მიხეილ სააკაშვილი კიევში ქალაქის მფარველის, მიხეილ მთავარანგელოზის დღეს გაემგზავრება. სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქებში ტურნე ჩერნივციდან დაიწყო. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ პირი, რომელმაც სააკაშვილი პოლონეთის საზღვრიდან ლვოვში გადაიყვანა, გვარად ციბკო, ცნობილი მებრძოლია, რომელიც დონბასში რუსული ხაზის დასაცავად იბრძვის. ანალიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილის მოქმედება რუსულ სცენარში ჯდება.
ბრალდებას არ პასუხობს სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მისი უმთავრესი მიზანია უკარინა გაანთავისუფლოს ოლიგარქიული მმართველობისგან.
„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი - ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი. ჩვენ კიევში გადავაადგილდებით და იქ ვიქნებით. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე - გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 332-ე და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა. მიმდინარე გამოძიებას ახალი მუხლი დაემატა, საუბარია ხულიგნობის მუხლზე.
საგამოძიებო ჯგუფი ლვოვის პოლიციის ბაზაზე შეიქმნა და სამართალდამცველები თვითმხილველების და მონაწილეების დაკითხვას აწარმოებენ. ერთ-ერთი, ვინც 10 სექტემბერს საზღვრის დამრღვევებს შორის იყო, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკოა, რომლის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის ჩამორთმევა უნდა, რათა მიხეილ სააკაშვილთან ერთად საზღვრის გადაკვეთის გამო პასუხისგებაში მისცენ.
როგორც ტიმოშენკომ ტელეარხ „NewsOne“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მზად არის განცხადება დაწეროს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. მისივე განცხადებით, ინფორმაცია საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე არ შეესაბამება სიმართლეს, ხელისუფლება კი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობს.
„ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა გაანადგუროს ჩვენი გუნდი და პირადად მე. პრეზიდენტმა მოითხოვა პარლამენტში დაუყოვნებლივ შეიტანონ წარდგენა ჩემთვის დეპუტატის ხელშეუხლებლობის მოხსნის შესახებ. მან ასევე მოითხოვა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იმის გამო, რომ მე თითქოსდა არაკანონიერად გადავკვეთე უკრაინის საზღვარი. შესაბამისად, მას არ უნდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამიშვას“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ უკრაინის საზღვარზე მომხდარი იყო სპექტაკლი, რომლის ავტორებად უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. როგორც გოგავა for.ge-სთან საუბრისას ამბობს, სააკაშვილი მიზანი რეალური ოპოზიციისთვის ხმების წართმევაა.
„3 სექტემბრის გამოკითხვით, რომელიც მეტ-ნაკლებად რეალობასთან ახლოს დგას, სააკაშვილს 1,9% აქვს, სხვა გამოკითხვებიც მსგავს რეიტინგებს უწერენ, ყველაზე მაქსიმუმ - 2%-ს, გარდა ერთისა, რომელიც ძებნილის გვერდზე თავად გამოაქვეყნეს, იქ 15% დაიწერა. ფაქტიურად ჩაფლავდა სააკაშვილის პროექტი უკრაინაში და ამ ჩაფლავების ამოსაქაჩად დასჭირდათ ისეთი სპექტაკლის გათამაშება საზღვარზე, რომელიც დრამის დიდოსტატებს, შექსპირს და სამირა ფაზალსაც კი შეშურდებოდათ“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
მისივე თქმით, სააკაშვილი გარანტიების გარეშე რისკზე არ წავიდოდა. შესაბამისად, მისი დაკავება და მით უფრო დეპორტაცია, ნაკლებად სავარაუდოა. გოგავა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი დარჩება უკრაინაში და გააგრძელებს ოპოზიციური პარტიებისთვის ხმების წართმევას - საერთო ჯამში, პოროშენკოს სასარგებლოდ.
„დასანანია, რომ უკრაინული ოპოზიციის ლიდერები ვერ გაერკვნენ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც პოროშენკომ ოდესის გუბერნატორობიდან გადააყენა ბატონი სააკაშვილი, იქვე მოხდა შეთანხმება ამ ორ სუბიექტს შორის. კერძოდ, სააკაშვილს ეტვირთა მართული, პოროშენკოს ჯიბის ოპოზიციის როლი, რაზეც სააკაშვილი დათანხმდა და სწორედ ამის შემდეგ შეუდგა მძაფრ ოპოზიციურ საქმიანობას.
