ნაციონალები ივანიშვილს მიწას არ უთმობენ

ნაციონალები ივანიშვილს მიწას არ უთმობენ

თბილისის საკრებულოში მიწის სკანდალი იმით დამთავრდა, რომ სხდომა პროტესტის ნიშნად ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, პუშკინის სკვერთან მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხი, ასევე თაბორის მთაზე დამატებით 5 000 კვ.მ ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნის საკითხი ნაჩქარევად არის გამოტანილი და არ აქვს უფლება იმყოფებოდეს ამ სხდომაზე.

სხდომა დატოვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სევდია უგრეხელიძემ და მარიკა დათუკიშვილმა -დათუკიშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობას დღევანდელი გადაწყვეტილების გამო უნდა რცხვენოდეთ.

„ახლა, როდესაც მუსირებს ასეთი აზრი, რომ ეს საკითხები სასწრაფოდაა გასატანი, რადგან მერე შეიძლება მოვიდეს სხვა ხელმძღვანელობა, რომელიც ამას აღარ გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობთ, რომ ის სიტუაცია აღარ არის, რაც 2012 წელს გქონდათ“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

მათ შეუერთდნენ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი და საკრებულოს წევრი ზაზა ვეკუა. დეპუტატების უკმაყოფილება როგორც თავად ახსნეს, გამოიწვია იმან, რომ საკითხი არ იყო მომზადებული.

როგორც თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, ოპოზიციის მხირდან პირადად მან, ვერ მოისმინა საკითხზე რაიმე სახის კონკრეტული არგუმენტი, ამიტომ, საჭიროა, ოპოზიციამ საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცეს.

„მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და გარკვეული ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, ერთი ხმა მაინც მიემატოთ. ვერ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი სადგომი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება სხდომას, უმრავლესობის დეპუტატმა ია მაკასარაშვილმა ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა და არც თუ უსაუძვლოდ - სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მერობის კანდიდატები და სხვა პირები იმყოფებოდნენ, რომელთაც დაცვის სამსახურის მოწოდებების მიუხედავად, დარბაზი არ დატოვეს - შემდეგ დაცვას მათი ძალით გაყვანა მოუხდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, არ დაუშვებენ მიწების უკანონოდ გასხვისებას და საკრებულოში ამისთვის იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება საკრებულოში თაბორის მთაზე მდებარე მიწების გასხვისების საკითხის განხილვას მოჰყვა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ხოშტარიამ დარბაზიდან გაძევების შემდეგ განაცხადა, ქალაქში აღარ იქნება მონობა და ისინი მიწების უკანონოდ გასხვისებას არ დაუშვებენ.

„ეს ადამიანები მუდმივად ხელს აწერენ ყველაფერზე, რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს. კითხვები დავსვი, რატომ აძლევენ მიწას. პასუხი იყო სუს-ის მოყვანა და პროვოკაციის მოწყობა. ჩვენ არ დავუშვით ჩხუბი და გამოვედით“, - განმარტა ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ არ მისცემენ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს.

„ორ ქალაქში ერთად მიიტანეს შეტევა ბოტანიკურ ბაღებზე - ბათუმსა და თბილისში. ერთ დღეს უნდათ რომ დაუკანონონ, მაგრამ არ გამოუვათ. სამოქალაქო საზოგადოება დგას ახლა ზევით, ის ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგია და არ გავატანინებთ ამ წინადადებას... სხდომას ისინი თვითონ შლიან, შემოდიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ. ეს უნამუსოები, როგორ ბედავენ და თბილისის მიწებს ასე ურცხვად ასხვისებენ და კიდევ ხმას იღებენ“, - განაცხადა უდუმაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანებისთვის ბიზნესების წართმევასა და მათ ციხეში ჩაყრასაც ვერ ამჩნევდა.

„მე საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევალ 21 ოქტომბრის შემდეგ და ვაჩვენებ, თუ როგორ უნდა მიწების გადაცემა“, - განაცხადა უდუმაშვილმა, რომელიც თვლის, რომ საკრებულოში ხდება უკანონობა, როდესაც საკრებულოს დეპუტატები ცდილობენ საჩუქრის სახით გადასცენ ბიძინა ივანიშვილს ქონება.

ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთაზე 40 ჰექტარი ტერიტორიის გარდა დამატებით 5 000 კვ. მეტრის ფართობის გადაცემის საკითხს, ურბანული დაგეგმარების კომისიამ დადებითი დასკვნა მისცა, გარემოს დაცვის კომისიამ კი - უარყოფითი.

