ბირთვული ბატალიები, რომლის კონტროლი მსოფლიოს სულ უფრო მეტად უჭირს

ბირთვული ბატალიები, რომლის კონტროლი მსოფლიოს სულ უფრო მეტად უჭირს

ჩრდილოეთ კორეა ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება „რადგან აშშ-მ ჩვენს ქვეყანას ომი გამოუცხადა, სრული უფლება გვაქვს კონტრზომების მისაღებად, მათ შორის აშშ-ს ბომბდამშენების ჩამოგდებისაც, მაშინაც კი, როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში არ იქნებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში ყოფნისას. მისი თქმით, ფხენიანი დონალდ ტრამპის ქმედებაზე ყველა საპასუხო ვარიანტს განიხილავს.

ბოლო დროს გაეროს გენერალური მდივნის, ნატო-ს ხელმძღვანელობის, ამერიკისა და ევროპის ლიდერების მხრიდან იმდენად მწვავე რიტორიკა ისმის ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის მიმართ, როგორიც თითქმის არ ახსოვს მსოფლიოს უახლეს ისტორიას - ლიდერები უკვე ღიად საუბრობენ ბირთვული ომის საფრთხეზე. მსოფლიო რეალურად დგას კატასტროფის ზღვარზე, თუ არსებობს მექანიზმები, რომელიც მოვლენებს ჩვეულ კალაპოტში გადაიყვანს, ამ თემებზე აშშ-ს სამხედრო აკადემიის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბირთვული დაგეგმარების დოქტორი, ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ვახტანგ მაისაია: ასეთი რიტორიკა დაგვიანებულიც კი არის, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების ბალანსი დაირღვა და ფაქტობრივად, ბირთვული კლუბის წევრობის პირობებიც ირღვევა - ანუ კლუბი განსაზღვრავდა, ვინ უნდა ყოფილიყო ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფო.

დარღვეულია სამართლებრივი ჩარჩოებიც, რომელიც არეგულირებდა სტრატეგიული ბალანსის მდგომარეობას - ეს არის მასობრივი განადგურების იარაღის გადატანაზე და გადამტანებზე კონტროლი, ანუ ყველა მიმართულებით მოშლილია სიტუაცია, რაც სამი ძირითადი მიზეზით არის გამოწვეული.

პირველი, ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, რომელიც უკვე გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი და ის არ ემორჩილება არავითარ შეზღუდვებს.

როდესაც ბირთვულ კლუბს შეემატა კიდევ ორი წევრი, ინდოეთი და პაკისტანი, ესეც მოულოდნელობა იყო საერთაშორისო საზოგადოებისათვის და ვიტყოდი, დიდი მინუსი, რათა თავის დროზე გამოეპარათ ამ ორი ქვეყნის მიერ ბირთვული სტატუსის მოპოვება - მათ ერთდროულად ჩაატარეს ბირთვული გამოცდა მიწისქვეშ ააფეთქეს ბირთვული ბომბები და ამით მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენეს.

სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა კორეაში, რომელმაც შეძლო არა მხოლოდ ბალისტიკური, არამედ თერმობირთვული იარაღის გამოცდაც და ვხედავთ, რომ კორეა ფლობს ყველა ტიპის ბალისტიკურ რაკეტას. ეს არის საშუალო, მცირე და სტრატეგიულ ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც უფრო შორ მანძილზე შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა.

გარდა ამისა ჩრდილოეთ კორეას გაუჩნდა წყალქვეშა ნავები, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა, ამით კორეამ ფაქტობრივად, ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი გამოაჩინა და ამით ის ფაქტობრივად, შეუერთდა ბირთვულ კლუბს.

ეს ნიშნავს თუ არა რომ ბირთვული კლუბის გაზრდასთან ერთად ირღვევა ის ბალანსიც, რაც მიღწეული იყო მსოფლიოში და და რამდენად დგება დღის წესრიგში გავლენების ხელახალი გადანაწილების თემა?

