პრეზიდენტმა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შექმნა

პრეზიდენტმა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შექმნა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერც ერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლა, რადგან ეს ყოველთვის იყო მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებში. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, კობახიძე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან მისი არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანაა.

„ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე. ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან. ამჟამად არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის.

ეს პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა ეს პრობლემები, ეს გამოწვევები და ამიტომ ვცვლით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არაპირდაპირი არჩევის წესით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასე არ ფიქრობს პრეზიდენტი და ოპოზიცია. საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი, სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოება და უშიშროების საბჭო - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი და ოპოზიციური სპექტრის მიერ შედგენილი დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას.

საქართველოს პრეზიდენტსა და 20 პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსი შედგა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხაჰქვია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა - იმისთვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ.

„დოკუმენტი გადაეგზავნება „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას. იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე და თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია.

სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, გადახედოს თავის ძალიან უკომპრომისო პოზიციას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მოლოდინის მიუხედავად, მმართველი გუნდი პრეზიდენტის და ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივის გაზიარებას არ აპირებს.პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილისაკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას „სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივის სერიოზულად შეფასება უჭირს.

„სერიოზულად არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა, ნამდვილად იმიტომ, რომ რაღაც ახლებური განმარტებაა კონსესუსი, როდესაც უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც საზოგადოებამ და მოსახლეობამ აირჩია ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გამოეთიშოს პროცესს და ვიღაც სხვამ, სადღაც უნდა დაწეროს, ვისაც ამისთვის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია უნდა დაწეროს კონსტიტუცია.

გავიგეთ, რომ პრეზიდენტი პირველივე დღიდან, როცა არ ვიცოდით რა იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, ამ პროცესს ებრძოდა. გასაკვირი არაფერია, ამას თვეების განმავლობაში ვუყურებთ. ეს ბოლო სასოწარკვეთილ ნაბიჯადაც კი მეჩვენება და არ შემიძლია საერიოზულად შევაფასო“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ ყველაფერი სცადა კონსესუსის და შეთანხმების მიღწევისთვის და მოთხოვნების 90% გაითვალისწინა.

„ბოლო მომენტამდე მზად ვიყავით კიდევ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკება, მაგრამ ჩვენს მეტი მოლაპარაკება და შეთანხმება არ აწყობდა არავის - ძალით ვერავის ვერაფერზე დაითანხმებ“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მმართველი გუნდი ერთპარტიულად მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა შეიქმნება.„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ მომზადდა, შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის მარტო დარჩა საკუთარი კონსტიტუციური პროექტით, ხოლო ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება არის ერთიანი. ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ის ინტერესი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ნორმალურ დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.