წინასაარჩევნო აურზაური ნაციონალების აქტივისტების დაკავებით დასრულდა

წინასაარჩევნო აურზაური ნაციონალების აქტივისტების დაკავებით დასრულდა

იმის მიუხედავად, რომ „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველად შეფასებებში, ძირითადად, მშვიდ საარჩევნო გარემოზეა საუბარი, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, წინასაარჩევნო გარემოს უფრო მეტი სიმწვავე შესძინოს.

„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან“,- ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოტივაცია, მერიის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვისა, თუმცა საგულისხმოა, რომ ნაციონალებს უკვე მთელი ოთხი წელიწადია, ნარმანიასთან საჯარო მისვლა არ უცდიათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ, რაკი ნარმანია არ გამოსულა და არ დაუფიქსირებია პოზიცია პუშკინის სკვერსა და თაბორის მთასთან დაკავშირებით, ახლა უკვე საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ეცდებიან შეხვდნენ მერიაში დავით ნარმანიას და მაღალჩინოსნებს, რათა მიიღონ პასუხები იმაზე, აპირებენ თუ არა არჩევნებამდე ამ საკითხის შეჩერებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, აქცია შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე სულ 6 პირი დააკავეს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის.

„თბილისის მერიასთან გამართულ არასანქცირებულ აქციაზე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატმა, ამავე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეჭრა სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მერიასთან მიმდინარე აქციიდან სუს-ის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენ თბილისის და საქართველოს ქონებას მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს არ დავუთმობთ. მირტყამდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები მადგნენ თავზე, შეეშინდათ და სასწრაფო გამოიძახეს. თუ არ ვცდები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პაპაშვილი უყურებდა ჩემს ცემას. მას ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. შემდეგ გამომაგდეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ, იმის ნაცვლად, რომ მოძმე „დაჩაგრულ“ პარტიებს მხარდაჭერა გამოუცხადოს, მას ხელისუფლებასთან ერთგვარ თანამშრომლობაში ამხელენ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი, - ყველა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს“.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ პროცესს შეგნებულად ამწვავებს. მისივე თქმით, ქალაქის ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეძლო. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვდნენ, თბილისის მერს მათი 3–4 წარმომადგენელი მიეღო და მათ გასაუბრებოდა.

ბურჯანაძის აზრით, მერიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის იგნორირება ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ამ პროცესის გამწვავება, ისევე როგორც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების წინ აწყობდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.