ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

კონსტიტუციის მიღებამდე, ცალკე - უმრავლესობა, ცალკე - მთავრობის მეთაური ოპოზიციას მორიგ ჯერზე სთავაზობს, რომ როგორმე შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციას და მასთან ერთად პრეზიდენტს, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი - უარი ყოველგვარ კონსენსუსს!  ვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო შექმნილი ვითარება, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად დაპაუზებულია, ეს მიეთ-მოეთი კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის არაფრისმომცემი.

ეს არ არის არც ქართული პოლიტიკური სპექტრის ხელმძღვანელობით შემუშავებული დოკუმენტი - ცვლილებებს ვგულისხმობ, არ არის არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაკარნახევი; არ არის არც ბუკიკიოს კონსტიტუცია, რომელიც რატომღაც უზენაეს მსაჯულად მოგვევლინა ამ პროცესში და მითუმეტეს, არც ქართველი ხალხის კონსტიტუცია.

საკონსტიტუციო პროცესი ისევე, როგორც პოლიტიკური პროცესი, ქვეყანაში არის, გაყინული, გაჩერებული და ამას ბევრი წინაპირობა აქვს; ამიტომ რაც არ უნდა შემოგვთვაზოს ხელისუფლებამ, მთავრობამ, ან პრეზიდენტმა არანაირი ძალა ამ შემოთავაზებას არა აქვს.

პრეზიდენტს ექნებოდა საკონსტიტუციო პროცესის ხელმძღვანელობის მორალური უფლება, თუ ის ივანიშვილთან და მის გუნდთან გამიჯვნის შემდეგ გადადგებოდა თანამდებობიდან, ხელახლა იყრიდა კენჭს პრეზიდენტის პოსტზე და შემდეგ მოგვევლიებოდა პრეზიდეტად ხალხის ნებით - მაშინ მის სიტყვას ექნებოდა გადამწყვეტი ფასი.

ის იქნებოდა არა უპარტიო, როგორც ხაზს უსვამენ „ოცნების“ გუნდში, არა ზეპარტიული, როგორც ამას მიიჩნევს თავად მარგველაშვილი, არამედ ის იქნებოდა წონადი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნებოდა პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა და ყველაფერი დადგებოდა თავის ადგილას, მათ შორის - საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნების ინიციატივების ბედი.

აქაც იგივე პრობლემაა - საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული კანონმდებლობის და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის წყალობით ჩამოყალიბდა. თუ ჩვენ კანონს ვცემთ პატივს, მაშინ უნდა მივცეთ საკონსტიტუციო უმრავლესობას თავისი ლეგიტიმური ჩანაფიქრების რეალიზების საშუალება, არ უნდა მოვუწყოთ მას ობსტუქცია არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან და არც დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ობსტუქცია არ უნდა მოვაწყოთ იმიტომ, რომ დეფაქტო საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ლეგიტიმური, მაგრამ აქაც არის კითხვის ნიშნები იმიტომ, რომ უმრავლესობის უმეტესობა თავისთავად საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს თუ არა საქართველოს მოსახლეობისგან, ესეც შესამოწმებელია და პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის რეალური დისტანცირების შემდეგ  ესეც უნდა გადამოწმდეს;

აქ, ალბათ, ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა, რომელიც გახსნიდა პოლიტიკურ პროცესს და ყველა დაიკავებდა თავის ადგილს. როდესაც ასეთი რამ არ ხდება, რას ამბობს პრეზიდენტი და რას ამბობს მთავრობის თავმჯდომარე, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათ სიტყვას არ აქვს ის წონა და ფასი, რაც სხვა შემთხვევაში, ამ ინსტიტუტების ლეგიტიმურობის შემთხვევაში ექნებოდა;

მითუმეტეს, ძალიან ნაკლებად წონადია ოპოზიციის მოსაზრებები, თითქოსდა ყველა ერთად არიან, მაგრამ, რეალურად - აბსოლუტურად ცალ-ცალკე. ირმა ინაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთობა რომ უაღრესად პირობითია - ცხადია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თურმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაუძინებელი მტრები ყოფილან.

ის ორი ორბიტა, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია ივანიშვილის და სააკაშვილის, ორივე ფლანგზე დომინირებს და ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა გადანაწილებულია მათ შორის.

ახლა რომელი ოპოზიციის ერთიან პოზიციაზეა საუბარი? აქ გაწევ-გამოწევა მიდის იმის თაობაზე, რომ ისეთი კონსტიტუცია შევიმუშაოთ და ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომ მოვლენათა ნებისმიერი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში ხელისუფლებაში არ მოვიდნენ პრორუსულად მონათლული ძალები- ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ქვეტექსტი, რაც ამ პროცესს ახლავს.

მეორე - კონტექსტი, რაც იკითხება: ისე შემოიზღუდოს პოლიტიკური სპექტრი, რომ „ქართული ოცნების“  ალტერნატივა უთუოდ იყოს დასავლეთისთვის, ანუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთის მისაღები ძალა.

ეს უნდა იყოს „ერთიანი ნაციონალრი მოძრაობა“, ან უკიდურეს შემთხვევაში - „ევროპული საქართველო“, და არავითარ შემთხვევაში სხვა ძალები - ეს არის მთელი ამ პროცესის ამოცანა.

ეს კონტექსტები გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფრის უკან ჩანს თუ არა რაღაც კონკრეტული ძალა გარედან? იგივე დასავლეთის ინტერესში მთელი ამ პროცესის ჩაშლაა თუ  - მხარდაჭერა - ეს ყველაფერი ოპოზიციური ძალების და ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივაა თუ ქვედინებებში დასავლეთის ხელი აშკარად ჩანს? როდესაც პროცესი  წრეზე ტრიალებს და არც ერთი მიმართულებით არ ვითარდება, ბუნებრივია, ასეთი კითხვები ჩნდება...

- ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივა, ისევე, როგორც ამ ჭრელი ოპოზიციის „მცდელობა“, მიაღწიოს კონსენსუსს, არის უბრალოდ შირმა და ზედაპირული მიეთ-მოეთი, რომლის უკანაც დგას კონკრეტული სურვილი - ძალიან მნიშნელოვან სტრატეგიულ რეგიონში, რასაც საქართველო  წარმოადგენს, თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობების გაფუჭების ფონზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, საქართველოს როლი და ავტორიტეტი იზრდება.

დასავლეთს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი თავსატეხი აქვს, (ევროპას - ტერაქტების სახით, შეერთებულ შტატებს ტრამპის და ა.შ.) ერთიანია იმის აღიარებაში, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ფორპოსტია აღმოსავლეთში და აი უკვე მეორე მნიშვნელოვანი წვრთნები იმართება ამ დღეებში, ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით საქართველოში და ქვეყნის როლი და ავტორიტეტი კიდევ უფრო მაღლდება.

ასეთ პირობებში ქართულ დემოკრატიას უდავოდ ჭირდება განვითარება, მაგრამ ვერცერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ძალა და ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის და ვერ უზრუნველყოფს ამ დროის გამომწვევების შესრულებას.

ავიღოთ პროდასავლურები - ცდილობენ, თუთიყუშის როლი შეასრულონ კარგად, მიიღონ მეტი ფრიადი, მსუყე გრანტები და ა.შ.

აი, თუნდაც, ორიოდე დღის წინანდელი მაგალითი ავიღოთ, როდესაც მაკკეინის ფონდთან ერთად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი თავყრილობა გაიმართა - საერთოდ, სახელწოდებების მიხედვით რთულია წარმოიდგინო, მაკკეინის ორგანიზაციას რა შეიძლება ჰქონდეს საერთო რუსულ პროპაგანდასთან მიმართებაში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან, მაგრამ ეს ისეთი სამზარეულოა, რომელიც ისევ მათი გასარჩევია, ვინ - ვისთან და რა ღონისძიებებს გეგმავს. იქაც შეკრებილები იყვნენ ნაციონალი ანალიტიკოსები, რომლებიც ყველაფერზე კვერს უკრავენ ყველას, ამ დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირების კონტექსტში იხარჯება უამრავი ფული, მაგრამ არანაირიშედეგი არ არის.

