პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული საქართველოს კონსტიტუცია, ახლა პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვეტო, რომ არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალია, ყველა თანხმდება. მათ შორის - კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს არის ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომლის წინააღმდეგ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ბინძურ პიარკამპანიას ახორციელებს. როგორც დეპუტატმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ვეტოს დავძლევთ არა იმიტომ, რომ პარლამენტს შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ საჭიროა.
for.ge დავით მათიკაშვილს ესაუბრა.
პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია - ამ შემთხვევაშიც იყენებს ვეტოს. ამბობს, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი არის ვეტო. ბატონო დავით, თქვენთვის, როგორც კონსტიტუციის მიმღები ორგანოსთვის, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ვეტოს გამოყენება რა შემთხვევაში არის გამოსავალი?
დავით მათიკაშვილი: ერთადერთხელ თავის საპრეზიდენტო კარიერის მანძილზე, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება შეუძლია პოზიტიური მიზნის მისაღწევად. ეს განცხადებული და შეთავაზებული იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ. საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ 2 მუხლზე, რომელიც ჯერ კიდევ მესამე მოსმენით მიღებამდე, კონსტიტუციის კენჭისყრაზე საბოლოოდ გატანამდე დაანონსებული იქნა უმრავლესობის მიერ, შესაბამისი შეთანხმება არის ვენეციის კომისიასთან.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიიდან წერილის მოსვლამდეც იყო განცხადებული თამარ ჩუგოშვილის მიერ, რომ არის შეთანხმებული პოზიცია ვენეციის კომისიასთან და, რომ არის ორი მუხლი, რომელზედაც უმრავლესობა მიდის კომპრომისზე და ეს ტექნიკურად სწორედ აისახება კონსტიტუციაში.
რადგანაც, ამ ეტაპზე, მესამე მოსმენაზე ვართ მისული, მისი უკან დაბრუნება შუძლებელია, ამას არ ითვალისწინებს კონსტიტუცია და რეგლამენტი. ამიტომ, როდესაც პარლამენტში დასრულდება მთლიანი პროცესი, შემდგომ ახალი ინიცირებით, ეს ორი მუხლი გაივლის ასევე კონსტიტუციურ პროცესს და საბოლოო ჯამში, იქნება მიღებული.
გასაგებია, რომ კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღებამდე იყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ აპირებს ამ კომპრომისზე წასვლას, რომელიც ოპოზიციასთან ერთად გიწუნებთ კონსტიტუციას...
- ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ახალ ძალიან ბინძურ პიარკამპანიას ახორციელებს კონსტიტუციის წინააღმდეგ, რითაც ცდილობს, კიდევ ერთხელ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად პოზიტიურია ვენეციის კომისიის დასკვნა, მის გარშემო კიდევ გაიმართა პოლიტიკური ჟონგლიორობა, ყველა თავისებურად ხსნიდა ამ მუხლებს, შავზე ცდილობდნენ თეთრი ეთქვათ. მიუხედავად ამისა, მესამე მოსმენით იქნა მიღებული ძალიან კარგი და პოზიტიური დოკუმენტი.
ამ პროცესში, როდესაც უმრავლესობამ ბევრ ექსპერტთან, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, თვითონ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გაიარა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, საბოლოო ჯამში, მთელი ამ პროცესის ბენეფიტი რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ გადაინაწილოს, სულიად გულწრფელად ვამბობ, არის საშუალება და ტექნიკური გზა იმის, რომ პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, ერთხელ მაინც, პოზიტიურად ჩაერთოს პროცესში, სწორედ, ის სვლა გააკეთოს, რაც მთლიანი ამ პროცესის პოზიტიური დასარული იქნება.
