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის. კალაძე ასევე დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების თაობაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება, ითვალისწინებს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას და მწვანე სივრცის შექმნას.
„თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება.
ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ, ეს ძალიან საწყენია. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობა შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას. მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ ცოტა უფრო თამამად ისაუბრონ სიმართლე.
„არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - ეს არის თბილისი, გურია, სამგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის.
მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, რომ პულსი გაქვს შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო.
ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ზღვარს გადასული ადამიანები, რომელთაც, მისი თქმით, პოლიტიკოსებსაც ვერ დაარქმევს.
„არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის მიერ დაანონსებულ საპროტესტო რეჟიმზე გადასვლას, არასერიოზულს უწოდებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, რეალური დესტაბილიზაციის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს. შესაბამისად, როგორც ძაბირაძე ამბობს, ამ ვითარებაში გამორიცხულია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და საქართველოში არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა სერიოზული საპროტესტო ტალღა ააგორონ ქვეყანაში, თუნდაც რამდენიმე დღით და თუნდაც მარტო ტრადიციულად რუსთაველზე.
„გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება არის ოპოზიციისადმი, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეა. ერთადერთი, რამაც შესაძლოა ნეგატივის გაძლიერებას ხელი შეუწყოს, ეს არის თავად ხელისუფლება, თუ ის იმოქმედებს ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით და აყვება პროვოცირებას. სხვა ფაქტორები არ მუშაობს. ასევე გასაგებია ნაციონალების მობილიზება. იციან, რომ ადგილობრივი არჩევნები წაგებული აქვთ, მაგრამ ცდილობენ თავიანთი მომრხრეების მობილიზებას და ამისთვის იყენებენ ქუჩის აქციებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები იგივე მეთოდით ვითარდება, როგორც 2016 წელს, როცა ოპოზიცია დარჩა თამაშგარეთ მდგომარეობაში, რადგან მოსახლეობაში არ არის საპროტესტო მუხტი.
„ამიტომ უნდა გააჩინონ ეს ხიფათის მოლოდინი, რაც სამწუხაროდ, აწყობს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ისევ და ისევ „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის საარჩევნო უბანთან მიყვანას ცდილობს იგივე ხერხით - თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, ისევ ნაციონალები მოვლენ.
ხოლო ნაციონალებს ხელისუფლებასთან ერთად ადარდებთ ის, თუ რამდენ ხმას წაიღებს მათგან გამოყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ ნომერი ორი - ანუ, „ევროპული საქართველო“. აი, ეს არის მთელი ამ პროცესების მოტივი. არავით დესტაბილიზაციას და საპროტესტო ტალღას არ ველოდები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტან ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს, ფიქრობენ, რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, შექმნილ ვითარებში შფოთი არჩევნებზე უფრო „ქართულ ოცნებას“ აწყობს და სწორედ, რომ არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს რამდენად სწორი იყო ამა თუ იმ პარტიის ქმედებები.
„ყველა პარტიას საკუთარი ხედვა აქვს როგორ მოიქცეს და ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხმაურიანი იქნება მათი არსებობა არჩევნებამდე, მით უფრო მეტ ხმას მოიძიებენ. რამდენად სამართლიანია ასეთი შეფასება, ამაზე პასუხის გამცემი დიდი ალბათობით, მხოლოდ არჩევნების დღე იქნება. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ ასე უნდა მოიქცე და არა სხვაგვარად, განსხვავებული შეფასებების საგანი იქნება.
თემა, რომელმაც გამოიწვია, ასეთი პროტესტის აზვირთება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის მხოლოდ ამ პარტიის ქმედების საგანი. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი, ასეთ პროტესტს სრულიად აუცილებლად ჩათვლის და თბილისელების პატარა ჯგუფები სხვადასხვა სახით გამოხატავენ პროტესტს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და ზაალ უდუმაშვილის მოქმედებას მარტივი ლოგიკა აქვს - პარტიის არჩევნებში წარმატების შანსი არის მცირე. შესამისად, მიყვებიან იმავე ლოგიკას, რაც ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს, რაც შეიძლება მეტად დაიძაბოს ვითარება და პროცესები გადატანილი იქნას ქუჩაში.
„მერიასთან გამართული აქცია საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ „რუსთავი 2“-ის გამოყენებით ატეხეს ხმაური. ამ ხმაურის გამოწვევით უნდათ ვითარება შეცვალონ თავის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ამასაც ნაკლებად ექნება წარმატების შანსი, მაგრამ საზოგადეობის პოლარიზაციას იწვევს.
პოლიტიკური პროცესი მიდის იქითკენ, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდენა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტი არიან, როგორც ამ ვითარების დანამატები. ეს არის ძალიან ცუდი. პოლიტიკური სპექტრი გაცილებით მრავლფეროვანი უნდა იყოს, ვიდრე ეს ორპოლუსიანი სისტემა არის. პარტიების განვითარება უნდა წავიდეს ისე, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები ჩაანცვლონ სხვა ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს პროცესების ქუჩაში გადატანა, აუცილებელია ხელისუფლებამ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, როგორიც იყო წინაასარჩევნოდ საკითხის საკრებულოში განხილვა.
„ეს იყო შეცდომა. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკაში შეცდომა უფრო მძიმეა, ვიდრე დანაშაული. რასაკვირველია, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანა, პირდაპირ იყო იმის მაპროვოცირებელი, რაც მერე ნაცებმა გააკეთეს. უნდა ევარაუდა „ქართულ ოცნებას“, რომ ნაციონალები, რომლებიც ჩასაფრებულნი არიან, მოახდენდნენ ამ ვითარების რადიკალიზაციას. საკითხი უნდა გადაეწყვეტათ მანამდე, ან არჩევნების მერე. დიდად არაფერი დაზარალდებოდა.
პოლიტიკური სიტუაციის გრძნობამ უღალატათ, საკითხი არასწორ დროს გამოიტანეს განსახილველად. ხელი შეუწყვეს „ნაციონალური მოძრაობას“, რომ პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციისთვის ნაბიჯები გადაედგათ. რადიკალიზაცია საბოლოო ჯამში არ გამოვა, მაგრამ პოლარილიზაციას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.