კიდევ ერთი საკითხი, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1 900 კვარდატულ მეტრ ფართობზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითვალისწინებდა.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ითხოვდნენ, პროექტზე მომუშავე არქიტექტორს განემარტა, რატომ უნდა გადასცემოდა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას დამატებით 5 000 კვ. მეტრის ფართობი და რატომ არ იყო საკმარისი კომპანიისთვის შესყიდული 40 ჰექტარი.

როგორც პროექტზე მომუშავე ერთ-ერთმა არქიტექტორმა განმარტა, რთული რელიეფიდან გამომდინარე კომპლექსური სარწყავი ინფრასტრუქტურული განვითარება საჭიროა მოეწყოს სხვა ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ავტოსადგომს, სხდომაზე ითქვა, რომ ამჟამად ამ ნაკვეთზე ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია ითხოვს ერთ ლარად გადაეცეს აღნიშნული ფართობი და ადგილზე სანაცვლოდ განახორციელებს 1 მილიონი ლარის ინვენსტიციას, მოეწყობა რამდენიმედონიანი მიწისქვეშა პარკინგი.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს მიწის ნაკვეთის შესასყიდად ბიუჯეტში თანხის შეტანაც კი არ უნდა და სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ როგორც განმარტა, თბილისის ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩებისათვის მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას მიესალმება, თუმცა აინტერესებს, რამდენად დასაშვებია ეს.

სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილი ვერ გაძღა“, მას თაბორის მთაზე 40 ჰექტარი აქვს უკვე დაკანონებული და კიდევ ითხოვს.

საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განუმარტა, რომ აღნიშნული მიწა ბიძინა ივანიშვილმა აუქციონის წესით შეიძინა. უდუმაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „აღნიშნულ ფართობზე ზვიგენარიუმის მოწყობას აპირებს“.

ხმაურით მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ბათუმშიც, სადაც დეპუტატები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტისთვის“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ მსჯელობენ.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, საკრებულო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტისთვის“ მიწის გადაცემას 50 წლიანი იჯარით და აჭარის მთავრობის თანხმობით გეგმავს.

„დაჩქარებული წესით საკრებულოს უმრავლესობა ცდილობს ბიძინა ივანიშვილს გადასცეს ბოტანიკურ ბაღში მიწის ნაკვეთები, რის შემდეგაც ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია, ბათუმელებისთვის და ბათუმის სტუმრებისთვის დაიკეტება და ის გახდება ბიძინა ივანიშვილის პირადი ეზო“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 3 მილიონის ინვესტიციაზე და მიწის ნაკვეთის გადაცემის სანაცვლოდ, კონკრეტული ფირმა გააკეთებს 2017 წლის ახალი მოდელის საბაგიროს და საბაგიროს ტერიტორიას კეთილმოაწყობს.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საინვესტიციო წინადადებების განხორციელების მიზნით.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა სირაბიძის განცხადებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგიროსა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელება რეგიონისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა ხალხისთვის არაფრის მომცემია.

„ინვესტორმა გამოხატა ინტერესი და ახალ საბაგირო გზას გააკეთებს. საბაგიროები და მოწესრიგებული პლაჟები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. დღეს მთავარობას საკუთრებაში გადავეცით მიწის ნაკვეთი. კომპანიის დამფუძნებლები არ მინახავს. სამწუხაროდ, ოპოზიცა, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთ რაღაცაზე აკეთებს აპელირებას, რომელიც ხალხისთვის არაფრის მომტანია. პირიქით, ხალხს ინვესტიცია და ახალი პროექტები აინტერესებს“,- განაცხადა ლაშა სირაბიძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ გადაცემს.

საკითხავია, ვინ წაართვა ივანიშვილს ინვესტიციების განხორციელების უფლება, თუმცა ისიც გასარკვევია, რამდენად დაცულია საინვესტიციო პირობები, შესაძლებელი იყო თუ არა აუქციონის მოწყობა, რატომ იხილება ეს თემები დაჩქარებული წესით ადგილობრივი არჩევნების წინ და ა.შ.

თუმცა, როდესაც კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ამას პროვოკაციის არომატიც დაჰკრავს, ძნელია ობიექტურად გააკრიტიკო ხელისუფლება ისე, რომ ნაციონალების გვერდით არ აღმოჩნდე, რომლებსაც წართმევის, ჩამორთმევის, გაკულაკების, ძალადობით ჩუქება-გაჩუქების იმდენად მდიდარი ისტორია აქვთ, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია.