„ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება პრეზიდენტს“

„ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება პრეზიდენტს“

საქართველოს კონსტიტუციას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელმაც საათებსაც ვერ გაუძლო. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას არ ესწრებოდა მმართველი გუნდი.

შეგახენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრას დასთანხმდა, თუმცა საკუთარი ფორმატით - მხოლოდ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის.

უმრავლესობის ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა გიორგი მარგველაშვილისთვის, რომელმაც დასანანი უწოდა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებიან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარი სათათბიროდ ღიაა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არის არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი, ყველა თანხმდება. მათ შორის, როგორც პრეზიდენტი ამბობს, თანხმდება კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და მთელი პოლიტიკური სპექტრი.

„კონსტიტუციის ამ ფორმით მიღებამ არაორდინალური სიტუაცია შექმნა. თავიდანვე ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არმიღებული, ხელმოუწერელი დოკუმენტი, რომელიც არ არის უბრალო კანონი, არის საქართველოს კონსტიტუცია, უკვე თურმე ჩასასწორებელია ორ საკითხთან დაკავშირებით - ხაზს ვუსვამ, რომ ის ორი საკითხი, რომელიც უნდა ჩასწორებულიყო, იმ სიიდანაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ.

ამასთან ერთად, ეს ის ორი საკითხია, რომელზეც ვალდებულება აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რომ ჩაასწორებდა. ვიტყოდი, რომ კონსტიტუციის ასე ჩქარა მიღება ასეთი დინამიკით, რომ ჯერ არ არის მიღებული და უკვე ჩასასწორებელია, არაორდინალურია. ამ ეტაპზე ეს არაორდინალურობა არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის სირთულე. ეს არის სირთულე ქვეყნისთვის. როგორმე პოზიტიურად უნდა გამოვიდეთ ამ სირთულიდან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის ხმაურიან განცხადებას მოგვიანებით უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტს არ სჭიდრება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება პრეზიდენტს პოზიტიური ცვლილებების პროცესში პოზიტიური როლის შესატანად.

„ვეტო არის გამოსავალი, რომ თავად პრეზიდენტი გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც თვითონ შევიდა, დაწყებული საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებით და შემდეგ, როდესაც ისეთი საკითხები ჩამოწერა და მოთხოვნები დააყენა, რომელსაც მის გარშემო შემოკრებული ოპოზიციის გარდა, არავინ დაეთანხმა, მათ შორის, ვენეციის კომისია, რომელიც პირიქით, მიესალმა იმ საკითხების ჩვენეულ გადაწყვეტას, რაზეც პრეზიდენტი აპელირებდა.

ჩვენ ვასრულებთ პირობას, დავეთანხმოთ ვენეციის კომისის მიერ გახმოვანებულ რეკომენდაციებს და ამას პრეზიდენტის ვეტოს საშუალებით, თუ ახალი ცვლილებების ინიცირების სახით გავაკეთებთ. ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას ამ პოზიტიური ცვლილებების შეტანის პროცესში პოზიტიური როლის განსახორციელებლად. ჩვენ მას ამის შანსი მივეცით, თუმცა ის ამ შანსს იყენებს კამპანიისთვის კონსტიტუციის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, კონსტიტუციის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა დაუბრუნდეს, რათა არ დაუშვან რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება. პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ორი ძირითადი კითხვა დაისვა - არის თუ არა მზად პრეზიდენტი შეხვდეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და უნდა აისახოს თუ არა კონსტიტუციაში ის 5 ძირითადი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. როგორც რურუამ განაცხადა, ორივე საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

„პრეზიდენტი მზად არის დიალოგისთვის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატიული დაბალანსებული კონსტიტუცია. ასევე ჩვენ ერთმანეთში შევთანხმდით იმაზეც, რომ საკითხები, რომელიც ოპოზიციამ გამოყო, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის და ეს საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს კონსტიტუციის ნაწილი.

როგორც ჩანს, ვეტო დასაბუთებული შენიშვნებით იქნება. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არის რეალური შანსი ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც „ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა, გამოვიდეთ საუკეთესო პროდუქტით, რომელიც სჭირდება ხალხს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი მმართველ გუნდთან შეხვედრას აპირებს. მისი თქმით, თუკი ეს შეხვედრა გაიმართება, პარტიებთან შეხვედრის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

„პრეზიდენტს ვთხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამოიყენოს ვეტოს უფლება, ხოლო ვეტოს საწყის ვარიანტად ის ხუთპუნქტიანი შეთანხმება აიღოს, რომელიც პარტიებმა და პრეზიდენტმა ერთობლივად შევიმუშავეთ. პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრას აპირებს, თუკი ეს შეხვედრა იქნება, ასეთ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმება, ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე, რომელიც ასევე საუბრობს ვეტოს აუცილებლობაზე. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, ეს კონსტიტუცია მმართველმა გუნდმა თვითონ დაწერა, პარლამენტის საგანგებო სხდომა თვითონ მოიწვია, თავის თავთან კონსენსუსს თვითონ მიაღწია, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს ოვაციები თვითონ მოუწყო.

„ახლა უნდა ამ პროცესის კრიტიკაც ანუ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწეროს. სხვა არაფერი არ არის ეს, თუ არა ტოტალიტარიზმი. ამას ევროპული ღირებულებების და სტანდარტის სახელით გვეუბნებიან. ეს გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის დეფიციტი, არამედ საღი აზრის ფუნდამენტური პრობლემაც არსებობს.

კონსტიტუციას მრავალი პრობლემური საკითხი და ნაწილი აქვს. სახალხო განხილვებზე ერთი პროექტი განიხილეს და უმრავლესობამ სხვა პროექტი დაამტკიცა - 2020 წელში პროპორციული სისტემის შემოღება არ ხდება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსზე და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომლის განცხადებით, ქვეყანაში არის კლასიკური პოლიტიკური კრიზისი და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, მსგავს ვითარებაში უკვე დანიშნული იქნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ყველა ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი დღეს ერთ მხარეს დგას, ხოლო ხელისუფლება დარჩა მეორე მხარეს. ხელისუფლებას არ უჭერს მხარს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კრიტიკულადაა განწყობილი მედია. ჩვენ კლასიკურად ვიქეცით, სამწუხაროდ, ბანანის რესპუბლიკად“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მაშ ასე, იმ შემთხვევაში თუ კი „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ექნება, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდს შეხვდება.

„ვეტოს ითხოვს პოლიტიკური ოპოზიცია და ვეტოს ითხოვს ასევე „ქართული ოცნება“. შესაძლოა, საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. ჩვენ ცხადია, შევხვდებით „ქართულ ოცნებას“, თუ ამისი სურვილი მათი მხრიდან იქნება. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი. ამავე დროს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა არ შედგება. არ არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრობენ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამ დროისთვის უცნობია, მივა თუ არა საბჭოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.