მე-9 მოწვევის პარლამენტში 51 ბიზნესმენი დეპუტატია წარმოდგენილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო ორი დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.
ანარიშის თანახმად, ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს-აქტივებს ფლობს „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი: ილია წულაია - 31 კომპანია, ნინო წილოსანი - 13 კომპანია და კახაბერ ოქრიაშვილი -13 კომპანია.
რაც შეეხება კანონდარღვევას, აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად. კერძოდ - ედიშერ თოლორაია -„ქართული ოცნება“, დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნება“, იოსებ მაკრახიძე -„ქართული ოცნება“, მამუკა მდინარაძე -„ქართული ოცნება“, მარიამ ჯაში -„ქართული ოცნება“, დავით ჭიჭინაძე -„ქართული ოცნება“, დიმიტრი ხუნდაძე -„ქართული ოცნება“, მამუკა ჩიქოვანი -„ევროპული საქართველო“, გიორგი ლომია -საქართველოს პატრიოტები“.
კვლევის თანახმად და შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 429 052 ლარი - დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოქრიაშვილის გარდა, სამეწარმეო საქმიანობიდან მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს დეპუტატებმა გრიგოლ მიქელაძემ -„ქართული ოცნება“ 1 185000 ლარი და ელგუჯა გოცირიძემ -„ქართული ოცნება - მრეწველები“ - 1 011 839 ლარი.
დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი კი 25 შემთხვევაში იკვეთება, აქედან არადეკლარირებულია 7 შემთხვევა: მირიან წიკლაური - „ქართული ოცნება“, დიმიტრი მხეიძე -„ქართული ოცნება“, ირაკლი ხახუბია -„ქართული ოცნება“, ფატი ხალვაში - „ქართული ოცნება“ , გიორგი კახიანი - „ქართული ოცნება“, ნატო ჩხეიძე - „საქართველოს პატრიოტები“, ირმა ნადირაშვილი-„ევროპული საქართველო“.
იმ შემთხვევაში, თუკი სამეწარმეო საქმიანობაში დეპუტატის მონაწილეობა დასტურდება, ამ მიზეზით მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაცია პარლამენტის წევრების ამა თუ იმ კომპანიაში დირექტორად მონაწილეობის თაობაზე კომიტეტისთვის ახალი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ტექნიკურ ხარვეზს აქვს ადგილი.
„გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ორი დეტალი. პირველი - პარლამენტის წევრები, რომლებიც სამეწარმეო საზოგადოებაში დირექტორებად ფიქსირდებიან და არის ე.წ. არადეკლარირებული სამეწარმაო საქმიანობები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მუდმივად სწავლობს ინფორმაციას პარლამენტის წევრთა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. ე.წ. დირექტორებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვენ ამის თაობაზე ინფორმირებული ვართ.
საკითხი შესწავლილი გვაქვს და პარლამენტის წევრებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ როცა ასეთი უზუსტობები არსებობს, რასაც ტექნიკური ხარვეზიც შეიძლება ვუწოდოთ, ეს მათ გამოასწორონ. როგორ წესი, მათი პასუხია, რომ ან საერთოდ არ ახსოვთ ასეთი კომპანიების არსებობის თაობაზე ან ამბობენ, რომ ეს არის მკვდარი კომპანიები, რომელიც არ ფუნქციონირებენ“, - აცხადებს გიორგი კახიანი.
კახიანის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად შეიძლება ეს არ უკავშირდებოდეს ფაქტობრივად სამეწარმეო საქმიანობის განხირციელებას, ის რომ ამონაწერში პარლამენტის წევრი ამა თუ იმ კომპანიის დირექტორად ფიქსირდება, ეს არის დარღვევა.
„რაც შეეხება ინფორმაციას დეპუტატების არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობების თაობაზე, აღნიშნულ საკითხს კომიტეტი არ სწავლობს და იმის შეფასება, თუ რამდენად სწორად არის დეკლარაცია შევსებული, საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენციაა. ამ საკითხს მონიტორინგს ბიურო უწევს. ამ შემთხვევაშიც დეპუტატების მხრიდან არის პასუხი, რომ ან არ ახსოვდათ, ან ასეთი კომპანიები არ არსებობენ და ამ მიზეზით არ ხდება დეკლარაციაში ინფორმაციის შეტანა“, - ამბობს გიორგი კახიანი.
დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ადასტურებს, რომ დეპუტატებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი მას ჰქონდა, მაგრამ ამბობს, რომ ამავე ფულით ააშენა კომპანია, რომელიც ბიუჯეტში 50 მლნ ლარს იხდის. მისი თქმით, PSP-ს მსგავსი 200 კომპანია რომ იყოს ქვეყანაში, ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა საქართველო.
„ჩემს მიერ 25 წლის წინ დაარსებული კომპანია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 50 მლნ ლარს იხდის, რაც მთლიანი ბიუჯეტის 0,5% შეადგენს. უკვე 12 წელია რაც კომპანიის მართვის სადავეები სხვას გადავეცი და ამის შემდეგ დავიწყე აქტიური პოლიტიკური საქმიანობა.
ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიტიკოსები არიან ბიზნესის დამფუძნებლები და ბიზნესმენები მოდიან პოლიტიკაში. ნახეთ ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი? ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკელი მილიარდერია და დღეს ამერიკის პრეზიდენტია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი გრიგოლ მიქელაძე, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში მოხვდა, ამბობს, რომ ძნელია ახსოვდეს, კონკრეტულად რომელ ქონებებს ფლობს. მისი თქმით, 90-იანი წლებიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, აქვს როგორც საწარმოები, ასევე უძრავი ქონება.
„არ ვიცი, ორგანიზაციამ რა ნახა... როცა დეკლარაციას ნახულობენ და წერენ, საზოგადოებას აჩვენებენ, რომ რაღაც ქონებას ვფლობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ქონებას ვფლობ, რომელიც გაქირავებულია. იურისტებთან ერთად დეკლარაცია შევავსე და თუ რაიმე შეცდომაა დაშვებული, რაც არ მგონია იყოს, შეიძლება გასწორებული იყოს. უძრავი კაპიტალი პირადად ჩემზე ირიცხება, მას არ ვმართავ და თანხები შემოდის. ამ თანხებიდან ჩემს ირგვლივ ადამიანებს და ძალიან ბევრს დახმარება რომ სჭირდება, ვეხმარები“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით არადეკლარირებულ აქტივებს ფლობს უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. თავად ამბობს, რომ ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია აქვს, მაგრამ თუკი მართლა გაუჩნდება ქონება, უარს არ იტყვის.
„არსად არანაირი კერძო საკუთრება არ მიფიქსირდება, არ ვფლობ ავტომობილს, არ მაქვს არანაირი ანაბარი და დანაზოგი. ხანდახან შეიძლება ხელფასიდან გადადებული 5 000 ან 6 000 ლარი შემიგროვდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა გამაჩნია, არანაირ კომერციულ სტრუქტურაში წილი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რას ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაცია. თუკი რაიმეს იპოვიან და მართლა გამიჩნდება ქონება, უარზე არ ვარ“, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემამუკა მდინარაძე, რომელიც ინფორმაციას მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ ადასტურებს.
„არ მინდა ვინმეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა დავაბრალო. კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც კვლევას არ ენდობა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ლომია არის, რომლის განცხადებით, ის არადეკლარირებულ ქონებას არ ფლობს. რაც შეეხება კომპანია „ქლაბ ნიუ იორქთან“-ს ამბობს, რომ შეხება არ აქვს და ეს კომპანია აღარ არსებობს.
„ეს კომპანია აღარც მახსოვდა, რადგან 2008 წელს, როდესაც შეიქმნა პრინციპში არც უმუშავია და 2008 წლის შემდეგ საერთოდ კომპანია გაუქმებულია. როგორც მახსოვს კომპანია ლიკვიდირებული იყო. ამ კომპანიის დამალვა, რომელიც ცხრა წელიწადია არ მუშაობს არანაირი ბრუნვა და შემოსავალი არ შეიმჩნევა. ვფიქრობ, რომ არალოგიკურია.
„სპორტსმენთა ლიგა“, რომელიც ფუნქციონირებდა და მახსოვდა ის გადავაფორმეთ და ამას რატომ დავიტოვებდი?! კი ბატონო, ეს საკითხი კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე საერთოდ საქმიანობას არ ვეწევი, არც შემოსავალი მაქვს იმ კომპანიიდან და არაფერი, რასაკვირველია გავასწორებ“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.