„ეს საფრთხეები ვერ დაინახა ვენეციის კომისიამ და დაინახა ვანო მაჭავარიანმა?“

„ეს საფრთხეები ვერ დაინახა ვენეციის კომისიამ და დაინახა ვანო მაჭავარიანმა?“

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე კონსტიტუციური საკითხები განხილული არ ყოფილა. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას, მარგველაშვილი შეხვედრის მზადყოფნას ადასტურებს და ამბობს, რომ მზადყოფნა დაფიქსირებულია. პრეზიდენტი უმრავლესობასთან შეხვედრას ერთი-ერთზე არ აპირებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის შეხვედრა არ შედგება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს საშუალება მიეცა გამოესწორებინა დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში.

„ველოდებით და ჩვენ გვაქვს მობილიზება, რომ თუ მას სურვილი აქვს, შეხვედრას დავესწროთ აუცილებლად, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი და არა მხოლოდ პიარკამპანიაზე გათვლილი.

პრეზიდენტს მივეცით საშუალება გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმმავლობაში დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. თუმცა, მან ეს გამოიყენა კიდევ ერთი პიარკამპანიის დასაწყებად, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, არც ერთი საკითხი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, ან მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიას, არ განხილულა.

„უშიშროების საბჭოს არც ფორმატი, არც მანდატი არ ითვალისწინებს მსგავს საკითხებზე საუბარს. საბჭოს სხდომაზე იყო ხუთი საკვანძო საკითხი, იყო ძალიან საინტერესო განხილვა როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე, საქართველოს თავდაცვის გეგმის საკვანძო საკითხები.

უშიშროების საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ 2018 წლისთვის, რომელიც არ შეცვლილა და 37 000 დარჩა. ასევე საუბარი შეეხო რუსულ ოკუპაციას“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უშიშროების საბჭოს ფორმატში არ განხილულა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტმა, რომელიც მესამე მოსმენით იქნა მიღებული, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. როგორც მაჭავარიანი აცხადებს, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

„დღევანდელი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო მიღებული, ჩვენი პოზიცია იყო თავიდანვე იგივე, რაც არის დღეს - რეალურად, შესაძლოა, შეუქმნას საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, გამომდინარე იმ მექანიზმების არარსებობისა, რომელიც არ ჩანს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე ვანო მაჭავარიანის კრიტიკას არ იზიარებს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომლიც მაჭავარიანს ურჩევს დააკონკრეტოს, რა ხარვეზებს ხედავს თავდაცვის საკითხთან მიმართებაში.

„საკმაოდ დიდი ხანი ვიხილავდით ამ პროექტს. თუკი ამ განხილვის პროცესში ხედავდნენ, რომ თავდაცვის მიმართულებით რაიმე პრობლემატური საკითხი იყო, სასურველი იყო მანამდე მოემართათ თავისივე შენიშვნით, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. ცუდი მოვლენაა როდესაც „პოსტ ფაქტუმ“ გველაპარაკება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. მინდა გითხრათ, რომ ვენეციის კომისიას არც ერთი შენიშვნა არ აქვს თავდაცვის საკითხთან მიმართებაში“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კომისიის წევრი, რომელიც ჩართული იყო პროცესში, აცხადებს, რომ კომისიამ და მთლიანად შესაბამისმა კომიტეტებმა, ძალიან სწორად ჩამოაყალიბა თავდაცვის მმართვის სამართლებრივი ჩარჩო.

„თურმე არ არსებობს ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას - ეს იმდენად ზოგადი ფრაზაა, რომელსაც უკან ვერანაირი კონკრეტიკა ვერ მოჰყვება. ანუ, ეს საფრთხეები ვერ დაინახა ვენეციის კომისიამ და დაინახა ვანო მაჭავარიანმა? მაგრამ თუ დაინახა, დააკონკრეტოს მაშინ, რა საფრთხე შესაძლოა შეუქმნას ამ კონსტიტუციამ ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ ვთვლით, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო თავი არის თავდაცვა და უსაფრთხოება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.