ჩვენ მაინც შევასრულებთ ჩვენ პირობას და ამ რეგულაციას ავსახავთ კონსტიტუციაში. პრეზიდენტს შეუძლია გადადგას ის ნაბიჯი, რომლითაც გააკეთილშობილოს ის დესტუქციული და ნეგატიური საქციელები, რომელიც მთელ ამ პროცესს თან სდევდა. განცხადება, რომ კონსტიტუციამ რომელმაც საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ვერ უძლებს საათებს, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი პოლიტიკური ჟონგლიორობის. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს ორი ცვლილება კონსტიტუციის მესამე მიღებამდე იყო დაანონსებული. არანაირ დროში გაძლებაზე არ არის საუბარი.
ორი მუხლი, რომელზედაც უმრავლესობა მიდის კომპრომისზე, პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებიდან ჩანს, რომ ეს არ იყო პრეზიდენტთან შეთანხმებული...
- პირველივე დღეს, როდესაც პარლამეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, პირველი, ვინც ამ კომისიაში დე-იურე იყო ჩართული, ეს იყო პრეზიდენტის ინსტიტუტი. არაერთი მოწვევა მიიღო კომისიაში მუშაობისთვის, რომელზედაც მივიღეთ უარი. არ მობრძანდა, არ გადადგა ნაბიჯი, არ მივიდა იქ, სადაც რეალურად არის კანონის სამჭედლო და იქმნება კონსტიტუცია საზოგადოების ფართო ჩართულობით. ეს აქსიომაა, ამას სხვა არგუმენტი არ გააჩნია. არ მივიდა, არ დაჯდა, არ შეასრულა ის ფუნქცია, რაც უნდა შეესრულებინა.
ეს ყველაფერი აღიქვა, თითქოს, მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად და დაიწყო რაღაცა პარალელური პროცესები. არაერთელ დამტკიცდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევ პირდაპირი არჩევნების გზით იქნება წარმოებული, ეს არის მცდარი მოსაზრება. ის, რომ ვენეციის კომისიამ უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე არც ერთი ნეგატიური რეკომენდაცია არ მოგვცა და ცხადია, ამდენი ხნის ოპონირება ამ საკითხებზე იყო არასწორი. ამ შემთხვევაში მართალი გამოდგა „ქართული ოცნება“.
ბევრი ნიუანსია... გავაანალიზოთ პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი მთელ ამ პროცესში და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ მივცეთ შეფასება, რეალურად რა გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც თქვა, რომ დიახ, გამოიყენე ვეტო და გამოიყენე ამ ორ საკითხზე. მიუხედავად მთელ ამ პროცესში ნეგატიური პოზიციისა, ახლა მაინც შემოდი კონსტრუქციაში, გადადგი ეს ნაბიჯი და საქმე დროულად გაკეთდება.
არ მოდის პრეზიდენტი ამ ნაბიჯზე. რა გზა რჩება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას?
- არც ეს არის პრობლემა. არის ჩვეულებრივი ლეგალური გზა, რომლითაც ჩვენ, ჩვენს დანაპირებს საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს აუცილებლად შევუსრულებთ. ბურთი ახლა პრეზიდენტის მხარეს არის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ცუდია ძალიან, რომ სინამდვილეში ვერ ხედავენ ამ პროცესს, ან უნდათ, რომ საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს, კონსტიტუცია შეკოწიწებულია, ვერ უძლებს დროს. დრო აქ საერთოდ არაფერ შუაში არ არის. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მანამდე იყო დაანონსებული, სანამ პარლამენტი კონსტიტუციას მესამე მოსმენით მიიღებდა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე, პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს ოპოზიციასთან ერთად შესთავაზა კონსულტაციები. უმრავლესობას საკუთარი ფორმატით გსურთ შეხვედრა - მხოლოდ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის, რაზეც პრეზიდენტისგან პასუხი არ მიგიღიათ. მისი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტი შეხვდება უმრავლესობას. ბატონო დათო, როდესაც იცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზების გაზიარებას, მაინც ძალაში რჩება თქვენი წინადადება შეხვდეთ პრეზიდენტს?