- ბირთვულ კლუბში შედის შვიდი ქვეყანა, ეს არის აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი. კიდევ არიან კანდიდატები, რომლებსაც მაპ-ის სტატუსი გააჩნიათ, ესენია: ირანი, ისრაელი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და გარკვეული მონაცემებით ბრაზილიაც, მაგრამ ყველაზე ახლოს კლუბის კანდიდატობასთან არიან ირანი და ისრაელი.

გვახსოვს ის პერიპეტიები, როდესაც ირანზე იყო დიდი ზეწოლა, რომ როგორმე მისი ბირთვული განვითარება შეეფერხებინათ. ისრაელს რაც შეეხება, ამერიკა ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ქვეყანაც არ მივიდეს ამ კონდიციამდე.

ანუ სურს თუ არა ეს ბირთვულ კლუბს, მსოფლიო რეალურად დგება ახალი წესრიგის დამყარების ფაქტის წინაშე?

- რა თქმა უნდა. როდესაც ბირთვული სახელმწიფო ხდები, შენ უნდა დაიცვა თამაშის წესები, რომელიც მოეთხოვება ბირთვული კლუბის წევრ ყველა ქვეყანას. ეს არის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიები.

ის საერთაშორისო სამართლებრივი აკრძალვები, რომელიც ვრცელდება ბირთვული კლუბის წევრ ქვეყნებზე, უპირობოდ უნდა იყოს დაცული. ეს არის ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმი. უკიდურესი თავდაცვის პრინციპის გაზიარება, ურთიერთინსპექტირება და ა.შ. ანუ მაღალი პასუხისმგებლობა.

როდესაც, მაგალითად, არსებობს რეგიონული კონფლიქტი, შენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება, რომ იყო თავშეკავებული. ეს ქვეყნები ამ წესებს იცავენ იმისათვის, რომ საკუთარი თავი არ მიიყვანონ კატასტროფამდე და სხვა ბირთვული სახელმწიფოების დარტყმის ობიექტები არ აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ის ამ პირობების შესრულებას საერთოდ არ აპირებს, მას აქვს ფაქტობრივად, არშემდგარი ქვეყნის სტატუსი, ამავდროულად, მოიაზრება ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად, სადაც არის ავტოკრატიული მმართველობა და ფაქტობრივად, ეს არის თვითლიკვიდაციისკენ მიდრეკილების მქონე ქვეყანა, რომელიც წამსვლელია ნებისმიერ ავანტურაზე. ანუ მისი შეკავების მექანიზმების ამოქმედება საკმაოდ რთულია.

რუსეთშიც კი, სადაც ავტორიტარული რეჟიმია, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს გარეშე ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას. ანუ ბირთვული კლუბის წევრები ამ სტანდარტებს მეტ-ნაკლებად, ასრულებენ, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, რომლის დამორჩილება აბსოლუტურად შეუძლებელია და მოლოდ მის ნებაზეა ქვეყანაში ყველაფერი აწყობილი. ანუ, ეს არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ვერ კონტროლდება პოლიტიკური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის შიგნით. კიმ ჩენის თუ მოეპრიანება, შესაძლოა, თვითონაც კი დააჭიროს ბირთვული ბომბის ღილაკს ხელი. ანუ ფაქტობრივად, მივიღეთ 7+1 რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა კლუბის წევრიც კი ვერ ხდება.

ანუ, პირველი პრობლემა არის ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა - დანარჩენ პრობლემებს რაც შეეხება?

- მეორე პრობლემა არის ის, რომ პარიტეტული შეთანხმების სამართლებრივ წესებს არღვევს ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიცაა რუსეთი. მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ 1987 წელს აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანსა და საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივან გორბაჩოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა, რომელიც მცირე და საშუალო ბალისტიკური რაკეტების აკრძალვას გულისხმობს, რამაც ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა ბირთვული რბოლა ევროპის კონტინენტზე.

