სამადაშვილი ჯანელიძეს სასამართლოთი ემუქრება

სამადაშვილი ჯანელიძეს სასამართლოთი ემუქრება

რატომ მიმართა საგარეო უწყებამ ბორჯომის ხეობის ხანძრის დროს რუსეთს დახმარების თხოვნით?! - საგარეო საქმეთა მინისტრის 9-თვიანი ანგარიში მწვავე დებატების ფონზე წარიმართა. საპარლამენტო ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრისგან პასუხს იმ დიპლომატიურ ნოტაზე ითხოვდა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სთხოვა.

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრისგან შეეცადა მიეღო პასუხი კითხვაზე, თვლიდა თუ არა, რომ როდესაც ქვეყანა დახმარებას სთხოვს ოკუპანტ სახელმწიფოს, ამით დემონსტრირებას უკეთებს სისუსტეს.

„მესმის, რომ თქვენთვის რუსეთი არ არის მტრული სახელმწიფო, რაც ძალიან უცნაურია - ახალგაზრდა ადამიანი ხართ და უნდა გახსოვდეთ 90-იანი წლები. რუსეთში ისწავლეთ... თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსური კავშირები რუსეთში... მათ შორის თქვენი ეკონომიკის მინისტრის... გასაგებია - რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო ამ ქვეყნის და თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თვლით თუ არა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, რომელიც აგრძელებს ამ ქვეყნის ოკუპირებას, ამით დემონსტრირებას უკეთებს სისუსტეს. გთხოვთ კიდევ ერთხელ განმარტოთ, როდის და რა ფორმით მიმართეთ რუსეთს დახმარებისთვის?“.

სალომე სამადაშვილის კითხვა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინისტრს სასამართლოთი დაემუქრა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მომავალში თუკი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას, სასამართლოს მიმართავს.

„თქვენ, როგორც ჩანს, არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის ჩვენს წინაშეც, რომელიც წარმომადგენლები ვართ ქართველი ხალხის პარლამენტში. მე გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, ვინც განგიმარტავთ ვალდებულებებს, რომ მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ იგნორირებას ჩვენი შეკითხვების“, - მიმართა მინისტრს სალომე სამადაშვილმა.

ბორჯომის ხეობა და რუსეთისთვის დახმარების თხოვნა არ იყო ერთადერთი საკითხი, რატომაც მინისტრს დეპუტატებისგან საყვედურის მიღება მოუწია. მთავარი პრეტენზია ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრთან პარლამენტში არმისვლასთან დაკავშირებით ჰქონდა. კონკრეტულად კი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, იცნობს თუ არა მინისტრი რეგლამენტს, რადგან ნადირაშვილის თქმით, უკვე დიდი ხანია ოპოზიცია მიხეილ ჯანელიძეს კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში უშედეგოდ იბარებს.

„თუ თქვენ არ იცით, საერთოდ, პარლამენტი იმისთვის არის დაყოფილი ბიუროდ, კომიტეტებად და შემდეგ სხდომად, რომ ეს არის სავალდებულო. ჭკუას არ გასწავლით, მე მაინტერესებს თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე? გეშინიათ და გირჩევნიათ უმრავლესობის ზურგს იყოთ ამოფარებული, თუ რა არის თქვენი მოტივაცია?“, - მიმართა ირმა ნადირაშვილმა.

თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძემ ნადირაშვილს მოუწოდა, რომ ჭკუის სწავლებიდან კითხვის დასმაზე გადასულიყო. კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, სოფიო კილაძემ უპასუხა, რომელმაც კოლეგებს წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მოქალაქეობა შეახსენა. „მე მართლა გაოცებული ვარ იმ პარტიის წარმომადგენლებისგან ჩვენს მიმართ საყვედურით, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსეთის მოქალაქე. შეუსაბამო განცხადებებს აკეთებთ და თუ გგონიათ ჩვენი საზოგადოება ამას ვერ ხვდება, ძალიან ცდებით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. მიხეილ ჯანელიძემ ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ თუ მათ როდესმე მხარდაჭერის მოპოვება სურთ, კონცენტრაცია საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე უნდა მოახდინონ.

„ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს, იფიქროს მომავალზე, კონცენტრაცია გააკეთოს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე, მე ძალიან დიდი პროგრამა და სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და სამწუხაროდ, არც ერთი კითხვა, არც ერთი შენიშვნა ოპოზიციის მხრიდან საკითხთან მიმართებაში არ იყო. ეს არის უპასუხისმგებლობა ოპოზიციის საკუთარი ამომრჩევლისა და საზოგადოებისადმი. ამიტომ თუ უნდათ მათ, რომ როდესმე მოიპოვონ მხარდაჭერა, კონცენტრაცია უნდა გააკეთონ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების მიზეზი კი, სხვადასხვაა.

„ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. არავისთვის საიდუმლო არ არის და ყველასთვის ცნობილია, რომ უმეტეს ქვეყანაში არსებობს დაპირისპირება დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. ამისთვის სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია.

ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრისა და თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საკითხი იყო. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 80 პირს მისცა.

„საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით დაიწყო საბერძნეთის რესპუბლიკის სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი საპილოტე პროგრამის განხორციელება, საბერძნეთის მხარესთან დაიწყო კონსულტაციები საბერძნეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შესახებ.

ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან შესაბამისი მუშაობის შედეგად 2017 წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გამოიცა განკარგულება ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოლქში შესულ გუბერნიებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.