თუმცა, მისმა 6-თვიანმა მოღვაწეობამ ოპოზიციაში ვერ მოიტანა შედეგი და მისი რეიტინგი მხოლოდ 2%-მდე ავიდა, რამაც გააჩინა იმისსაჭიროება, რომ პოროშენკოს და სააკაშვილს მოეფიქრებინათ გეგმა, როგორ მიეღწია სააკაშვილს უფრო მეტი მხარდაჭერისთვის და სწორედ ამიტომ შექმნეს ეს სცენარი, რომელსაც ე.წ საზღვრის დარღვევის სცენარი შეიძლება ვუწოდოთ.
ეს სპექტაკლიდადგეს იმიტომ, რომ სააკაშვილის 2%-ანი რეიტინგი აიწიოს და კონკურენციაში ჩაუდგეს სხვა ოპოზიციურ ძალებს“, - ამბობს გოგავა.
საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააკაშვილი არჩევნების ბოლომდე ითამაშებს ოპოზიციონერის როლს, ხოლო უკვე პარლამენტში, როდესაც მმართველი კოალიციის შექმნაზე იქნება საუბარი, გაურიგდება იმ ძალებს, რომელსაც პოროშენკო შეკრებს.
„უკრაინაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ დღეს უმრავლესობას არჩევნებში ვერცერთი პარტია ვერ მოიგებს. მომავალ პარლამენტში ამდენი ძალისგან მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება გარდაუვალია. სწორედ ამ მმართველი კოალიცის კონტურებზე მიდის მუშაობა და ეს სპექტაკლიც ამიტომ წარმოგვიდგინეს. ვინც სააკაშვილს იცნობს, ყველამ იცის მისი „ვაჟკაცობის“ ამბავი. მყარი გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, ასეთ ნაბიჯზე არ წავიდოდა. ამიტომ არც დეპორტაცია მოხდება და არც დაკავება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
რაც შეეხება სააკაშვილის მოქმედებას, როგორც რუსული სცენარის ერთ-ერთი გზა, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი შფოთი, დესტაბილიზაცია როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, მაამებელია მხოლოდ კრემლისთვის. მისი თქმით, ამ ვითარებაში უკრაინის ხელისუფლებისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალია სიდინჯე, რათა ქვეყანაში არ დაიწყოს უმართავი პროცესები.
„რაც შეეხება ბატონი მიხეილის მიზნებს და ჩანაფიქრებს, რასაკვირველია, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ სადაც სააკაშვილია, იქ სიმშვიდე ძნელად თუ მოიაზრება. ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესოა, საითკენ გაიწევს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რადგან უკრაინა და საქართველო არ არის მისი სიმშვიდის თავშესაფარი.
ნუ გავიკვირვებთ, რომ ეს ადამიანი მოხვდეს ლიტვაში, უნგრეთში, ან ჰოლანდიაში. მას აქვს საკმარისი უნარი, რომ მისი პოლიტიკა აღიწეროს ტერმინით „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“. რაც დრო გადის, მეტ-ნაკლებად სიმშვიდე ისადგურებს უკრაინაში, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, რადგან, ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას ბევრად უფრო დეტალურად აქვს შესწავლილი სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი და რასაკვირველია, საზოგადოების გახლეჩვა დიდი ალბათობით არც თუ შორეული მომავლის საფუძველია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ პროცესში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტრიალებს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რასაც სააკაშვილი ახლა უკრაინაში ახორციელებს, რუსული სცენარის ნაწილია.
„იცით, არის ამაში ლოგიკა. დავსვათ კითხვა - ვის აწყობს ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება? პასუხი მარტივია - რუსეთს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეს პროცესი აწყობს რუსეთს. თუ შიდა დაპირისპირებები გაიზარდა უკრაინაში, მაშინ, დონბასში ყურადღება შესუსტდება და გადაერთვება უკრაინაში შიდა პრობლემების მოგვარებაზე. ამდენად, იკითხება ამაში რუსეთის ინტერსები“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, მარტო ინტერესების დამთხვევით ბრალდების წაყენება ძნელია, რადგან, ამისთვის უნდა არსებობდეს უფრო მკაფიო არგუმენტები.
„ასეთ არგუმენტად შეიძლება განვიხილოთ უკარინულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია. კერძოდ, საზღვრის გადმოლახვის დროს სააკაშვილის მხარდამჭერთა რიგებში დააფიქსირეს ადამიანი, მებრძოლი, რომელიც დონბასის ბრძოლებში ღებულობს მონაწილეობას და ცნობილია თავისი პრორუსული განწყობილებებით. დონბასში იბრძვის რუსული ხაზის დასაცავად, ეს გახლვათ ვინმე ციბკო. აი ეს რუსული ხაზის მებრძოლი კაცი, ამავე დროს აღმოჩნდა სააკაშვილის საზღვარზე გადაყვანის მსურველითა შორის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.