ამ შეთანხმებას მოჰყვა ის, რომ ამერიკელებმაც და რუსებმაც გაიტანეს თავანთი ბალისტიკური რაკეტები ევროპიდან. ეს შეთანხმება ძალაში დატოვა რუსეთმაც, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე იყო და ეს ვითარება გრძელდებოდა 2016 წლამდე.

ანუ, ორ უძლიერეს ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყანას შორის იყო შეთანხმება, რომელიც იცავდა იმ ბალანსს, რაც იყო მსოფლიოში (ბირთვული ტრიადების მიხედვით ლიდერობს ამერიკა ხოლო ბირთვული ქობინებით რუსეთი).

სწორედ, ამ შეთანხმების დარღვევამ გამოიწვია რუსეთსა და ამერიკას შორის პარიტეტის დარღვევა და ეს ორი სუპერბირთვული ქვეყანა კვლავ ჩაერთო ბირთვულ რბოლაში. ეს კარგად ჩანს უკვე ნატოსა და რუსეთის და აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებებიდანაც.

ნატომ უკვე დაიწყო ბირთვული კონცეფციის აღდგენაზე საუბარი, ხოლო რუსეთმა - ბირთვული მუსკულების დემონსტრირება, რაც გამოჩნდა 2017 წლის სამხედრო წვრთნების დროს, როდესაც რუსეთმა გამოსცადა გაუმჯობესებული ისკანდერ-M, მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა.

მაშინ როცა, ორივე მხარე შეთანხმებული იყო, 500-დან 5000 კმ-მდე ბირთვული რაკეტების განადგურებაზე. დღეს ამერიკაც უკვე იძულებულია რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის გამო თავისი ვაკუუმი შეავსოს. ანუ, როდესაც ბირთვული კლუბის ორი ქვეყანა იწყებს ბირთვულ რბოლას, ეს უკვე არის სერიოზული პრობლემა.

რაც შეეხება მესამე პრობლემას?

- მესამე გამომდინარეობს პირველი ორი პირობის მოშლიდან - ანუ, ის სამართლებრივი რეგულაციები რაც არსებობდა, მთლიანად მოშლილია და ბირთვული კლუბის წარმომადგენლებს უკვე აღარ შესწევთ უნარი, შეაკავონ ბირთვული კლუბის კანდიდატი ქვეყნების ცდუნება - ანუ ვეღარ უზრუნველყოფენ, კანდიდატმა ქვეყნებმა არ მიაღწიონ იმ დონეს, რომ შეუერთდნენ ბირთვულ კლუბს.

ახალი სამართლებრივი რეგულაციების შემუშავება და შემოღება ვისი პრეროგატივაა?

- ეს გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს, ამიტომაცაა, რომ გაეროს გენერალური მდივანი საუბრობს ამ თემებზე. ალბათ, აუცილებელია ახალი რეგულაციები პარიტეტის შესანარჩუნებლად.

დავუშვათ, ახალი რეგულაციებიც შემოიღეს, თუ ამასაც არ დაემორჩილა ჩრდილოეთ კორეა, რა მექანიზმი არსებობს მის შესაკავებლად?

- გახსოვთ, ალბათ, რა მექანიზმებიც მოქმედებდა ირანის მიმართ, ეს იყო როგორც ეკონომიკური ასევე, პოლიტიკური სანქციებიც. ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლა უკვე განხორციელდა და უკიდურესი ფორმა შეიძლება, იყოს სამხედრო ძალის გამოყენება, მაგრამ კლუბის წევრებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს კორეის წინააღმდეგ - როგორც ცნობილია, რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან ამერიკის პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

ამერიკამ უკვე განაცხადა, რომ სამხედრო გზით გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ფაქტობრივად, უმართავ ქვეყანასთან, ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებები თავისთავად არ ნიშნავს კატასტროფას?

- ამერიკელებმა ისე უნდა ჩაატარონ ოპერაცია, რომ ჩრდილოეთ კორეას არ მისცენ ბირთვული არსენალის გამოყენების საშუალება. სხვა შემთვევაში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო აქციის განხორციელება ყოველგვარ აზრს კარგავს.