რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი; ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები; საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ბერლინში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე. გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე.
საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკურ ვითარებას და, რომ ეს ყველაფერი ერთად, იძლევა იმის ყველანაირ პირობას, გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით ქვეყნის როლზე რეგიონში, ასევე - საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში. შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში.
გარდა ამისა, შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ იმ დადებით მომენტებთან ერთად, რასაც საქართველო ახორციელებს და, რასაც ქვეყნის მოდერნიზება ჰქვია, აუცილებელია, ოკუპაციის პრობლემების გადაჭრაზეც ერთად ვიფიქროთ. მისი თქმით, ჩვენ უნდა ვუთხრათ გერმანიის კანცლერს, რა პრობლემები გვაქვს რუსეთთან ურთიერთობებში, ამ პრობლემების გადაწყვეტაში გერმანიის როლი ძალიან დიდი იქნება.
„კარგია, რომ ჩვენ მივყევით დასავლელი კოლეგების, კონკრეტულად გერმანელების რჩევას, რომ ვიყოთ რაციონალურები და პრაგმატულები. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები. მთავარი პრობლემები - ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის ქმედებები თუ ნაბიჯები.
ჩვენ თუ ვამბობთ, რომ საქართველო არის წარმატებული და ეს არის ფაქტი, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში არსებული სტაბილურობა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ხდება, ჩვენი ხალხის ძალისხმევით. პრობლემები კი რჩება და ამ პრობლემებს უნდა მივხედოთ. ამ პრობლემების გადაწყვეტაში კი, გერმანიის როლი ძალიან დიდი იქნება“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ადასტურებს, რომ შეხვედრაზე საუბარის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა.
„ვისაუბრეთ საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე და პროვოკაციებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მტკიცე პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მაშ ასე, საქართველო-გერმანიას შორის პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზე ვითარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. როგორც ცნობილია, სწორედ გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანა, რომელიც საქართველოში ნატოში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებს.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ნაკლებად ელოდება გერმანიისგან პოზიციის ცვლილებას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებს, შესაბამისად, ნატოში გაწევრიანების საკითხს არ წამოწევს როგორც ორ მხრივ ურთიერთობებში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე, რომ ამ კუთხით საქართველომ სერიოზული წინსვლა მიიღოს.
„როცა კულისებში გვაქვს საუბარი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის აშშ-თან, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, მათი მხრიდან არის საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო არ წამოწევს უფრო აქტიურად ნატოში გაწვერიანების თემას, ამ საკითხს ამერიკა საქართველოს აქტიურობის გარეშე თვითონ არ გაააქტიურებს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ამ თემის წამოწევაში, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგში და უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დარჩეს, როგორც ნატოს დღის წესრიგში, ასევე ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების და მათ შორის რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში“, - აღნიშნა გიორგი მუჩაიძემ.