„კონსენსუსის არარსებობა იყო ოპოზიციის თვითმიზანი“

„კონსენსუსის არარსებობა იყო ოპოზიციის თვითმიზანი“

საქართველოს უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს - პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც გაუძლებს დროს, ათწლეულებს“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

კობახიძის განმარტებით, პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ამ დოკუმენტის საფუძველზე ყალიბდება ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, დემოკრატიის პრინციპზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე და ეს არის ის სულისკვეთება, რომელითაც განმსჭვალულია მისი თითოეული მუხლი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრებმა ხაზი გაუსვეს როგორ ითვალისწინებს კონსტიტუცია სხვადასხვა ინსტიტუციების განვითარებას, თუმცა ოპოზიციას, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ასეთი დეტალები ნაკლებად აინტერესებს.

„ჩვენ შევთავაზეთ საპარლამენტო ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მათგან მივიღეთ ცივი უარი“,- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, როდესაც დაბრუნდნენ ვენეციიდან, მაშინ დოკუმენტში ეწერა პროპორციული სისტემა 2020 წელს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და მათ შევთავაზეთ ამ დოკუმენტის მხარდაჭერა, რაზეც მივიღეთ ცივი უარი. პირდაპირ გვითხრეს უარი და საბაბად გამოიყენეს რამდენიმე ულტიმატუმი, რომელიც უკავშირდებოდა მიწას, გადასახადებს და აბსოლუტურად გაუგებარ საკითხებს, რომლებსაც არ ჰქონდა საკვანძო პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს იყო საბაბი. რეალურად იქ გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარის თქმა. კონსენსუსის არარსებობა იყო ოპოზიციის თვითმიზანი. თუ ასეთი თვითმიზანი თავიდანვე გაქვთ დასახული, ბუნებრივია, ამაზე ადვილი რა არის, რომ, საბოლოო ჯამში, მხარი არ დაუჭირო ნებისმიერი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, პროპორციული საარჩევნო წესი აუცილებლად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება შემდეგი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მისივე შეფასებით, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც დღემდე არც ერთ მმართველ ძალას არ გადაუდგამს და პირველად იდგმება „ქართული ოცნების“ მიერ.

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კონსტიტუციას პროგრესულ დოკუმენტს უწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციას რჩება ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ ერთადერთი სადავო საკითხი: „ეს არის ვადა, თუ როდის შევა პროპორციული სისტემა ძალაში და არა თვითონ კონსტიტუცია, რადგან კონსტიტუცია არის კარგი და პროგრესული“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსიმაც“, თუმცა ერთი ხმა მისგანაც ერგო - „პარტიოტთა ალიანსის“ წევრის, ნატო ჩხეიძის განმარტებით, მას კონსტიტუციის პროექტისთვის ხმა არ მიუცია, თუმცა, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზის გამო კენჭისყრის დროს მისი ხმა პროექტის მომხრეებს შორის დაფიქსირდა.

მანამდე ვიდრე კენჭისყრა დაიწყებოდა, სპეციალური განცხადება გაავრცელა ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას.

„შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ და პოლიტიკური გაერთიანება - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

იქამდე, ვიდრე პროტესტის ნიშნად ოპოზიცია სხდომას დატოვებდა, კიდევ ერთელ განმარტა თავისი პროტესტის მიზეზიც და სამომავლო გეგმებიც.

„ჩვენ ვიხმართ ყველა ღონეს, მივმართავთ ყველა კანონიერ ფორმას, რომ ეს კონსტიტუცია სამომავლოდ არ გახდეს განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს, რომ ეს კონსტიტუცია ძალაში არ შევიდეს და ადრე თუ გვიან ამას აუცილებლად შეცვლიან.

როგორც ნაციონალებმა განაცხადეს, პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამეტის სხდომა, ვინაიდან დაინახეს „არნახული ძალადობა საქართველოს მოსახლეობაზე“.

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მას არ ჰყავს საქართველოში და არც უცხოეთში მომხრე. ეს არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ „არა“-ს ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ „არა“-ს ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს. მათ გადაინაცვლეს ქუთაისის პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ.

„ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გაიქცა - ისინი მართლა გაიქცნენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებას.

საკუთარ პოზიციას აფიქსირებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც: „დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა“, - მიიჩნევს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

„ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესყობილებისკენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოლოდინი, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს, სავარაუდოდ გამართლდება, როგორც ანა დოლიძე აცხადებს, როგორც კი საბოლოო რედაქცია გადაიგზავნება პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მმართველი უმრავლესობის შეთავაზებას და გახდება თუ არა, ამ პროცესში კონსტრუქციული როლის შემსრულებელი.

„პრეზიდენტი მუდმივად დესტრუქციული ქმედებებით ხასიათდებოდა ამ პროცესის განმავლობაში. მას შეგვიძლია, მივცეთ შანსი, რომ ერთხელ მაინც გამოავლინოს სხვაგვარი დამოკიდებულება საკონსტიტუციო პროცესის მიმართ, და შესაბამისად კონსტრუქციული როლი შეასრულოს ამ პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ასეთი შეთავაზება წარვუდგინოთ პრეზიდენტს და ვნახოთ, ის რამდენად დათანხმდება ასეთ შეთავაზებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა კონსტიტუციის მიღებას. მისი განცხადებით ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს.

პრემიერის განმარტებით, კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვანი გაზრდა, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერი აცხადებს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ იმ პროცესის არსი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ.

„ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია... კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.