ახლა მივიხედოთ გვერდით და ვნახოთ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც არის ჩიხში შესული, მაგრამ ამის აღიარება არავის არ უნდა. არც არის გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან, თუ არ გაიხსნა პოლიტიკური პროცესი; პოლიტიკური პროცესი საქართველოში ვერ გაიხსნება, თუ აქტორების და სუბიექტების რაოდენობა არ გასცდა ივანიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების არეალს; თუ არ შემოვიდნენ სხვა, ახალი მოთამაშეები, სხვა პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც თავისუფალნი იქნებიან ზედაპირული და ეკლექტურ-პოპულისტური განცხადებებისგან.

თუ პოლიტიკურ ველზე შემოვა სერიოზული ხალხი, სერიოზული საზოგადოება თანამედროვე ხედვებით და მიდგომებით, არათინეიჯერული ასაკის რომელსაც არა აქვს არანაირი გამოცდილება იმისთვის, რომ გლობალურ საკითხებზე საფუძვლიანად და ფუნდამენტურად იფიქრონ, თუ ასეთი ძალები არ გამოჩნდება არენაზე, მაშინ ყველა მხარე - ხელისუფლება, ჭრელი ოპოზიცია და პრეზიდენტი, რომელმაც, როგორც იქნა, გაბედა და თქვა, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა (აქამდე ზეპარტიულ მოღვაწედ წარმოგვიდგენდა თავს), როგორც იქნა გაბედა და დააფიქსირა თავისი პოზიცია, ვერ შეასრულებენ მათთვის სასურველ როლს.

ადრეც გვისაუბრია სცენარზე, სადაც პოლიტიკურ ცენტრად მარგველაშვილი და მისი აპარატი შეიძლება მოიაზრებოდეს, რომელიც არის ძალიან საინტერესო ადამიანებით დაკომპლექტებული.

დღესაც ვფიქრობ, რომ პროდასავლურ ფრთაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ ალტერნატიული სოლიდური ძალის ჩამოყალიბების ფუნქციას, პრეზიდენტის გუნდი შეასრულებდა, თუმცა ეს მის დღევანდელ სტატუსს არ შეესაბამება.

მისი ხისტი განცხადებებიდან გამომდინარე,შესაძლოა თავადაც ხედავს თავს პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელად, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, შთაბეჭდილება რჩება, რომ გარკვეული ძლები ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას. შეთქმულების თეორიასავით გამოდის, მაგრამ ზოგჯერ არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც თითქოს ვიღაც ცდილობს, ხელისუფლების უსუსურობა წარმოაჩინოს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საპროტესტო აქციებსაც აანონსებს და ა.შ... ასეთ ეჭვებს გამოთქვამენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, იგრძნობა, რომ რაღაც მსგავსი მართლაც შეიძლება ხდებოდეს?

- შეგვიძლია ვარაუდები, ვერსიები განვიხილოთ, ოღონდ რომელი სპეცსამსახური სად და რას გეგმავს, ამის გარკვევა ცოტა ძნელია.

გადავხედოთ, რაც ჩვენ გარშემო ხდება - ვნახეთ ნატოს ორი წვრთნა, ფაქტობრივად, ნატოს ეგიდით ჩატარებული, და ვნახეთ გასუსული რუსეთი, რომელიც ასეთ ფაქტებზე საერთოდ არ რეაგირებს. ასევე, ვნახეთ ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 100  წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობა ხანძრებისა და ფაქტია, რომ ამაზე ცხელი ზაფხულიც ბევრი ყოფილა.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: მთავარია, საქართველო სირიის გზით არ წავიდეს და იმედია არ წავა. ბუნებრივია, რომ გეოპლიტიკური კონიუნქტურის შეცვლიდან გამომდინარე, საქართველოში ბევრი ინტერესი იკვეთება, უფრო მეტი, ვიდრე იკვეთებოდა 7 წლის წინ სირიაში.

