„ქართულ ოცნებას“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართული იყვნენ, საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებზე იწვევს. სწორედ ამ შეხვედრაზე განხილული უნდა იქნას პარლამეტის თავმჯდომარის შეთავაზება, რომ პრეზიდნეტმა კონსტიტუციაზე ვეტოს დადების შემთხვევაში, მოტივირებული შენიშვენის სახით, პარლემენტს ბონუს სისტემის შეცვლის და ერთჯერადად, ბლოკების შექმნის უფლება გადაუგზავნოს. პრეზიდენტი მმართველ გუნდს და პოლიტიკურ ძალებს შეხვედრას ხვალ 16 :00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს. ვოლსკი პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ თამაშს უწოდებს და მასში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„საპარლამენტო გუნდში ამ თემაზე არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემი აზრით, მონაწილეობის მიღება ამ პოლიტიკურ თამაშში, რომელსაც პრეზიდენტი დიდი ხანია მიყვება, არ არის სწორი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაზე გვაქვს საუბარი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ის პოზიტიური შეფასებები, რაც აქვს საკონსტიტუციო პროექტს.
პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს გარკვეული ავტორიტეტი, რადგან ყველა მოლოდინი, რომ ჩვენ თავს დაგვატყდებოდა საერთაშორისო რისხვა, არ გამართლდა. ვენეციის კომისიის ჩათვლით, პრაქტიკულად, არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც დადებითი რეკომენდაცია არ მიეცეს ამ ცვლილებებისადმი. პროცესები, მთლიანად არის პოზიტიური, თუმცა, შესაძლებელია, ამ თემას დავუბრუნდეთ გარკვეული ცვლილებების ინიცირების სახით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვას სთავაზობს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას, მის შეთავაზებას დათანხმდება და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი იმოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
„პრეზიდენტი 6 თვის განმავლობაში ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას.
ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზება „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. როგორც ანა დოლიძე ამბობს, დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, ვერ უძლებს საათებს. მისი თქმით, ამას ადასტურებს ფაქტი, რომ კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე საათში პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს.
„უნდა დავფიქრდეთ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას. ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია“, - აცხადებს ანა დოლიძე.
განსხვავებულია უმრავლესობის შეფასება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ძალიან პოზიტიური იქნება პრეზიდენტმა ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიიღოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ამ შეთავაზებას არ გაითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე დადებულ ვეტოს დაძლევს.
„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ ვეტო იქნას გამოყენებული იმ ორი მნიშვნელოვანი ცვლილების შესატანად, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის.
ვფიქრობთ, რომ ძალიან პოზიტიური იქნება პრეზიდენტმა ეს შეთავაზება მიიღოს და ვეტო ამ ორი ცვლილებისთვის გამოიყენოს. თუმცა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დავძლევთ უახლოეს პერიოდში და კონსტიტუცია შევა ძალაში დადგენილი დროის მიხედვით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას.
„როდესაც დადგა საკითხი იმის თაობაზე, რომ მიიღებდა თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ ჩამოწერილ იმ 5-პუნქტიან შეთავაზებას, მაშინ ვთქვი, რომ ეს არ მოხდება. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე იცოდა რა სურდა ოპოზიციას, რადგან მაშინ არ წივიდა დათმობაზე, დღეს მისთვის იქნება წამგებიანი ამ დათმობაზე წასვლა.
ახლა, უკვე, იგივე დღეში არის ოპოზიცია. თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს მიიღებს პრეზიდენტი და კონსტიტუციას უკან დააბრუნებს პარლამენტში, ეს ცვლილებები კონსტიტუციაში შევა, მაგრამ ეს იქნება გაფორმებული ისე, როგორც კონსენსუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ კონსტიტუციის მიღება მოხდა არა ერთი პარტიის, არამედ კონსენსუსის საფუძველზე. თუმცა, ამ შემთხვევაში დგება მეორე და ამავე დროს მნიშვნელოვანი საკითხი, აძლევს თუ არა ხელს ოპოზიას ის, რომ ბონუს სისტემის მოხსნაზე ლაპარაკი არის 2024 წელს.
„ერჯერად მოხსნაზე ლაპარაკი არის 2020 წელს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომ პირდაპირ იყოს ჩატარებული პროპორციული არჩევნები, უარს ამბობს და თანხმდება იმას, რომ 2024 წლისთვის გადაიდოს. ეს უკვე ოპოზიციისთვის არის წამგებიანი. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია პრეზიდენტი რატომ დათანხმდება ამ შემოთავაზებას.
რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ოპოზიცია, ალბათ, არ დათანხმდება, რადგან ეს ოპოზიციას აბსოლუტურად არაფერს აძლევს. 2024 წელს ვინ იქნება ხელისუფლებაში და რა იქნება ამ ქვეყანაში, ამას მამაზეცირი ვერ გაარკვევს. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ 2024 წელს რაღაცა იქნება, არის ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი. არა მგონია, რომ პრეზიდენტმა გაითვალისწინოს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
კონსტიტიციონალისტი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი იქნება ვეტო, ხოლო რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, ეს იქნება ის 5-პუნქტიანი წინადადებები, რომლითაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთვარობო სექტორი ერთმანეთში შეთანხმდნენ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ პორცესში კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი მმართველი გუნდის გაუაზრებელი პოლიტიკის. ამიტომ მისი ერთი პარტიის დოკუმენტად გამოცხადება არასწორია. მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა განვავასხვავოთ - შეცდომის ჩამდენი პოლიტიკური ძალა და კონსტიტუცია.
„ჩემი პოზიცია ის არის, რომ გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა პროცესის წარმართვა, რათა ამ პროცესში ყველას ჰქონოდა თანამონაწილეობის განცდა და კონსტიტუციას ჰქონოდა მაღალი მხარდაჭერა. მმართველი პარტიის ძალიან სერიოზულ შეცდომებს კონსტიტუცია არ უნდა გადაყვეს.
სახელმწიფოს სჭირდება მყარი კონსტიტუციური საფუძველი. ამიტომ, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მმართველი პოლიტიკური ძალის შეცდომები, მათი მხრიდან თვითგარიყულობისკენ გადადგმული ნაბიჯები და კონსტიტუცია. ამ შეცდომებმა თავად კონსტიტუციური საფუძველი არ უნდა შეარყიოს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც მათი თქმით, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და მათ სულიერ ლიდერებს მოსწონთ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, კონსტიტუციის კანონდარღვევით მიღებაზე საუბრობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციული ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში.
„თუ ორი მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა „მიწა“, მესამე მოსმენისას წინ ჩაუმატეს სიტყვა - „სასოფლო-სამეურნეო“, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას. ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი.
როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს ჩადიოდნენ. კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყება“, -აცხადებს რომან გოცირიძე.