საარჩევნო მარათონი აკრძალული ილეთებით

საარჩევნო მარათონი აკრძალული ილეთებით

2012 წლის არჩევნებიდან 5 წლისთავი ყველა პარტიამ თავისებურად აღნიშნა და ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია. მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია მოაწყო და იმ ბედნიერი ცხოვრების შესახებ ალაპარაკდა, რომელსაც საქართველოს იმედგაცრუებული მოსახლეობა ჯერ კიდევ ელის.

პრემიერის თქმით, პირველი ოქტომბერი არის გამარჯვების დღე, როდესაც საქართველოში ადამიანებმა გაიმარჯვეს და მათი კლიპიც სწორედ ადამიანებზე საუბრობს და ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.

„ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ იმ ულამაზეს ქვეყანას, რომელსაც ექნება თანამედროვე განათლება, სოფელი იქნება წელში გამართული და რაც ყველზე მთავარია, სიყვარულით იქნება გაერთიანებული, რა თქმა უნდა, იქნება პროგრესული და განვითარებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავარი პრეტენზია, რაც საზოგადოებას მმართველი გუნდის მიმართ აქვს, არის ის, რომ ის ხალხს დაშორდა და ადამიანები დაივიწყა, თუმცა თავად მმართველი გუნდი პირიქით ფიქრობს და ჯერ კიდევ საოცნებო საქართველოს მშენებლობას პირდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და ხედვები მიმართულია იქეთკენ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქი, განვითარებული რეგიონებით.

„ადამიანების გამარჯვების“ 5 წლისთავი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობით აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც თავისი რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნებიც გააჟღერა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს ეხება. მათ შორის - საარჩევნო სისტემასა და ახალ კონსტიტუციას.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების განცხადებით, 22 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე გაიმართება შემაჯამებელი საპროტესტო აქცია და, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნების შესასრულებლად არ დაიწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, დღის წესრიგში დადგება ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა და აქციები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება.

აქციებით აღნიშნეს ეს დღე სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც - საპროტესტო გამოსვლებისთვის კარგი საბაბი მისცა ოპოზიციას თავად ხელისუფლებამ - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო ეფექტურად გამოიყენებს რამდენიმე დღის წინ საკრებულოში მომხდარ სკანდალს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პუშკინის სკვერში განაცხადა, „პირველი ოქტომბერი, რომელიც იყო მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ - გაცურების, მიტაცების დღედ - ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ!“  და პუშკინის სკვერში შეკრებილებმა მიწის ნაკვეთებზე ზონალური სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ხოშტარიას თქმით, 21 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობამ უნდა აირჩიოს მერი, რომელიც იქნება არა ქალაქის მფლობელი, არამედ ქალაქის მსახური და ხალხი მივიდა არა მის საარჩევნო შეხვედარზე, არამედ საკუთარი ქალაქის დასაცავად.

„არავის დავუთმობთ ამ ქალაქს. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მიწები ლარად და „კაპიკებად“ მიიტაცონ. ასე თავხედურად, ასე უტიფრად გამოწკეპილები დადიოდნენ, ადამიანებს უჭირდეთ, ადამიანები შიმშილობდნენ და მილიარდერები ლარად იტაცებდნენ მიწებს!“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ხუთი წლის წინ მათ ხელისუფლებას ხალხმა სამართლიანად უთხრა: წადით სახლში, რაღაც გააკეთეთ, შეგეშალათ, ახლა წადით სახლში!

„მაშინ ბევრად უფრო ძლიერი იყო წარმოდგენა, რომ ხელისუფლებას ვერავინ მოერეოდა. დიახაც, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩვენ ავბრძანდით და წავედით სახლში იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო უკეთესობა. ხალხს ჰქონდა მოლოდინი. არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ მივიდნენ, არამედ მივიდნენ იმიტომ, რომ უკეთესის მოლოდინი ჰქონდათ. მივიდნენ იმისთვის, რომ უკეთესი ცვლილებები ყოფილიყო ქალაქში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი დააანონსა, რომ აქციას ორშაბათს, თბილისის მერიასთან გამართავს, უდუმაშვილის განცხადებით, ის არ შეეგუება, რომ ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი.

„იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არ არის წინასაარჩევნო რიტორიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს.

ჩვენ არ ვაპირებთ ფარ-ხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც ჩანს, ნაციონალებსაც და „ევროპულ საქართველოსაც“ ურჩევნიათ პოლიტიკური ამნეზიის რეჟიმში აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რადგან ასე უფრო მეხერხებულია მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი ყველა დანაშაული ხალხის წინაშე სწორედ დღევანდელი ხელისუფლების ცოდვებად გაასაღონ.

როგორც ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენთან დამკვიდრებული პოლიტიკური კულტურა პოლიტიკურ სუბიექტებს უჩენს განცდას, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში ყოფნა მათ ყველაფრის უფლებას აძლევს, მათ შორის - დესტრუქციული ქმედებებისაც.

„ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასწარ უნდა გაეთვალათ, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხების გატანა ხმაურიანი ოპონირების გარეშე არ ჩაივლიდა, თანაც კარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნების წინ. ამიტომაც კეთილი უნდა ინებონ და მომზადებულნი მოვიდნენ ყველა სათანადო დოკუმენტაციით. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, წინასაარჩევნო რეჟიმში მყოფი პარტიები მაინც შეეცდებოდნენ სკანდალის აგორებას“, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ჩანს, ყველა ისე ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ქულები დააგროვოს არჩევნებამდე, რომ როგორმე მეორე - მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი მოიპოვოს, რადგან ექსპერტების პროგნოზით გამარჯვებას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.

„ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ყველა ცვლილების, რეფორმის და ნაბიჯის ცენტრი და მიზანი, ადამიანია! ჩვენ ხალხთან ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს - განვითარებულ, ერთიან, პროგრესულ ქვეყანას, თანამედროვე განათლებით, წელში გამართული სოფლით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. და ეს იქნება ბედნიერი და სიყვარულით გამთლიანებული საქართველო. მე მჯერა ჩემი ხალხის, ჩვენი ქვეყნის წინსვლის და წარმატებული მომავლის“, - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.