ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აუდიტის სამსახურის საკადრო ცვლილებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აუდიტის სამსახურის საკადრო ცვლილებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ

ახალი გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის გადაწყვეტილებით, აუდიტის სამსახურის უფროსის ყველა მოადგილე, გარდა ნოდარ ჯავახიშვილისა, თანამდებობიდან გათავისუფლდა - პოსტები დატოვეს ნინო ლომჯარიამ და დევი ვეფხვაძემ.

„როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთი ძველი მოადგილე. მათ დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურში არასამთავროვბო სექტორიდან მოვიდა, ბუნებრივია, მისი გათავისუფლება არასამთავრობო სექტორმა და ყოფილმა და მოქმედმა ნაციონალებმა მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ლომჯარია წარმატებული ადამიანია და ასეთივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას სხვა სფეროში.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ნინო ლომჯარია მუშაობდა საკმაოდ წარმატებულად, ისევე როგორც ზოგადად აუდიტის სამსახური და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას.

„ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ უწყებაზე და მათ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ეს არის მათი პრეროგატივა, მათი კომპეტენცია და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვერ ჩავერევით. მე მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამაზე განსაკუთრებული აქცენტი არ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თუმცა ასე არ ფიქრობს „ევროპული საქართველო“ და მიიცნევს, რომ კარგი რეპუტაციის მქონე კადრის გათავისუფლება და ივანიშვილთან დაახლოებული ჯავახიშვილის დატოვება აჩვენებს, როგორი დამოკიდებულება ექნება აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ამ ინსტიტუტის მიმართ.

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პრეროგატივაა მოადგილეების დანიშვნა, ის ფაქტი, რომ მან საზოგადოებისთვის ნაცნობი, შედარებით კარგი რეპუტაციის მქონე, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი გაათავისუფლა და სამაგიეროდ დატოვა ივანიშვილის კლანთან ახლობლობაში „ეჭვმიტანილი“ ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა „ქართუ ბანკს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აჩვენებს იმას, სამწუხაროდ როგორი დამოკიდებულება ექნება ამ ინსტიტუტის მიმართ მის ახლანდელ ხელმძღვანელს.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ პირველივე დღეებში მისი მუშაობისა, ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვა, თუ რა კუთხით ექნება პრიორიტეტები საქმიანობაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მექვაბიშვილი არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს და მისი ხელმძღვანელობის პირობებში აუდიტის სამსახური ივანიშვილის მომსახურების ბიუროდ გადაიქცევა.

„ვნახეთ, რომ აუდიტის სამსახური დარჩა არაფორმალური მმართველის და ხელისუფლების სამსახურში მყოფ სააგენტოდ, რომელიც რეალურად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. როგორც ჩანს, ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც აუდიტის სამსახური იქნება არაფორმალური მმართველობის მოსამსახურე ბიურო და არა რეალურად დამოუკიდებელი საპარლამენტო ზედამხედველობის მქონე დაწესებულება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბუნებრივია, ლომჯარიას გათავისუფლებას ეხმაურება არამთავრობო სექტორიც და რამდენიმე ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახური მისი ფუნქციებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია, ეს ინტერესი საარჩევნო პერიოდში მატულობს და, რომ გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

„ახალ გენერალურ აუდიტორს, ბუნებრივია, აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა, ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.

გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის არის ნინო ლომჯარია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრი მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით.

ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედველობდა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალურ აუდიტორს მოუწოდებენ იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

განცხადებას ხელს აწერენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“; „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“.