- ჩვენგან ასეთი შეთავაზება არის. პრეზიდენტისგან თუ იქნება თანხმობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი მზადყოფნა იქნება. ცხადია, მოიძებნება ამისი გზა. ჩვენი პრინციპი არის შემდეგი - რესურსები ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე კონტექსტიდან ამოვარდნილად ამ შეთავაზებას არ მისცემდა. არის კარგი შანსი იმის, რომ ვეტო პოზიტიურად იყოს გამოყენებული.
როგორც უკვე მოგახსენთ, ახლა ბურთი პრეზიდენტის მხარეს არის. თუ ამას ისე გაიგებს, როგორც წესით და რიგით უნდა გაიგოს, მაშინ იქნება ძალიან კარგი, პოზიტიური დასასრული მთლიანი ამ პროცესის. თუ სათანადოდ ვერ აღიქვამს და იმ ვეტოს გამოიყენებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიები სთავაზობენ, პროცესი გაგრძელედება და დასრულდება იმით, რომ ასევე ძალაინ კარგი და პოზიტიური კონსტიტუცია ექნება ჩვენს საზოგადოებას.
პრინციპში ცნობილია, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს. პარლამენტს კანონპროექტს დაუბრუნებს მოტივირებული შენიშვნებით, რომელიც 5 ძირითად საკითხს შეეხება და რომელზეც ოპოზიცია და პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდა. გაიზიარებს პარლამენტის უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნას?
- მთელი ჩვენი საუბარი იმის დასტურია, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ამ შენიშვნებს არ გაიზიარებს. გასაგებია ამ შენიშვნის შინაარსი. გაზიარებადი რაც არის ამ კონკრეტულ საკითხებზე, ანუ ბლოკების თემა, 3%-იანი ბარიერი 2020 წლისთვის და 2024 წელს უკვე სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველგვარი ბონუსის გარეშე, ისედაც დაანონსებულია მმართველი გუნდის მიერ. შესაბამისი ცვლილება იქნება ასახული კონსტიტუციაში.
დანარჩენი, წარმოდგენილი რეადაქცია წარმოდგენილი იქნება ისე, როგორც ახლა არის.
იმდენად ხშირად იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, რომ აღარც მახსოვს რომელ კანონზე, მაგრამ ერთხელ ვთქვი საქართველოს პარლამენტში - ვეტოს დავძლევთ არა იმიტომ, რომ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ საჭიროა.
დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციის ის რედაქცია, იმ ორი ცვლილებით, რომელიც დაემატება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, ყველაზე კარგ კონსტიტუციას წარმოადგენს, რომელსაც მართლაც ძალუძს ქვეყნის გვრძელვადიანი განვითარება ისე, რომ არ მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია, იყოს ბალანსი ხელისუფლებებს შორის და საზოგადოება განვითარდეს დემოკრატიულად. ეს არის ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია.
ასე არ ფიქრობს ის 20 პოლიტიკური პარტია, რომელიც პრეზიდენტის გარშემო არის გაერთიანებული. მამუკა კაციტაცის განცხადებით, ხელისუფლებას რომ გაეთვალისწინებინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და ვენეციის კომისიის წინადადებები, მას სიტუაციის აქამდე მიყვანა არ დასჭირდებოდა...
- არ ვიცი, ის 20 პოლიტიკური პარტია საიდან მოიტანეს. მართლა გულწრფელად გეკითხებით 20 პოლიტიკური პარტია არის ჩვენს ქვეყანაში? რომ ვიხსენებ აზრს ვერანაირად ვერ ვწვდები, ვერ გეტყვით 20-მდე როგორ მივიდნენ. რაც შეეხება ბატონი მამუკას პოზიციას, რეალური სიმართლე არის სხვა. სიმართლე დგას ქართული საზოგადოების, საქართველოს პარლამენტის და ჩვენი ევროპელი კოლეგების მხარეზე. საკითხი ყველასთან იყო გავლილი. სწორედ ისე შედგა ეს კონსტიტუცია, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ შეგვიკეთა და როგორი დასკვნები იქნა გაკეთებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან.