ძლიერი ქვეყნების ახალ ტრადიციას ამკვიდრებენ - არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე ჯერზე, ოფიციალურ თბილისთან იწყებენ კომუნიკაციას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო მეოთხე ქვეყანა იყო, რომლის სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დონალდ ტრამპი შეხვდა. ეს ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს პოლიტიკურად დატვირთული ტრადიცია არც გერმანიის შემთხვევაში დარღვეულა.
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. ბერლინში, პრემიერ-მინისტრი ახლად არჩეულ კანცლერთან, ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას. არჩევნების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის პრემიერ-მინისტრს ანგელა მერკელი არჩევნებიდან მეოთხე დღეს ხვდება.
ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს. კვირიკაშვილი-მერკელის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება. შეხვედრის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გერმანიის კანცლერის ადმინისტრაცია გაავრცელებს. თუმცა, ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი.
უკვე ცნობილია, რომ კვირიკაშვილი-მერკელის შეხვედრაზე განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი, სადაც ლიდერები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოები და მათ შორის საქართველო ელოდება. სწორედ ამ დეკლარაციიდან გამომდინარე საქართველო ელოდება მკაფიო გზავნილებს ქვეყნის ევროპული მისწრაფების თაობაზე. სწორედ ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს გერმანიას.
ის ფაქტი, რომ არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში გერმანიის კანცლერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყენას შორის არის მჭიდრო და კონტრუქციული ურთიერთობა.
„ეს იქნება ფართო სპექტრი საქართველოს საკითხებისა, მათ შორის უსაფრთხოება, ორმხრივი თანამშრომლობა, მრავალმხრივი ფორმატები. თქვენ იცით, რომ ძალიან მალე მოდის აღმოსავლეთ პარტიორობის ნოემბრის სამიტი, ისევე, როგორც მომავალ წელს დაგეგმილია ნატოს სამიტი.
ჩვენ გვაქვს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური, თუ მრავალმხრივ ჭრილში საკმაოდ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც უნდა გავნიხილოთ და ძალიან გვჭირდება გერმანიის დახმარება. იმიტომ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის სწორედ ის ქვეყანა, რომლის სიტყვას ევროკავშირში ძალიან დიდი წონა და მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ინტენსიური გახდა. ამაზე მიუთითებს გერმანიასა და საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. მისი თქმით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრის თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და სამომავლო ურთიერთობები, რომლებიც მრავალმხრივ ფორმატში მოიაზრება.
„ვიზალიბერალიზაციის დროს, გერმანია ის სახელმწიფო იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად გადაწყვიტა ეს საკითხი. მომავალში ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ამ პროცესის გაგრძელებაა პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის დაგეგმილი შეხვედრა... ფაქტია ის, რომ გერმანია დიდ ინტერესსა და მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ და ამ შეხვედრით ეს კიდევ ერთხელ დასტურდება. ასევე, ლიდერები ისაუბრებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, რომ ეს გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა ბერლინში გასული წლის ივნისში შედგა, მაშინ მთავარი განხილვის თემა ვიზა-ლიბერალიზაცია იყო. არჩევნებიდან რამოდენიმე დღეში გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აფასებენ ანალიტიკოსები. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ რანგის შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ეტაპზე. მით უმეტეს მას მერე, რაც საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის გამყარების და დალაგების ამოცანა უდგას.
„ეს ამოცანა გვიდგას გერმანიასთანაც, როგორც ნატოს გაფართოების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ქვეყანასთან. აქ კრიტიციზმის საფუძველი საქართველოს ნაკლებად აქვს, მართალია კრიმინალი ქართველები ახსენეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ძირითადი მიზეზი არის გერმანიის ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთთან. რუსეთთან დამოკიდებულება, ალბათ, გახდება მსჯელობის საგანი საქართველო-გერმანიის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში.
თუ გერმანია დარწმუნდება, რომ საქართველო არ აპირებს 2008 წლის განმეორებას, დაპირისპირებას რუსეთთან და რომ, მისი გეოპოლიტიკა რეგიონში მყარი პოლიტიკური კურსია. ალბათ, კრიტიკულობა ნატოში ჩვენს გაწევრიანებაზე შემცირდება გერმანიის მხრიდან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
თუმცა, მისი თქმით, ამ დამოკიდებულებაზე ერთდროულად მოქმედებს ბევრი ფაქტორი, რომელიც ჩვენს რეგიონს შორდება - ეს არის უკრაინის თემა.
„უკრაინის თემაში საქართველო მეტ-ნაკლებად ჩართულია, იმენად, რამდენადაც საქართველოდან დაიწყო უკრაინის პრობლემა. რუსეთის მიმართ სიმკაცრეს, იგივე სანქციების კუთხით, სხვა ქვეყნებს ტოლს არ უდებს მერკელი. უკრაინის მიმართ სანქციების არსებობამ, შეიძლება წამოწიოს საქართველოს ინტერესებიც და შეიძლება ქართულმა მხარემ დააყენოს საკითხი - თუ უკრაინის პრობლემაზე სანქციებს აწესებთ, საქართველოშიც ანალოგიური პრობლემა არის.
ამიტომ, საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიმართ, ევროპამ ქმედითი პოზიციის შემუშავა უნდა მოითხოვოს. საკითხების ეს სპექტრი, რომელიც გერმანიას ეხება, უკრაინიდან დაწყებული და რუსეთით დამთავრებული, ალბათ, გახდება გერმანიის და საქართველოს პრემიერების საუბრის თემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი, საერთაშირისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე განმარტავს, რომ გერმანიას, როგორც ევროკავშირის ლიდერ ქვეყანას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ პოზიციას დაიჭერს საქართველოსთან მიმართებაში.
„გერმანია აშშ-ის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორია. სტარეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მხარს უჭერს, ძალიან ბევრი შიდა წინააღმდეგობებია. საქართველომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება არის აუცილებელი. თუ ამისთვის გამოიყენებს გერმანიას და მათ შორის აშშ, ეს მხოლოდ კარგია. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. ჩვენი ბევრი პრობლემის გასაღები დასავლეთთან ერთად არის რუსეთში. ევროპამ ამ დიალოგში შეიძლება კონსტრუქციული როლი შეასრულოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანია წინააღმდეგია საქართველოს ევროსტრუქტურებში და ნატოში გაწევრიანების, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ გერმანია წინააღმდეგია იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში. აქიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მერკელი-კვირიკაშვილის შეხვედრა დემონსტრაციულია.
„ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის ახალი ხელმძღვანელობისთვის. აჩვენებს რუსეთს რა დამოკიდებულება აქვს მას კავკასიაში რუსული პოლიტიკის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ყველაზე უფრო ახლო არის ევროპული ქვეყნებიდან რუსეთთან, ყველა მკაცრ ნაბიჯს, რომელსაც აშშ დგამს რუსეთის წინააღმდეგ, გერმანია მხარს უჭერს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინი აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას, იმ პოლიტიკას აგრძელებს რისი ინიციატორიც აშშ-ია უკრაინასთან მიმართებაში და საქართველოსთან მიმართებაში იგივე ხდება.
„პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ქვეყანაა ისეთი, რომელიც მოსკოვისთვის პრობლემურია, ეს არის: საქართველო და უკრაინა. უკრაინის პირველ პირს გარკვეული მიზეზების გამო არ შეხვდებოდა მერკელი, იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ზოგიერთ შემთხვევაში მიუღებელია დასავლეთისთვის. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბევრად უფრო სტაბილურ და გააზრებულ პოლიტიკას ატარებს, მისაღებია ბერლინისთვის. შეხვედრის შინაარსს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც შეხვედრის ფაქტს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.