ეს ინტერსები მოდის, როგორც ჩრილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და უკვე  აღმოსავლეთიდანაც. რა თქმა უნდა, სერიოზული კატაკლიზმებია მოსალოდნელი. საშინაო და საგარეო ფრონტი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია და ყველას აქვს დასაყრდენი.

ქვეყანა, მოსახლეობის თვალსაზრისით, მრავალეროვნული, მრავალკონფესიურია და აქედან გამდინარე, ჩვენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ძალზე ფხიზლად უნდა ვიყოთ, რამდენადაც მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის პოლიტიკური სიმწიფე,  ვფიქრობ, არ არის საკმარისი - მათ საერთოდ დაკარგული აქვთ კავშირი ქართულ საზოგადოებასთან.

ანუ ინტერესებიც არის და დასაყრდენის მონახვაც შეიძლება, მაგრამ ამის მიუხედავად, ვითარების გამწვავებას არ მოველი, რადგან ვფიქრობ, რომ მათ შორის, ვისაც სურს ვითარების არევა კავკასიაში და კერძოდ საქართველში, იმდენი ძალა არ  არავის აქვს, რომ ეს შეძლოს.

ვგულისხმობ იგივე ჩვენი სამეზობლოს წამომადგენლებს - რუსეთს, თურქეთს, ირანს. მათ რეალურად არ უნდა აწყობდეთ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია.

დასავლეთს ხელს არ აძლევს ასეთი ვითარება - ანუ თუ ყველა მიმართულებით იმძლავრა ხედვამ, რომ როცა რაღაც ცუდად ლაგდება - ვითარება უნდა აირიოს; და მერე, ვინც დაალაგებს სიტუაციას, ის იქნება გამარჯვებული, ვითარების წარმმართველი.

ვითარების დესტაბილიზაცია დაშლის ქართულ სახელმწიფოს, ეს ფაქტია, მაგრამ არაფრად არ წაადგება არც რუსეთს, რადგან მისი სამხრეთის ფრთა ამ პროცესში შეიძლება მოირღვეს და არანაირი გარანტიები არ არსებობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არაერთგვაროვანი პროცესები არ განვითარდება და ისევ ბუმერანგივით არ დაუბრუნდება რუსეთს;

მით უმეტეს, ეროვნული პრობლემები აქვს ჩვენ მეზობელ და მეგობარ თურქეთს, ამიტომ არ მგონია, საბოლოო ჯამში დესტაბილიზაციის წაქეზების გზით წავიდნენ ჩვენი მეზობლები და ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული პატნიორები და ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი. ეს მაიმედებს;

თუმცა სიტუაციის არევის მოსურნე ბევრია, განსაკუთრებით  იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ინსტებლიშმენტი საქართველოში სუსტია და ფაქტობრივად, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეზულტატია, რომ ხდება პოლიტიკის დეპოლიტიზაცია.

მეტსაც გეტყვით - მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო კვირიკაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, არადა, ის უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური ლიდერია.

ფორმისა და შინაარსის ეს დიალექტიკური წინააღმდეგობა უეჭველად გამოიწვევს რაღაც ელჭექის მსგავსს, თუ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც რეალურად მართავს სიტუაციას, თუმცა ფიზიკურად, დისტანცირებულია, მაინც უნდა შემოაბრუნოს პოლიტიკური პროცესი გონივრულ ფარგლებში. უნდა მეცეთ საშუალება პარტიებს, გაძლიერდნენ და  წინა პლანზე წამოვიდნენ ინტელექტუალები და არა იოლად მართვადი მარიონეტები.