ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. საქმის გამოძიებაში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ. როგორც ლონდონის მერიმა, სადიქ ხანმა აღნიშნა, მეტროპოლიტენის პოლიციამ დაადასტურა, რომ „პარსონს გრინის“ სადგურზე მატარებელში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო.
„ჩვენი ქალაქი კატეგორიულად გმობს იმ საშინელ ადამიანებს, რომლებიც ტერორს მიმართავენ, რათა ზიანი მოგვაყენონ და ჩვენი ცხოვრების წესი გაანადგურონ. ლონდონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ შეუშინდება ტერორს. მე მჭიდრო კავშირში ვიმყოფები მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ლონდონის სატრანსპორტო სამსახურთან, მთავრობასთან და სხვა სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და შემთხვევას იძიებენ. მოვუწოდებ ყველა ლონდონელს, შეინარჩუნონ სიმშვიდე“, - აცხადებს სადიქ ხანისი.
აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „პარსონს-გრინზე“ აფეთქებას წინ უსწრებდა ტერაქტი პარიზში. ცივი იარაღით შეიარაღებული უცნობი კაცი პარიზში სამხედრო მოსამსახურეს დაესხა თავს. გარდა ამისა, 13 სექტემბერს ქალაქ ტულუზაში გამვლელებსა და პოლიციელებს შეიარაღებული კაცი დაესხა თავს, რის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.
ასეთია ბოლო სამი დღის სტატისტიკა. ლონდონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად რჩება, რასაც ვერ ვიტყვით მეზობელ ქვეყნებზე. ამას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება. უწყება საკუთარ მოსახლეობას მსოფლიოში არსებული ტერორისტული საფრთხის შესახებ აფრთხილებს და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ურჩევს, რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებამდე, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის დახმარებით, კარგად გაეცნონ ინფორმაციას სასურველი ქვეყნის შესახებ და ჩაეწერონ სპეციალურ პროგრამაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტს მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ექნება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ,მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ისეთ ადგილებში მოხვედრისას როგორიცაა, დემონსტრაციები, სასტუმროები, სკოლები, პარკები, რელიგიური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია და აეროპორტი.იმ ქვეყნებს შორის, სადაცსახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით მოგზაურობა საშიშია, მოხვდნენ უკრაინა და თურქეთიც.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არის რეალისტური, რადგან, ამ განცხადებას უკვე მოჰყვა ტერაქტები პარიზსა და ლონდონში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველო არ არის მოწყვლად ქვეყნებს შორის, მისი თქმით, ეს არ გვაძლებს მოდუნების საშუალებას, ვინაიდან, მოწყვლად ქვეყნებს შორის აღმოჩნდნენ უკრაინა და თურქეთი.
თურქეთი, რომელიც მოსაზღვრე სახელმწიფოა და უკრაინა, რომელიც საზღვაო აკვატორიით გვესაზღვრება. მისი თქმით, საქართველოს საზღვაო აკვატორია არის დაუცველი, ეს არის ღია კარიპჭე. შესაბამისად, როგორც მაისაია ამბობს, მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ტერორისტებისთვის მოწყვლადი ქვეყანა გახდა, საქართველოს მომგებიან მდგომარეობაში არ აყენებს.
„თურქეთი გასაგებია, მაგრამ უკრაინა ტუილად არ გაჩნდებოდა ამ სიაში. როგორც ჩანს, ამერიკელები ინფორმირებული არიან იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ტერორიზმის ობიექტი. საუბარია ჯიჰადისტურ ტერორზე, რომელიც დაკავშირებულია ალქაიდასთან და ისლამურ სახალიფოსთან. როგორც ჩანს, უკრაინა გახდება სატრანზიტო დერეფანი. კერძოდ, სირიიდან და ერაყიდან გამოქცეული დაიშის წევრების თავშესაფარი გახდება.
დღეს უკრაინა საკმაოდ არასტაბილური სახელმწიფოა, რაც ხელსაყრელია ტერორისტებისთვის. არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ნაწილშიც გაიხსნა ფრონტის ხაზი. უკრაინა ვერ აკონტროლებს საზღვრებს. მორღვეულია საზღვრები და განსაკუთრებით დასავლეთის მიმართულება, რაც ერთ-ერთ დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს უკრაინისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე თვლის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არის კონიენქტურული. რადგან, ტერორიზმის საფრთხის მატარებელი არის ძველი ევროპის დედაქალაქები. მისი თქმით, კონიენქტურულია იმიტომაც, რომ ის, რაც დღეს უკრაინასა და თურქეთში ხდება, კერძოდ კი, ხელისუფლების ქმედებები მიუღებელია ვაშინგტონისთვის. აქიდან გამომდინარე, როგორც არეშიძე ამბობს, ეს გარკვეული გზავნილია როგორც კიევისთვის, ასევე ანკარისთვის.
„ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ იმითი, რაც ხდება თქვენს ქვეყანაში. მაგალითად, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტივობები გარანტირებულია დასავლეთის და პირველ რიგში ვაშინგტონის მხარდაჭერით. ვაშინგტონს აქვს მიზეზი უკმაყოფილო იყოს კიევის ხელისუფლებით. ვერაფრით ვერ მოახერხეს პოროშენკოს მიდგომების შეცვლა.
ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ეომება რუსეთს, ბიზნესი აქვს რუსეთის ტერიტირაზე. თანაც, მოსკოვი აბსოლუტურად გააზრებულად არ ზღუდავს ამ ქარხნის მუშაობას. პოროშენკო თავის ბიზნეს-ინტერესებს ამჯობინებს თავის ქვეყნის კეთილდღეობას. ვერ მოეშვა ოლიგარქებთან ჩახუტებას და ბიზნესს, რაც ამერიკელებს ძალიან არ მოსწონთ და შესაბამისად, იქცევიან კიდეც“, - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, გარკვეული მანდატი მისცეს სააკაშვილს და სხვადასხვა ტიპის გზავნილებს უგზავნიან კიევს, მათ შორის ეს გზავნილი, რომ ქვეყანაში იზრდება ტერორისტული საფრთხე.
„არაფერი განსაკუთრებული საფრთხე უკრაინაში არ არსებობს, მაგრამ ამ პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე, საჭირო იყო ეს გზავნილი. რაც შეეხება ანკარას, მოგეხსენებათ, რომ უაღრესად უკმაყოფილონი არიან ერდოღანის ქმედებებით და საერთოდ მიდგომებით. ასევე, ერდოღანის მიერ იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც თურქეთისთვის რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის C-400-ის გადაცემას გულისხმობს. ყველაფერმა ამან განაპირობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.